¡NO PUEDEN PARAR A GABRIELA! კოლუმბიელმა კუთხურიდანაც „ჩაახვია“, დანელია და ბუხრიკიძეც ისევ იტანენ _ 4:0 უკვე 4-ჯერ!

|

Loading

ლანჩხუთის კოლუმბიელ ლეგიონერს 8 გოლი, აქედან 3 დუბლი დაუგროვდა

გურულ-აჭარული დაპირისპირება მხოლოდ პირველი ტაიმის 45 წუთი გამოდგა დაძაბული _ ლანჩხუთელთა უპირატესობის მიუხედავად, სატურნირო ცხრილის მეზობლებმა კარის მშრალად შენახვა მოახერხეს… 47-ე წუთამდე.

ანუ პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე, გაბრიელა კამარგომ ჯარიმიდან პენალტი გამოიმუშავა და გოლადაც თავად აქცია, 1:0.

მეორე ტაიმში 4 წუთი დასჭირდა კოლუმბიელს დუბლის შესასრულებლად, ხოლო აქედან ერთ წუთში კლუბისა და ლიგის მთავარმა მეგოლემ, ნათია დანელიამ მაღალოსტატურად შემოატარა ბურთი მასთან შესახვედრად გამოსულ სტუმართა მეკარეს, 3:0.

ბათუმელთა საბოლოო მარცხი კი ნინო ბუხრიკიძემ გააფორმა _ „ლანჩხუთის“ ახალწვეულმა უკვე 4 შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა, როგორც დანელიამ, ოღონდ ამ უკანასკნელს ჯამში ორჯერ მეტი _ 10 გოლი აქვს გატანილი და ისევ სათავეში უდგას ქალთა ლიგის ბომბარდირთა სიას.

რაც შეეხება კამარგოს, მან ყველა შეხვედრაში გაიტანა, სადაც „ლანჩხუთმა“ მეტოქის კარის აღება მოახერხა _ 3-ჯერ დუბლი შეასრულა: პირველად გოლები 25 წუთში გაიტანა, მეორედ ამისთვის 12 წუთი ეყო, ხოლო დღეს _ მხოლოდ 4! სულ 8 გოლი დაუგროვდა და თანაგუნდელს ფეხდაფეხ მისდევს.

¡No pueden parar a Gabriela! Daleeee! [გაბრიელას ვერ აჩერებენ! წინ იარე!]

თანდათან იკვეთება, რომ ჩემპიონობისთვის ისევ 2 გუნდი იბრძოლებს

„ლანჩხუთმა“ ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო დიდი ანგარიშით და საერთოდა, ამ სეზონში 5-ივე გამარჯვება ასეთი აქვს. მეტიც, მისი მონაწილეობით ყველა მატჩი დიდი ანგარიშით დასრულდა, აქედან ერთში დამარცხდა.

6-დან 4 შეხვედრა 4:0 დასრულდა _ „ბათუმამდე“ ციცებმა ამ ანგარიშით მოუგეს სოხუმის „დინამოსა“ და „თეთრიწყაროს“, ერთხელ კი, „ნიკე-ლუსოსთან“ დამარცხნენ.

05.04.2026 | გვიმბალაურის საფეხბურთო ცენტრი | ლანჩხუთი 4:0 ბათუმი

1:0, 2:0 კამარგო [45+2′, 49], 3:0 დანელია [50′], 4:0 ბუხრიკიძე [86′]

ლანჩხუთი: გაბელაია, ჩხარტიშვილი, რასელი, ნარსია [85′ მურილო], წულაია [85′ გუჯაბიძე], ბუხრიკიძე, პასიკაშვილი, დანელია, სიჭინავა [85′ პერეირა], მწყერაშვილი, კამარგო