ლანჩხუთში მცხოვრებნი თებერვლის სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა, მათ შორისაა ცნობილი ჟურნალისტი ლალი მოროშკინა _ მან წლების წინ სოფელ სუფსაში საკარმიდამო შეიძინა და წელიწადის გარკვეულ დროს ზღვისპირეთში ატარებს. აქტიურად გამოჩნდა გრიგოლეთში თევზის ფესტივალის პიარში, რომელიც უკვე ორჯერ ჩატარდა. სტიქიამ ჟურნალისტს სახლის სახურავი დაუზიანა. დაგვიანებული დახმარების გამო მან სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა და პრობლემის შესახებ დაწერა.
მიუხედავად იმისა, რომ მოროშკინა ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერია, ის უკმაყოფილოა სტიქიით დაზარალებულებისთვის დახმარების დაგვიანებით და ვისაც საკითხის მოგვარება ევალება, ურჩევს _ გურულების მოთმინებით ნუ ისარგებლებენ.
ამასთან, ჟურნალისტს იმედი აქვს, რომ საქმეს ინფრასტრუქტურის მინისტრისა და გურიის გუბერნატორის შეცვლაც უნდა წაადგეს და დაზარალებულ მოსახლეობას სახლების გადახურვაში მაინც დაეხმარებიან.

„როცა სტიქიამ სუფსის ძველი, „ელპიტე ბებიისეული“ სახლი დამინგრია, სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი.
მერე გონს მოვუხმე, მეზობელს შევთავაზე: იაფად, ჩემი საკარმიდამო მამული შეეძინა, მე კი მხოლოდ სახლის ნანგრევით და გზისპირა ბაღით დავკმაყოფილდებოდი და მოლაპარაკება შედგა!
მართალია, დღესაც დიდი იმედი მაქვს, რომ ზარალი აგვინაზღაურდება და სახურავების გადახურვა მაინც დაფინანსდება… უნდა ითქვას, რომ შეიცვალა ინფრასტრუქტურის მინისტრი, შეიცვლა გუბერნატორი… გურულები ხომ განთქმულები არიან თმენის, იუმორის და გამძლეობის უნარით…
P.S. ნუ გადაღუნავთ, ყველა ვერ გაყიდდა საძოვრებს და ბოლო მამა-მარჩენალ პირუტყვს“ _ დაწერა ლალი მოროშკინამ სოციალურ ქსელში.


