გურიაში მომხდარი მკვლელობა, შესაძლოა, კომპიუტერულ თამაშს უკავშირდებოდეს _ რა მოხდა ერთ-ერთ სოფელში და რას ამბობს ბრალდებულის მამა?

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | გურიის პოლიციის შენობა, ლეპტოპისა და სისხლიანი დანის პირობითი ფოტოები

გურიის პოლიციის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2002 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავეს. გამოძიების ცნობით, 23 წლის ახალგაზრდამ მეზობელს სასიკვდილო დაზიანებები დანით მიაყენა. არსებული ინფორმაციით, ამის შემდეგ მკვლელობაში ბრალდებული ტყეში გაიქცა და ვენები გადაიჭრა. სამართალდამცველებმა იგი, ცხელ კვალზე, თვითდაზიანებებით დააკავეს.

„ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ბრალდებულმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეზობლად მცხოვრებ – 1968 წელს დაბადებულ გ.მ.-ს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“ _ აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

„ტვ-პირველის“ ცნობით, 23 წლის ახალგაზრდამ მეზობელი, სავარაუდოდ, კომპიუტერული თამაშის დროს უცნობი პირისგან მიღებული დავალებით მოკლა. დაკავებულის მამა ტელეკომპანიის ჟურნალისტთან ინტერვიუში ამბობს, რომ მეზობლის მკვლელობის შემდეგ მისი შვილი გაიქცა და ტყეში პოლიციამ თვითდაზიანებებით იპოვა.  მისივე თქმით, კრიმინალურმა პოლიციამ მათი საცხოვრებელი სახლიდან დაკავებულის კომპიუტერი და მობილური ტელეფონი ამოიღო, გამოკითხვის დროს კი, გამომძიებლებს კითხვები სწორედ კომპიუტერულ თამაშებზე ჰქონდათ.

ერთ-ერთი ვერსიით, დავალების გამცემმა 23 წლის ახალგაზრდას მეზობლის მოკვლა ან თვითდაზიანებების მიყენება დაავალა.

„ადგილობრივები დარწმუნებულები არიან, რომ მკვლელობა ონლაინ-თამაშის დავალების შედეგია და პოლიცია ახლა სწორედ იმ პირის იდენტიფიცირებას ცდილობს, რომელმაც 23 წლის გ. ჩ.-ს სავარაუდო დავალება მისცა. მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდა მეზობლებთან არასდროს ურთიერთობდა და მუდმივად ციფრულ სამყაროში იყო ჩართული“ _ აღნიშნავს „ტვ-პირველი“.

ამ მძიმე თემაზე წერს „ტვ-გურიაც“. გამოცემა სოფელში გავრცელებულ ინფორმაციას ავრცელებვს, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულმა მამაკაცს სახლში მიაკითხა, მაშინ როცა ოჯახი სადილობის პროცესში იყო და ყოველგვარი კონფლიქტური წინაპირობის გარეშე, დანით კისრის არეში ჭრილობა მიაყენა.

„მოკლულ მამაკაცს უკონფლიქტო, წესიერ და მშვიდ ადამიანად ახასიათებენ, რომელსაც პრობლემები არცერთ მეზობელთან არ ჰქონია. რაც შეეხება ბრალდებულს, გავრცელებული ინფორმაციით, ის ცხოვრების ჩაკეტილი წესით ხასიათდებოდა. ძირითადად, კომპიუტერული თამაშებით იყო დაკავებული და როგორც ამბობენ, მეზობლის მოკვლის დავალებაც აღნიშნული კომპიუტერული თამაშისგან მიიღო. საუბრობენ იმაზეც, რომ ბრალდებულს დავალებული ჰქონდა, ოჯახის რომელიმე წევრის მკვლელობაც“ _ წერს გამოცემა.