„გურია თუდეის“ ყველა ინფორმაცია, რომლის შესახებ დღეს ლანჩხუთის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომამდე ვწერდით, 100%-ით დადასტურდა. ზედიზედ მესამედ და კიდევ 4 წელი უხელმძღვანელებს მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანოს ბესიკ ტაბიძე. იგი 2014 წლის მოწვევის საკრებულოში ჯერ კომისიის თავმჯდომარე, ბოლოს კი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. 2017-21 წლებში თავად აირჩიეს ლანჩხუთის მთავარ კანონმდებლად.
მისი მოადგილეები იქნებიან _ ვერიკო კვირკველია, გიორგი ჩახვაძე და მაია ლომთაძე. ეს უკანასკნელია ერთადერთი ახალი სახე არა მხოლოდ საკრებულოს მთავარ „პრეზიდიუმშია“, არამედ 10 მაღალი თანამდებობიდანაც დანარჩენმა ცხრამ პოსტი შეინარჩუნა. მეათე მისი მეუღლე ემზარ თევდორაძეა, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოში თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო.

ლანჩხუთის საკრებულოს მთავარ „პრეზიდიუმში“ სამი წევრი (ბესიკ ტაბიძე, გიორგი ჩახვაძე, ვერიკო კვირკველია _ ფოტოზე მარჯვენა სამეული) უცვლელია, მხოლოდ ემზარ თევდორაძის ადგილი (ფოტოზე მარცხნიდან პირველი) მისმა მეუღლემ, მაია ლომთაძემ დაიკავა
რაც შეეხება ვერიკო კვირკველიას, იგი 2017 წლის მოწვევის საკრებულოში კომისიას ხელმძღვანელობა, 2021 წელს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს, დღეს კი, როგორც ვთქვით, პირველი მოადგილე გახდა. გიორგი ჩახვაძე 2014 და 2017 წლების მოწვევის საკრებულოებში კომისიას თავკაცობდა, 2021 წლიდან კი ბესიკ ტაბიძის მოადგილეა. იგი 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის დროსაც საკრებულოს წევრი გახლდათ.
როგორც ვივარაუდეთ, ხუთივე კომისიას იგივე ხელმძღვანელი ჰყავს _ გოგი ხელაძე, ზაზა წულაძე, კახა კვიტაიშვილი, გიორგი იმნაიშვილი და ალექსანდრე მახათაძე წინა მოწვევის საკრებულოშიც იგივე პოზიციას იკავებდნენ. მეტიც, ხელაძე 2014 წლის მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გახლდათ, მახათაძე კი 2017 წელსაც კომისიის თავმდომარედ აირჩიეს, ხოლო 2014 წლის მოწვევის საკრებულოში ფრაქციას ხელმძღვანელობდა.
ასევე თანამდებობა შეინარჩუნა ია მოქიამ _ იგი კვლავ მმართველი პარტიის ფრაქციას უხელმძღვანელებს. ახალ სახედ ვერ მივიჩნევთ, მაგრამ თანამდებობას პირველად იკავებს დარეჯან ბურჭულაძე, რომელიც ასევე ფრაქციას („ხალხის ძალა“) ჩაუდგება სათავეში.
მართალია, ლანჩხუთის საკრებულოში ახალი სახეებიც მრავლადაა, მაგრამ მათთვის ერთი თანამდებობაც ვერ გაიმეტეს.
„აწი თქვენ კუხნა და “ზალაც” უნდა მოიწყოთ მანდ“ _ ასე გამოეხმაურა „გურია თუდეის“ ფეიქბუს-გვერდზე კომენტარების ველში წინა წინა მოწვევის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირმა მგელაძე თანამდებობებზე ძველი სახეების დარჩენას.


