გოლი, რომელსაც ნებისმიერი ევროპული ტოპ-ლიგა შეირგებ-შეიფერებდა! „გურიამ“ ერთ „მერანს“ თბილისში მოუგო, მეორეს _ ქობულეთში შეხვდება…

|

Loading

დათა სიჭინავამ ანგარიში გახსნა | ფოტო: „გურიის ფეხბურთი“

ეს ერთი და სხვა მრავალი… კომპლიმენტები ისმოდა თბილისში, ნახალოვკაში მდებარე „შრომითი რეზერვების“ სტადიონზე  თბილისის „მერანისა“ და  „გურიას“ ამხანაგური მატჩის დამთავრებისას – გურული ქომაგები აშკარად ნასიამოვნები იყვნენ.

ახალი სეზონისთვს სამზადისში მყოფმა „გურიამ“ პირველი მოგება მეორე საკონტროლო მატჩშივე იზეიმა.

მოგებაც არის და მოგებაც, მაგრამ ლანჩხუთელებმა ანგარიში ისეთი გოლით გახსნეს, ნებისმიერი ევროპული ტოპ ლიგა შეირგებ-შეიფერებდა.

რამდენიმე ეპიზოდის გარდა, თამაში ლანჩხუთელთა დომინირებით წარიმართა. 34-ე წუთზე, დათა სიჭინავას მიერ ოსტატურად შესრულებული ჯარიმითა და რჩეული გოლით, ლანჩხუთელებმა ანგარიში გახსნეს, 1:0.

გურულებმა ეს არ იკმარეს და შესვენებამდე სხვაობა გაორმაგეს. გოლიდან 10 წუთიც არ იყო გასული, როცა  სიჭინავამ უკვე ასისტენტის როლი მოირგო. მის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი დავით მაისაშვილმა თავით თბილისელთა კარის ბადეში გადაგზავნა,2:0.

გოჩა ტყებუჩავას ხელმძღვანელობით „გურიას“ პირველი შეკრება დასრულდა | ფოტო: „გურიის ფეხბურთი“

შესვენებაზე ორივე გუნდის მწვრთნელებმა შეცვლებს მიმართეს და შემადგენლობები გადაახალისეს.

62-ე წუთზე, თბილისელთაგან ლუკა შანიძემ სხვაობა მინიმუმამდე კი შეამცირა, მაგრამ 81-ე წუთზე სანდრო ხუნდაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა _ მისმა გუნდმა 3:1 მოიგო.

საგულისხმოა ის, რომ „გურიას“ ამ შეხვედრაში 4 გამორჩეული მოთამაშე აკლდა. ლაჩხუთელთა გუნდის თავკაცმა გოჩა ტყებუჩავამ ლევან კაკუბავა, თეიმურაზ შარაშენიძე, ნიკა ნოზაძე და დავით კიკლიშვილი დაასვენა.

„გურია“ 16 თებერვლიდან მოსამზადებელ შეკრებას ქობულეთში გააგრძელებს, სადაც მორიგ ამხანაგურ შეხვედრას, 18 თებერვალს უკვე მარტვილის „მერანთან“ გამართავს.

14.02.2026 | თბილისი,  „შრომითი რეზერვები“ | მერანი (თბ.) 1:3 გურია [ამახანაგური მატჩი]

0:1 სიჭინავა (34),  0:2 მაისაშვილი (43), 1:2 შანიძე (62), 1:3 ხუნდაძე (81)

გურია: ისიანი, მელიავა, კოკაია, მაისაშვილი, იაშვილი, გამბარვი, ჩოთალიშვილი, ჩაგანავა, კახაბრიშვილი, სიჭინავა, კაპანაძე. მეორე ტაიმში შევიდნენ: ლომიძე, ახვლედიანი, ხოროიშვილი, ტაბატაძე, ოქროპირიძე, წილოსანი, შარვაძე, ქოქოსაძე, ხუნდაძე.

რას ჩივი?