დავით ჩხაიძე: „ეს არის ჩემი საარჩევნო პროგრამა, სადაც არ იქნება შეუსრულებელი და „ტრადიციულ-ტრაფარეტული“ დაპირებები“ (R)

|

Loading

დავით ჩხაიძე

დავით ჩხაიძე – მერობის  კანდიდატი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

დაიბადა 1962 წლის 27 ივლისს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში.

განათლება – უმაღლესი, პროფესიით – ეკონომისტი.

ფაზისის საერო-სამეცნიერო საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის პოლკოვნიკი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი.

დაჯილდოებულია მედლებით: „ფიცის ერთგულებისთვის“, „მხედრული მამაცობისთვის“, „საბრძოლო დამსახურებისთვის“.

მუშაობდა სამოქალაქო და სამხედრო სხვადასხვა საპასუხისმგებლო  თანამდებობებზე.

ჰყავს მეუღლე, ორი შვილი, ექვსი შვილიშვილი.

„კაცი შუბივით სწორი უნდა იყო და არა ღრიანკალივით დაღვარჭლული“

/კონსტანტინე გამსახურდია/

მოგესალმებით, ძვირფასო ლანჩხუთელებო!

სიყვარულით, მიტევებით, პატივისცემით, ხელი-ხელ ჩაკიდებულებმა გაერთიანებული ძალებით ვაშენოთ ჩვენი სამშობლოს – საქართველოს მომავალი!

საქართველო უპირველეს ყოვლისა!

მოგმართავთ როგორც საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი, დღეს უკვე მერობის კანდიდატი.

მაქვს სამართლებრივი ამბიცია შესანიშნავ გუნდთან, თანამოაზრეებთან, თანამებრძოლებთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით, თანადგომით და პასუხისმგებლობით წვლილი შევიტანო კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენის პროცესში.

სადაც სამართლიანობაა – იქ ნამდვილი მშვიდობა და სტაბილურობაა, განვითარება, სოციალური თანასწორობა, აღმშენებლობა და კეთილდღეობა თითოეული ოჯახისათვის, თითოეული თქვენთაგანისათვის.

სადაც სამართლიანობაა – იქ ოლიგარქიის, კორუფციის და ნეპოტიზმის ადგილი არ არის.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განათლების, სპორტის, კულტურის, აგროტურიზმის სფეროებს და მათში დასაქმებულ ადამიანებს“

როგორც ეროვნული მოძრაობის აღმავლობის წლებში, ლანჩხუთი უნდა გახდეს ეროვნული ცნობიერების ქალაქი, სადაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის – ნოე ჟორდანიას, პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას და მისი სულიერი ძმის, ეროვნული გმირის – მერაბ კოსტავას ღვაწლი და დამსახურება სამშობლოს წინაშე სათანადოდ იქნება დაფასებული.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განათლების, სპორტის, კულტურის, აგრო ტურიზმის სფეროებს და მათში დასაქმებულ ადამიანებს.

სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს ექნებათ ყველა პირობა მაქსიმალურად წარმოაჩინონ საკუთარი  შესაძლებლობები.

უპირველესი პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდების წარმოჩენა, დასაქმება, მათი ჩართულობა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობებში, ყველა მათგანს მიეცემა ფართო ასპარეზი.

ქალაქის და სოფლების კეთილმოწყობა იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

ხელშეწყობა ექნება სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგების აღდგენა-განვითარებას, მიკრო და საშუალო ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებს ექნებათ მაქსიმალური თანადგომა.

ინფრასტრუქტურის პროექტები ინდივიდუალურად შეირჩევა პროფესიონალი სპეციალისტების მიერ. ტენდერები ჩატარდება ყოველგვარი „ჩაწყობების“ გარეშე. შესრულებული სამუშაოები მკაცრ კონტროლს დაექვემდებარება, რაშიც აქტიურად იქნება მოსახლეობის ჩართულობა. ამის საფუძველზე შესაძლებელი გახდება თანხების მიზნობრივი განკარგვა ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რაც დადებითად აისახება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიურ კეთილდღეობაზე.

სოციალურად დაუცველ ადამიანებზე, ავადმყოფებზე, განსაკუთრებული საჭიროების მქონე (შშმ) პირებზე, პენსიონერებზე ერთჯერადი დახმარება გაიცემა მიზნობრივად, ყოველგვარი „რეკომენდაციების“ გარეშე.

ღვაწლმოსილი ადამიანები, რომლებმაც თავიანთი პროფესიონალიზმითა და პატრიოტიზმით უდიდესი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის, მათ შორის ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებაში, ღირსეულად იქნებიან დაფასებულები. გარდაცვლილთა ხსოვნას სათანადო პატივს მივაგებთ.

სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლ ძალოვანი სტრუქტურების ყველა ვეტერანს, მოხალისეს, ომის დროს ბრძოლის ველზე დაღუპულ გმირების ოჯახებს, ასევე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილთა ოჯახებს ექნებათ სათანადო ყურადღება და დაფასება.

ძველი თაობის ლანჩხუთელებისთვის „სავიზიტო ბარათი~ – საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთის გურია“, ფენიქსივით უნდა აღდგეს და დაიბრუნოს ძველი დიდება, როგორც ეს ბატონი ევგრაფ შევარდნაძის დროს იყო.

ლანჩხუთის ახალი თაობის „სავიზიტო ბარათს” – ქალთა საფეხბურთო გუნდს, ფიზიკურად და სულიერად ლამაზ გოგონებს, მათ აღმზრდელებს, მწვრთნელებს, მთლიან ადმინისტრაციას, რომლებმაც გვასახელეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, ვპირდები: მუდამ თქვენს გვერდში ვიქნები როგორც ფინანსური, ასევე მორალური კუთხით. მაქსიმალური მხარდაჭერა გექნებათ მერიიდან და პირადად ჩემგან – როგორც თქვენი ერთგული გულშემატკივარი.

მიუხედავად განსხვავებული პარტიული შეხედულებებისა, ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი იქნება პროფესიონალიზმი, პატიოსნება, სამშობლოს უანგაროდ მსახურება და საქმისადმი სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება.

მერიასა და მის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს და ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომლებს ვპირდები: თავისუფლები იქნებიან „პარტიული~ დავალებებისაგან, მათი არჩევანი გარანტირებულად დაცული იქნება ყოველგვარი ზეწოლისაგან.

ეს ჩემი, როგორც რიგითი ლანჩხუთელის, ხედვები და აღქმებია, თუ როგორ ვხედავ ლანჩხუთის მომავალს. ეს არის ჩემი ძირითადი პოლიტიკური საარჩევნო პროგრამა, სადაც არ იქნება „ტრადიციულ-ტრაფარეტული“ დაპირებები. არ გავცემ ისეთ დაპირებას, რომელიც შეუსრულებელია.

პატივისცემით და სიყვარულით, დავით ჩხაიძე

რას ჩივი?