ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო „გურიამ“, რომელიც მეორე წრეში არ ჰგავს იმ გუნდს, რომელმაც გათამაშების პირველ ეტაპზე წაუგებელი და გოლგაუშვებელი სერიები გამოაცხო.
ბოლო 7 შეხვედრაში 3 წაგება (მანამდე 14-ში მხოლოდ 1-ხელ დამარცხდა!) მეტისმეტად ბევრია და მხოლოდ 2 მოგება (აქედან ერთი _ უკვე ქვედა ლიგაში გავარდნილ „მაჭახელასთან“) ძალიან ცოტაა, თუ გუნდს ზედა ლიგაში დაწინაურება სურს. გოლებსაც ბევრს უშვებს გუნდი _ იგივე ბოლო 7 შეხვედრაში მეტოქეებმა 11-ჯერ დალაშქრეს გურულების კარი, როცა იქამდე 14 ტურში ეს მხოლოდ 9-ჯერ მოახერხეს.
თუ წინა ტურში, „გურიამ“ თანალიდერ „იბერია 2010“-თან წააგო, ამჯერად ქულა ვერ წამოიღო წყალტუბოდან _ გავარდნის ზონაში მყოფმა „სამგურალი-2“-მა გურულები ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანის წყალობით 1:0 დაამარცხეს.
მომდევნო ტურში გურულები ცოტათი ამოისუნთქავენ _ აუტსაიდერთა შორის მყოფ ვანის „სულორს“ უმასპინძლებენ, შემდეგი საშინაო შეხვედრაც გავარდნის ზონაში მყოფ აბაშის „ზანასთან“ იქნება. აი, 2 გასვლითი შეხვედრა ისეთია, დიდ როლს რომ ითამაშებს საბოლოო სამეულის ჩამოყალიბებაში: „გურია“ ორ კონკურენტს ეწვევა _ მარნეულის „ალგეთსა“ და წალენჯიხის „სქურს“.

„გურია“ ბურთებითაც წინაა და ურთიერთშეხვედრაც 3:0 მოუგო „ალგეთს“, მაგრამ სფფ-ის საიტზე, მესამეზე მარნეულელები წერია
დღეს ქულები სხვა ფავორიტებმაც დაკარგეს _ „სქური“ 4:1 უგებდა გასავრდნ ზომაში მყოფ „ზესტაფონს“, მაგრამ 6 წუთში 3 გოლი გაუშვა და 4:4-ს დასჯერდა, ზემონახსენებ „ზანას“ ვერ მოუგო ხაშურის „ივერიამ“ (0:0). მხოლოდ „ალგეთმა“ გაიმარჯვა (2:0 – „კოლხეთი-2“-თან) და შედეგად, მიმდინარე ცხრილში „გურიამ“ მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა გაუგებარია, რატომ მიანიჭა უფრო ზემოთ ადგილი სფფ-მ მარნეულელებს, როცა თანაბარია სხვა ყველაფერი, ბურთების სხვაობითა და ურთიერთშეხვედრებით კი გურულების (3:0 ლანჩხუთში) უპირატესობაა.
უკვე მეორე კონკურენტი შეუჩერა „მერცხალმა“ თანაკუთხელს _ ამჯერად ოზურგეთიდან „იბერია 2010“ წავიდა მხოლოდ ქულით. გურულებმა გათანაბრება ბოლო წუთებში მოახერხეს _ თავი გიორგი კაშიამ გამოიჩინა.


