გურიის სამივე მუნიციპალიტეტის მერმა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობასთან შეფარდებით კახი კალაძის მიერ თბილისში ნაჩვენებ პროცენტულ მაჩვენებელს 2-ჯერ აჯობა

|

Loading

მარცხნიდან: პაატა კუნჭულია, ალექსანდრე სარიშვილი და მინდია ჟღერია

მართალია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მაღალი შედეგები აჩვენეს, მაგრამ თუ ამ მაჩვენებლებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობასთან შევადარებთ, მაშინ განსხვავებულ სურათს ვიღებთ. ანუ რაც უფრო დაბალია აქტივობა, უფრო მეტად იკლებს მიღებული შედეგი. გურული მერების კარგი შედეგი რეგიონში აქტივობის მაღალი მაჩვენებლის დამსახურებაა.

მაგალითად, თბილისის მერმა, კახი კალაძემ არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 71%-ზე მეტი მიიღო, რაც ძალიან მაღალი ლეგიტიმაციაა. თუმცა თუ იმას ჩავთვლით, რომ მან 214 575 ხმა მიიღო, ხოლო დედაქალაქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 1 043 482-ია, გამოდის, რომ ზედიზედ მესამედ არჩეულ მერს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 20,56%-მა, ანუ ხმის უფლების მქონე ყოველმა მეხუთე თბილისელმა გამოუცხადა ნდობა.

უკეთესი მაჩვენებელი აქვს ბათუმის მერს გიორგი ცინცაძეს _ მას მისული ამომრჩევლის 80,64%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მიღებული 42 876 ხმა ამომრჩეველთა სართო რაოდენობასთან (157 439) შეფარდებით 27,23%-ია, ანუ ყოველ მეოთხე ბათუმელზე მეტი მხარდაჭერა მიიღო.

საერთო ამომრჩეველთან შეფარდებით მიღებული ხმებით, გურიის სამივე მუნიციპალიტეტის პირველ პირს გაცილებით უკეთესი შედეგი აქვს. ლანჩხუთის მერს, ალექსანდრე სარიშვილს მოსული ამომრჩევლის 88%-ზე მეტმა გამოუცხადა ნდობა. მან 10 805 ხმა მიიღო, ხოლო ლანჩხუთში 27 095 ამომრჩეველია, ანუ საერთო რაოდენობის 39,88%-ის მისი მხარდაჭერია.

უკეთესი მაჩვენებელი აქვს ოზურგეთის ახალარჩეულ მერს, პაატა კუნჭულიას _ მან 24 559 ხმა მიიღო, რაც მისულ ამომრჩეველთან შედარებით 92,74%-ია, ხოლო საერთო რაოდენობასთან შედარებით – 42,40%.

გურიაში და შესაძლოა, ქვეყნის მასშტაბითაც ჩოხატაურის ახალარჩეული მერი მინდია ჟღერია ლიდერობს _ მას ნდობა მისული ამომრჩევლის 90,68%-მა გამოუცხადა, 8274 ხმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობასთან (17 338) შეფარდებით 47,72%-ია, ანუ მან დიდი მხარდაჭერა არათუ მოსული ამომრჩევლისგან მიიღო, არამედ ხმის უფლების მქონე თითქმის ყოველმა მეორე ჩოხატაურელმა მისცა ხმა.

რას ჩივი?