[თვითმხილველის მონათხრობი] რა გადაწყდა ევგრაფ შევარდნაძის კაბინეტში: შეცვლილი მსაჯი და ყაზანში ჩატანილი ფული… 28 ოქტომბერი, რომელმაც ლანჩხუთის ცხოვრება შეცვალა!

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ევგრაფ შევარდნაძე, სოსო ჟორდანია, ომარ ხუციშვილი, ფოტოები ყაზანიდან და კოპიტნარის აეროპორტიდან

ლანჩხუთის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი და ყოფილი პარლამენტარი ომარ ხუციშვილი 1979 წლის 28 ოქტომბერს იხსენებს. დღეს, რომელმაც პატარა რაიონის ცხოვრება შეცვალა…

საუბარია ყაზანში „გურიას“ მოგებაზე, რამაც „სოფლის გუნდი“ სსრ კავშირის პირველ ლიგაში გადაიყვანა. ერთადერთი გოლი ბოლო წუთებზე ამირან სევასტოპულომ გაიტანა _ მან მასპინძელ მეკარეს ხელით გააგდებინა ბურთი. ამას ყაზანელთა პროტესტი მოჰყვა და სულაც არ არის გასაკვირი, თუ მათი წახალისება ლანჩხუთელთა კონკურენტმა მეზობლებმა, სამტრედიელებმა უზრუნველყვეს.

ასევე წაიკითხეთ: „თავით ვერ გაგაქვთ, ფეხით ვერ გაგაქვთ, ხელით მაინც გაიტანეთო“… წინადღეს, ამირან სევასტოპულოს ქალიშვილი შეეძინა _ „გურიას“ ისტორიული გოლის ავტორი 70 წლისაა

თუმცა გადამწყვეტი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ მსაჯმა „ვერ“ დაინახა გურულების მიერ წესების დარღვევა. ცნობილია ისიც, რომ წინა საღამოს მსაჯთა ბრიგადა შეიცვალა. ამაში გურულების ხელი ერია, რადგან მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სამტრედიული კლუბის მესვეურებმა „მათთან მისვლა დაასწრეს“.

ომარ ხუციშვილი კარტებს ბოლომდე არ ხსნის, თუმცა საკმარისზე მეტს ჰყვება ისტორიული თამაშის კულუარებზე. მისი მონათხრობიდან აშკარაა, რომ მთავარი ამბავი ევგრაფ შევარდნაძის კაბინეტში გადაწყდა. ძველმანებში გადაცმული ცნობილი ლანჩხუთელის მიერ ყაზანში ჩატანილი ფულის დანიშნულებაც არაა ნათქვამი, რაც გასაკვირი სულაც არაა _ ბატონი ომარი გამოცდილი ძალოვანია და „ზედმეტებს“ არ იტყვის.

მაშ ასე, ყაზანის სკანდალური და ისტორიული მატჩის კულუარებს თვითმხილველი ომარ ხუციშვილი იხსენებს:

_ ოქტომბერში ყოველთვის არის 10-15 ისეთი ოქროს დღე, რომელსაც პატარა ზაფხულს უწოდებენ. ეს უფლის წყალობაა იმისათვის, რომ გლეხკაცმა მთელი წლის ნაჯაფ-ნაოფლარი უდანაკარგოდ აიღოს. სწორედ ასეთი დღეები იდგა 1979 წლის ოქტომბრის მიწურულს. დღე-ღამე, 24 საათის განმავლობაში ეზიდებოდნენ მანქანები და ტრაქტორები სიმინდს, ჩალას, თივას, შეშას მოახლოებული ზამთრის პირზე.

1979 წლის 28 ოქტომბერი, ყაზანი. „გურია“ მატჩის დაწყებამდე

კაბინეტში ჯუმბერ რამიშვილი, გოგი ლომაძე, სოსო ჟორდანია და კიდევ რამდენიმე ადამიანი იყო. ყველას დაძაბული სახე ქონდა. „ამროსევიჩი“ ტელეფონით ხან რუსულად, ხანაც ქართულად საუბრობდა.

გარდა მოსავლის აღებისა, ლანჩხუთელთა განსაკუთრებული ყურადღება შორეული ყაზანისაკენ იყო მიმართული. მოგეხსენებათ, თუ “გურია” „რუბინთან“ ჩემპიონატის უკანასკნელ მატჩში გაიმარჯვებდა, მაშინ იგი უკიდეგანო საბჭოთა კავშირის “ა” კლასის მეორე ჯგუფიდან გადავიდოდა პირველ ლიგაში, სადაც უდიდესი ქალაქების ელიტარული გუნდები გამოდიოდნენ. სხვა შედეგის შემთხვევაში, ეს პატივი ჩვენს მეზობელ სამტრედიის „ლოკომოტივს“ დარჩებოდა. რამდენადაც მიზნის მიღწევა ერთ კონკრეტულ მატჩში წყდებოდა, ბუნებრივია, მხოლოდ წმინდა სპორტული პაექრობით იმ დროში ეს არ მოხდებოდა. ამასთან დაკავშირებით გულშემატკივრებში უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდებოდა.

მაშინ „ატეკიდან“ კომკავშირის რაიკომში სამუშაოდ ახალგადასული ვიყავი. ყაზანში გასამართი მატჩის წინადღე, 27 ოქტომბერი იყო. შუადღით „ატეკის“ დირექტორის, ევგრაფი შევარდნაძის მძღოლი შოთა წულაძე მოვიდა და მითხრა „ხაზეინი“ სასწრაფოდ გიბარებსო.

თურმე სამტრედიელები მსაჯთა ბრიგადასთან კავშირზე გასულან და როგორც იტყვიან, „საერთო ენა“ გამოუნახავთ. ასევე შეხვედრიან „რუბინის“ ფეხბურთელებს და შეთანხმებული თანხის ერთი ნაწილი წინასწარ მიუციათ იმისათვის, რომ თავი მოეკლათ და “გურიასთან” თამაში არ წაეგოთ. ერთი სიტყვით, გურულთა შანსები, თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე, უიმედოდ გამოიყურებოდა.

„ერთ კაცს გამოგაყოლებ, უნდა შეძლო და ხვალ დილის 5 საათამდე ყაზანში ჩახვიდე“ _ მითხრა „ამროსევიჩმა“, როგორც კი ტელეფონზე საუბარი დაასრულა. მან იცოდა, რომ ჩემი ახლობლები სამოქალაქო ავიაციაში მუშაობდნენ და “გურიას” ხშირად ეხმარებოდნენ გასვლით თამაშებზე სწრაფი, მოსახერხებელი მგზავრობისათვის.

ჩემი დეიდაშვილი ვალერი ქაძანაია მაშინ თბილისის აეროპორტის უფროსი იყო და დასაკავშირებლად ტელეფონის ნომერი მივაწოდე. ორიოდე წუთში დამაკავშირეს. როგორც კი ყაზანი ვახსენე, მიხვდა, რისთვისაც მივდიოდი, რადგან “გურიას” გულშემატკივრობდა.

„სამწუხაროდ, დღეს ყაზანის რეისი არ გვაქვს, მაგრამ ღამის 11 საათზე აეროპორტში იყავით და მოსკოვის გავლით გაგიშვებთო“, თან გამაფრთხილა, თბილად ჩაიცვი, ყაზანში 10 გრადუსი ყინვააო. ამ საუბარს კაბინეტში ყველა ისმენდა და შვებით ამოისუნთქეს.

ძალიან მაინტერესებდა, თუ ვინ მომყვებოდა, მაგრამ „ამროსევიჩს“ არ უყვარდა წინმსწრები შეკითხვები. თუ ვინმე ასეთ დროს რამეს შეეკითხებოდა, მშვიდად შენიშვნას აძლევდა, დამაცადეო. ამიტომ თავი შევიკავე.

1979 წლის 29 ოქტომბერი | დახვედრა კოპიტნარის აეროპორტში, მარცხნიდან პირველი _ ევგრაფ შევარდნაძე

ხაზიდან სასწრაფოდ გამოიძახეს 10 დღის წინ მიღებული „ვოლგის“ მარკის ახალი ტაქსი. მძღოლს მისცეს რაიონიდან გასვლის ნებართვის ცნობა. ჯერ მე გამიშვეს სახლში თბილი ტანსაცმლისათვის, უკან დაბრუნებულს „ატეკაში“ თანამგზავრი მელოდა. იგი აღმოჩნდა ლანჩხუთი-სოხუმის ავტობუსის მძღოლი, “გურიას” თავგამოდებული გულშემატკივარი როლანდ ცინცაძე.

თუ რაიმე ძველმანი ჰქონდა სახლში, ამ კაცს ყველაფერი ტანზე ეცვა: ძველი გახუნებული 50-იან წლებში შეკერილი პალტო, მოკლე სამხედრო ჩექმები… საკმაოდ დიდი დიამეტრის ქუდი ეხურა, რომელიც ყურებსაც ფარავდა. ხელში სქელი უხეში ნაჭრის ისეთი ჩანთა ეჭირა, შეხედავდი და იფიქრებდი, მკერავს პალტოზე მორჩენილი ნაჭრით შეუკერიაო. მივხვდი, ასეთი ჩაცმულობა გამოცდილი მძღოლების რეკომენდაცია იქნებოდა.

იმ დროს მოგზაურობისას ხალხს ფული ძირითადათ ხელზე გადაჰქონდა, რასაც თან ახლდა დაკარგვის, მოპარვის, წართმევის და სხვა სახის რისკი. ასეთ ჩაცმულობას არავისთვის ეჭვი არ უნდა გაეჩინა, რომ მას ჩანთაში რაიმე მნიშვნელოვანი თანხა ექნებოდა და რისკებიც მინიმუმამდე მცირდებოდა. ასეთი სიფრთხილე საჭირო იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩანთაში ფეხბურთელების კვების, სასტუმროს და უკან დასაბრუნებელი გზის ფულიც იყო. წასვლისას „ამროსევიჩმა“ გამაფრთხილა, თუ მილიცია რაიმეს იეჭვებდა და მას დააკავებდა, ახლოსაც არ უნდა გავკარებოდი. რა დროც არ უნდა ყოფილიყო, მისთვის უნდა დამერეკა და მეცნობებინა. ამიტომ გავაფრთხილე ჩემი თანამგზავრი, ყაზანში ფეხბურთელებთან მისვლამდე ჩუმად უნდა ყოფილიყო და არავისთან არანაირი კონტაქტი არ უნდა ჰქონოდა.

თვითმფრინავში სამთავრობო გასასვლელიდან შეგვიყვანეს და საუკეთესო ადგილებზე დაგვსვეს. მგზავრები გაკვირვებული გვიყურებდნენ, რადგან ჩვენში ვერც მთავრობის და ვერც საზოგადოებისთვის ცნობილი წარმომადგენილი ამოიცნეს. როცა თვითმფრინავმა სიმაღლე აიღო და სალონში გავლა შეიძლებოდა, ერთმა შუახნის ქალბატონმა შემაჩერა და მკითხა:

– ახალგაზრდა თქვენს გვერდით რომ ზის, ვერაფრით გავიხსენე, რომელი მსახიობია?

– ქალბატონო, მახარაძის თეატრის მსახიობია, „მოსფილმში“ ომის თემაზე კინოს იღებენ და წინასწარ სინჯებზეა გამოძახებული.

სანამ მომდევნო კითხვას დამისვამდა, სასწრაფოდ გავეცალე. მგზავრობა მშვიდობიანად დასრულდა. როცა ყაზანში სასტუმრო “ახალგაზრდულს” მივადექით, ადგილობრივი დროით დილის 5 საათი სრულდებოდა.

სასტუმროს ვესტიბიულში დაგვხვდნენ ნოშრე ნარიაშვილი, იმედო დუნდუა და პარტიის რაიკომის წარმომადგენელი გოგი ფაცურია, რომელიც გუნდს თავიდანვე თან ახლდა. მწვრთნელები _ შალვა კაკაბაძე, ბეგი სიხარულიძე და ფეხბურთელები ისვენებდნენ. სართული მთლიანად “გურიას” ჰქონდა დაკავებული. სრული სიმშვიდისა და სიწყნარისათვის სართულის ყველა ნომერი დაეჯავშნათ.

უახლესი ამბავი ის დამხვდა, რომ რამდენიმე საათის წინ მსაჯთა ბრიგადა შეუცვლიათ და მათი ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებული იყო. რაც შეეხება ყაზანის გუნდისათვის, ვერაფერი მოუხერხებიათ და წინ დიდი ბრძოლა გველოდა.

ლანჩხუთის მილიციის უფროსის მოადგილე ომარ ხუციშვილი (მარცხნიდან პირველი) „გურიას“ სტადიონზე | 1987 წ.

ტრიბუნებზე ცოტა მაყურებელი იყო შეკრებილი. ყაზანი მე-11 ადგილზე იმყოფებოდა და მატჩის შედეგი მათთვის არაფერს ცვლიდა. თერმომეტრი 8 გრადუს ყინვას აჩვენებდა. სტადიონზე ახალგაზრდა ბიჭი შევნიშნე, რომელიც ფოტოაპარატით სურათებს იღებდა. გამოველაპარაკე და “ვეჩერნი ყაზანის” ჟურნალისტი აღმოჩნდა, გაზეთისთვის სტატიას ამზადებდა. ვთხოვე, ჩვენთვისაც გადაეღო სურათები, გამარჯვების შემთხვევაში, რესტორანში ბანკეტზეც გაეგრძელებინა გადაღება და შემდეგ საქართველოში გამოეგზავნა. ამისათვის მისი ერთი თვის ხელფასი _ 150 მანეთი საჩუქრად დავპირდი. სიხარულით დამთანხმდა და მითხრა: ვიცი, თქვენ გაიმარჯვებთო.

10 დღის შემდეგ, ლანჩხუთში მართლაც მივიღე ამანათი, სადაც 70-მდე ფოტო იყო. სურათებს იმდენი მსურველი გამოუჩნდა, ჩემთვის თითქმის აღარაფერი დამრჩა.

ფეხბურთი პირველ საათზე დაიწყო, მაგრამ თამაში ჰოკეის ჰგავდა. მოწინააღმდეგის კარს ვერცერთი გუნდი ვერ უახლოვდებოდა, ამიტომ მძიმე ფიზიკური დაპირისპირება მოედნის შუაგულში გაიმართა. ფეხბურთელები ერთმანეთს არ ზოგავდნენ და იყო ისეთი რთული ტრავმის საშიშროება, რომ ზოგს ფეხბურთი საერთოდ ვერ ეთამაშა. „რუბინი“ ფულისათვის იკლავდა თავს, “გურია” თემურ ჩხაიძის კაპიტნობით ისტორიული გამარჯვებისათვის იბრძოდა.

დრო იწურებოდა. შედეგი ფრისკენ იხრებოდა, რაც მთელი წლის ნაშრომის წყალში ჩაყრას ნიშნავდა. რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი. ბურთი „რუბინის“ მეკარეს მიუვიდა. იფიქრა, დროს გავიყვანო და ხელით ათამაშებდა. ამ დროს მის წინ მდგომმა ამირან სევასტოპულომ ხელით გააგდებინა და ფეხით კარში გაგზავნა. მსაჯმა ბურთი რომ ბადეში დაინახა, ხელი ცენტრისკენ გაიშვირა და ტაბლოზე 0:1 დაიწერა.

ნახეთ ვიდეო: რა მოხდა ყაზანში? 47 წლის შემდეგ ალაპარაკებული მთავარი გმირი!

გაგიჟდნენ ყაზანელები. პროტესტის ნიშნად მოედანი დატოვეს და გასახდელში ჩავიდნენ. თუმცა მატჩის კომისრის აქტიური ჩარევით უკან დაბრუნდნენ და თამაში გააგრძელეს. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

საფინალო სასტვენის ხმაზე, თითქოს დიდი სიმძიმის ტვირთი მოგვეხსნა. სიხარულით ყველა მინდორზე გავცვივდით და ერთად ავღნიშნეთ გამარჯვება. ეს იყო დაუვიწყარი წუთები.

ამ დროს ჩემთან მოვიდა ახალგაცნობილი ჟურნალისტი, გამარჯვება მოგვილოცა და მკითხა.

– შეიძლება, რესტორანში მეუღლე წამოვიყვანო?

– რა თქმა უნდა, მეუღლეც წამოიყვანე და მეუღლის დაქალებიც.

გამარჯვების აღნიშვნა გვიანობამდე გაგრძელდა. ეს იყო “გურიას” ისტორიაში პირველი დიდი სენსაცია, რომელიც შვიდი წლის შემდეგ კიდევ უფრო გასაოცარი გამარჯვების საფუძველი გახდა.

ასევე წაიკითხეთ: „ოთხი საათიდან დაიძრებოდნენ სტადიონისკენ, თამაში 7-ზე იწყებოდა“ _ რატომ ითხოვდნენ გურული ქომაგები ტაბლოზე ანგარიშის „გასწორებას“ და რა ფოტოს აქვეყნებს ომარ ხუციშვილი?