საქართველოს ისტორიის მე-10 კლასის სახელმძღვანელოში, 143-ე გვერდზე გამოქვეყნებულ ეთნოგრაფიულ რუკაზე, ფოთი გურიის საზღვრებშია მითითებული. ამას ყურადღებას არ მივაქცევდით, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება _ აქამდე არაერთხელ გაჟღერდა გურიის პრეტენზია საპორტო ქალაქის კუთვნილებაზე. ამასთან, წიგნში ფოთის გურიის ეთნოგრაფიულ კუთხედ წარმოჩენამ ბევრი გაანაწყენა. ამ თემაზე „გურია თუდეის“ ფეისბუქ-გვერდზე მწვავე პოლემიკაც გაიმართა, თუმცა ზღვარს არ გასცდენია.
ლაშა ზარგინავა ერთ-ერთი პირველია, ვინც ამ თემაზე სოციალურ ქსელში დაწერა. ფოთელი ჟურნალისტი წლებია, აჭარის ტელევიზიაში თოქ-შოუების წამყვანია და პარალელურად, მომავალ ჟურნალისტებს ლექციებს უკითხავს, წლების წინ, იგი აშუქებდა გურია-სამეგრელოს „დავას“ ფოთის გარშემო.
„საქართველოს ისტორიის მე-10 კლასის სახელმძღვანელოში, რომლის ბოლოს დატანილი საქართველოს ადმინისტრაციული რუკის მიხედვით, ფოთი გურიის ნაწილია, დიდი მეგრული აღშფოთების საგანი გახდა! მსგავსი რუკა ლანჩხუთში მინახავს (მუზეუმში, თუ სწორად მახსოვს), დაახლოებით 16-17 წლის წინ და მაშინაც დიდი ამბები იყო, საზღვრის დამდგენი კომისიაც შეიკრიბა, ფოთი მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დაობდა, გურია მალთაყვაზე აცხადებდა პრეტენზიას და იყო წერილებით გადაძახილები, მახსოვს. თუ არ მეშლება, აკადემიკოსი და საოცრად კარგი ადამიანი, ანზორ ტყებუჩავა იყო კომისიის თავმჯდომარე. მერე, ფოთის კიარა, 2008 წელს, ქვეყნის საზღვრები მოგვირღვიეს რუსებმა და არც არავის განხსენებია ეგ ამბავი, როგორც მახსოვს“ _ წერს ლაშა ზარგინავა სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, ახლა არის ნიშნისმოგებითა და თითის ქვნევით საუბარი იმაზე, რეალურად ვისია ფოთი: „ნუ ჩხუბობთ მეგრელებო და გურულებო, არც თქვენია ცალკე და არც თქვენი ცალკე აღებული ფოთი, მხოლოდ ფოთელებისაა და არასდროს ამ ქალაქში არავის არ გახსენებია, ვინ რომელი კუთხიდანაა! ადამიანი, ვინც აქ ცხოვრობს, ფოთელია და მორჩა! არავის არაფრად სჭირდება კუთხური წარმომავლობა ჩვენს ქალაქში!
მობრძანდით, დატკბით ამ ქალაქის სილამაზითა და ადამიანებით. „ოცნების“ დაპირებათაგან ერთ-ერთი, ფოთისთვის განსაკუთრებული ქალაქის სტატუსის მინიჭება იყო, რაც დაპირებადვე დარჩა. არადა, ეს სტატუსი იმას მოგვცემდა, რომ დედაქალაქის მსგავსად, მეტი ეკონომიკური და ადმინისტრაციული სარგებელი გევქნებოდა“ _ აღნიშნავს ჟურნალისტი, რომელიც ყოველთვის სამართლიანობითა და ობიექტურობით გამოირჩევა.
ლანჩხუთის შემოქმედთა მუზეუმის მენეჯერი დარეჯან ბიწაძე თვლის, რომ ეს არა არის სკანდალი: „ფოთი გურიის შემადგენლობაში იყო. დღევანდელი მდგომარეობით კი მალთაყვა და ფოთში მისვლამდე ფიჭვნარი ლანჩხუთის საზღვრებშია მოქცეული. რატომღაც სახელმწიფო არ ასაჯაროებს. არ ვიცი, ვინ არის ამ წიგნის ავტორი, ჩემგან ასგზის მადლობა“ _ ასეთ კომენტარს აკეთებს დარეჯან ბიწაძე, „გურია თუდეის“ ფეისბუქ-გვერდზე, კომენტარების ველში.
მისი ძმა _ რომან ბიწაძე ლანჩხუთის საკრებულოს წევრი იყო, როცა ფოთში სტუმრობისას ამ თემაზე ხმაურიანი და სკანდალური განცხადება გააკეთა. „მე ნუ დამიჯერებთ, იაკობ გოგებაშვილს მაინც დაუჯერეთ. იგი წერდა სახელმძღვანელოში: „გურიაში ორი ქალაქია ოზურგეთი და ფოთი“ _ ეს მისი გუშინდელი კომენტარია.
თამარ დეკანოიძეც „დედაენის“ ავტორის სიტყვებს იშველიებს: „იაკობ გოგებაშვილი „ბუნების კარში“ წერს, რომ გურიაში ორი ქალაქია: ოზურგეთი და ფოთი. ოზურგეთში 7000 ადამიანი ცხოვრობს. აქ არის ორი სავაჟო სასწავლებელი: საერო და სასულიერო და ერთი საქალაქო სკოლა. ფოთი ოზურგეთზე დიდია, ის შავი ზღვის პირას, რიონის შესართავთან მდებარეობს. მას აღმოსავლეთით ესაზღვრება პალიასტომის ტბა. ფოთში გაკეთდა ნავსადგური, რომელიც „ძლიერ ეხმარება ამ ქალაქის ვაჭრობასა და აყვავებას“ (გოგებაშვილი 2018: 416). აქ რამდენიმე საშუალო სასწავლებელი?: გიმნაზია ვაჟებისა და ქალებისათვის, სამოქალაქო ექვსკლასიანი სასწავლებელი და საზღვაო სასწავლებელი. რკინიგზის გამო ფოთმა და ოზურგეთმა სატრანზიტო მნიშვნელობა შეიძინა. შემოდის უცხოური საქონელი, ასევე, აქედან გადის ქართული ნაწარმი ევროპასა და რუსეთში. იაკობ გოგებაშვილი ასახელებს გურიის მნიშვნელოვან სოფლებს. ესენია: ბახვი, შემოქმედი, ლანჩხუთი, ხიდისთავი, აკეთი…“
„რუსეთამდე იყო სამეგრელო, ფოთი, ფაზისი. პატარა წყვეტის გარდა. რაც გაქვთ, იმისთვის ვერ მიგიხედიათ, წყლის დალევა რომ მოგინდეს, 3 სოფლის გავლა მოუწევს ადამიანს, ჯერ ის სოფლები გადაავსეთ ხალხით“ _ წერს მარიამ ჭანტურია.
ლანჩხუთელ პოლიტიკოსს, ნიკა (ლუკა) მაჭუტაძეს გურიის ისტორიაში არაერთი ნამუშევარი აქვს გამოქვეყნებული. „გურიის სამთავროს არსებობის მთელ პერიოდში ფოთი იყო გურიის შემადგენლობაში!ფოთი გურიის შემადგენლობაში აქვს დაფიქსირებული ყველა ძველ კარტოგრაფს, ქართულ თუ უცხოურ წყაროებს – გრაფი გიულდენშტეტი, კათოლიკე მისიონერები, ოსმალური წყაროები, რუსული საისტორიო და საარქივო დოკუმენტაცია მეტყველებს ამაზე“ _ წერს ნიკა მაჭუტაძე „გურია თუდეის“ ფეიქბუქ-გვერდზე, კომენტარების ველში.
იქვე ჩვენი მკითხველები აფიქსირებენ განსხვავებულ პოზიციას. „ფოთი სამეგრელოა და მისი ნაწილია! ასე თუ ვიმსჯელებთ, საჯავახო და სამტრედიაც გურიის შემადგენლობაა, ადგილობრივი გურულებიც სამტრედიაში ცხოვრობენ და მეგრელებიც, მაგრამ სამტრედია იმერეთს ეკუთვნის! კოლხეთის ეროვნული პარკის დიდი ტერიტორია სამეგრელოა, გარდა მალთაყვისა, რიონზე საუბარიც ზედმეტია“ _ წერს გიორგი ვეკუა.
მას გიორგი ნიკოლაიშვილმა უპასუხა: „[გურიას] სამეგრელოსთან საზღვარი ყოფდა _ რიონი. რუკას დახედე და ნახე, რიონის რომელ მხარეს არის ფოთი. გურია სამეგრელოს არსებობა მეოცე საუკუნეში კი არ დაწყებულა, ათასწლოვანი ისტორიაა. ფოთი იყო გურია. საზღვარი გადიოდა რიონზე. ასე გურია იყო სარფამდე, გადაშალეთ ისტორიული სახელმძღვანოები და ნახავთ, რომ ეს ასეა. აჭარა იყო მთიანი რეგიონი და დაბლობი იყო გურია. მაგრამ ამას დღეს არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მთავარი საქართველოა და არა რომელიმე ცალკე აღებული კუთხე. არც ფოთში გვეშლება ხელი გურულებს, მეგრელ ძმებთან ერთად და არც აჭარაში _ აჭარელ ძმებთან ერთად“.
ზოგი იმასაც წერს, რომ „გურია-სამეგრელოს ომი აკლია მსოფლიოს“, „დაცხეთ გურულებმა და მეგრელებმა ერთმანეთს“, რა თქმა უნდა, ხუმრობას ვერავის დავუშლით. რეალურად კი, გურიას და სამეგრელოს გასაყოფი და სადავო არაფერი აქვთ. ფოთი დღემდე ძვირფასი ქალაქია გურიისთვისაც _ რეგიონის მთელი ზღვისპირა ზოლი და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა მასზეა მიბმული. ფოთის გურიის ეთნოგრაფიულ კუთხეში მოხვედრა არაფერს ცვლის და არავინ ეცილება ჩვენს მეზობელ სამეგრელოს ამ ულამაზეს ქალაქს.




