საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი პრეზიდენტის, „გურიას“ ყოფილი მოთამაშისა და ამჟამად დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჟორდანიას სამძიმრის წერილი ბეგი სიხარულიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით:
არსებობენ ადამიანები, რომლებმაც მხოლოდ კვალი კი არ დატოვეს, არამედ მთელი ეპოქა შექმნეს და შთამომავლობას დაუტოვეს. სწორედ ასეთი იყო ბეგი სიხარულიძე.
ევგრაფი შევარდნაძე, შალვა კაკაბაძე, იმედო დუნდუა, ბუტა ჟორდანია, ნოშრევან ნარიაშვილი – სწორედ ასეთი ბუმბერაზი ადამიანების გვერდით დაიმკვიდრა ადგილი ბეგი სიხარულიძემ. მეამაყება, რომ სკოლის პერიოდში, ზაფხულის არდადეგებს დიდებული ადამიანების გვერდით ვატარებდი. ფაქტობრივად, მათ გამზარდეს და მათგან ბევრი რამ ვისწავლე…
ბეგი სიხარულიძის გარდაცვალებით, ლანჩხუთის “გურიას” ის დიდებული ეპოქა დასრულდა, რომელმაც არა მარტო ქართულ ფეხბურთში, არამედ საბჭოთა კავშირში ბრწყინვალე ეპოქა შექმნა. ბეგი სიხარულიძემ მწვრთნელის ამპლუაში, 1986 წელს შეუძლებელი შეძლო, როცა მრისხანე მოსკოვის “ლოკომოტივს” სძლია და “გურია” საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში აღაზევა.
ძალიან მინდოდა, ის მოსწრებოდა “გურიას” აღზევებას საქართველოს მთავარ ლიგაში. სამწუხაროდ, ის ამ სიხარულს ვეღარ გაიზიარებს, მაგრამ ბეგი სიხარულიძის ხსოვნის საპატივსაცემოდ, ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ.
მან მთელი თავისი სიცოცხლე მშობლიური ლანჩხუთის გუნდს მიუძღვნა. არ ვაჭარბებთ, მთელი სიცოცხლე, რადგან ფეხბურთელობისას, ამ გამორჩეულ ფორვარდს 12 სეზონის (მათ შორის, ზედიზედ 10 ჩემპიონატის), განმავლობაში “გურიას” მაისურით გაჰქონდა გოლები. თითო წელი თბილისის “დინამოსა” და ფოთის “კოლხეთისთვის” ირჯებოდა და ისევ “გურიას” მაისური მოირგო. მისი დამსახურებაა, რომ ლანჩხუთელთა გუნდმა ზედიზედ ორჯერ მოიპოვა იმ დროისათვის გამორჩეული საქართველოს თასი.

მათ გურიას ისტორია დაწერეს | მარცხნიდან: ვახტანგ ძიძიგური, იმედო დუნდუა, შალვა კაკაბაძე, ნოშრე ნარიაშვილი და ბეგი სიხარულიძე
მერე კი, მწვრთნელის რანგში არაერთი სიხარული მოუტანა მშობლიურ გუნდს. მათ შორის ტრიუმფალური 1986 წლის გამარჯვება გახლავთ… როცა 12 ნოემბრის სუსხიან დღეს, ევროპულ ფეხბურთში კარგად ცნობილი იური სიომინის გაწვრთნილ მოსკოვურ “ლოკომოტივს”, ბესიკ ფრიდონაშვილის მიერ, 76-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით სძლია და საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ამ ტრიუმფის შემდეგ, ბეგი სიხარულიძემ მთავარი მწვრთნელის ადგილი სხვას დაუთმო, რითაც იშვიათი მოკრძალება გამოიჩინა. ის მოკრძალება, რომლითაც დიდებულ ადამიანები გამოირჩევიან.
ბეგი სიხარულიძე მოკრძალებულიც იყო და შეუპოვარიც, მაშინ როცა “გურიას” მხოლოდ 6 ქულა ჰქონდა და ვერავინ ხედავდა იმედს, ბეგი სიხარულიძე მეორე წრის სტარტზე ჩაიბარა ბევრისთვის განწირული გუნდი და უიმედოდ მყოფ “გურიას” უმაღლეს ლიგაში ადგილი შეუნარჩუნა.
უკვე ასაკში შესულმა ლეგენდამ ლანჩხუთის სტადიონის მოვლაც არ ითაკილა. ის უვლიდა სარბიელს, კრეჭდა ბალახს, ხაზავდა იმ მოედანს, სადაც წლების წინ ფეხბურთელისა და მერე მწვრთნელის ამპლუაში არაერთი გამარჯვება გამოჭედა. ამ ზრუნვითა და ამაგით, ის “გურიას” დიდებულ წარსულს ეფერებოდა და მომავალი წარმატებებისთვის ბაზისს ამზადებდა.
ბეგი სიხარულიძე დიდი ფეხბურთელისა და მწვრთნელის გარდა, დიდებული პიროვნება იყო… ღიმილიანი და უამრავი სიხარულის მომტანი კაცი იყო, რომელმაც კარგად მოსაგონრი მატჩები უძღვნა გულშემტკივარს, დიდი გამარჯვებები გამოჭედა.
ლეგენდა, სახელად ბეგი სიხარულიძე წავიდა, მაგრამ დატოვა ეპოქა, რომლითაც შთამომავლობა იამაყებს…
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მის ძვირფას ოჯახს, ყველა ახლობელს, ჩემს ლანჩხუთს, „გურიასა“ და მთლიანად ქართულ ფეხბურთს.
მერაბ ჟორდანია



