„დე, კიდევ ერთი თამაში მოვიგე ჩემპიონთა ლიგაზე“ _ დაწერა გიორგი ჩხაიძემ, რომლის გუნდმა გუშინ საღამოს მთელი საქართველო გაახარა: „ლანჩხუთმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ჩრდილოეთ ირლანდიის „კლიფტონვილი“ გათამაშებას გამოთიშა.
გურულთა თავკაცს დედა რამდენიმე თვის წინ გარდაეცვალა და ყველაზე დიდ გულშემატკივარს მიუძღვნა გუშინდელი გამარჯვება.
ვინც გიორგის ახლოს იცნობს, იცის, როგორი პოზიტიური და გულიანია, ამავე დროს, ძალიან ემოციური და განიცდის. ძნელი მისახვედრი არაა, როგორ მძიმედ გადაიტანა მოსიყვარულე შვილმა ეს მწუხარება.
„ჩემო ლამაზო დედიკო, მადლობა ყველაფრისთვის, დარჩენილი ცხოვრება შავ-თეთრი გახდა“ _ დაწერა მაშინ „ლანჩხუთის“ წარმატების მთავარმა შემოქმედმა და ამ სიტყვებით ყველაფერია ნათქვამი.

სქრინშოტი „გურია თუდეის“ ფეისბუქ-გვერდიდან | 22 მარტი, 2025 წ.
უნდა გენახათ, როგორ დაადუმა და ხმამაღლა ააქვითინა გიორგის გულიდან წამოსულმა და სულის შემძვრელმა სიტყვებმა ასეულობით ადამიანი სასაფლაოზე, როცა ისინი მთელი ქალაქის უსაყვარლეს ქალბატონს ემშვიდობებოდნენ…
ახლა კი საოცარი ამბავი უნდა მოგიყვეთ, რაც მის ადამიანობასა და პროფესიონალიზმზე, მზრუნველი დედისა და შვილივით ნალოლიავები გუნდის სიყვარულზე მეტყველებს: გიორგის დედა 21 მარტს დაეღუპა, 24-ში „ლანჩხუთს“ თამაში ჰქონდა. რა თქმა უნდა, გუნდი მოედანზე თანაშეწემ გაიყვანა და არავინ რომ არ ელოდა, მთავარი მწვრთნელი თამაშზე მაინც მივიდა. ღიად არ გამოჩენილა, ალაგ-ალაგ რამდენიმე დარიგებით შემოიფარგლა, მაგრამ იქ იყო, ვერ მიატოვა…
იმიტომ, რომ იცოდა, დედას სხვანაირად არ მოეწონებოდა _ მან ხომ გულიანი, გვერდში მდგომი შვილი გაზარდა…
თამაშის დასრულებიდან ერთ საათში უკვე დედის პანაშვიდზე იდგა და სამძიმარს იღებდა…
„დე, კიდევ ერთი თამაში მოვიგე ჩემპიონთა ლიგაზე“ _ ამას კიდევ ბევრჯერ დაწერს გიორგი ჩხაიძე, თუნდაც იმიტომ, რომ დედას ძალიან გაუხარდებოდა, იმ თამაშზე მისი შვილი „იქ რომ იდგა“…
მამუკა ქანთარია


