გურიის U10 საჭადრაკო ჩემპიონატზე, რომელშიც რეგიონის 8 გუნდი მონაწილეობდა, ლანჩხუთის სპორტული ცენტრის ახალგაზრდა სპორტსმენებმა გუნდური I და II ადგილები დაისაკუთრეს.
ჩემპიონები გახდნენ: დემეტრე სარჯველაძე, საბა ებრალიძე, სარა წულაძე და თორნიკე კუპრაძე (მწვრთნელი ადამ ხუხუნაიშვილი), ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ: ანდრია დობორჯგინიძე, ლუკა მოისწრაფიშვილი, იოსებ ფირცხალაიშვილი და ელენე საგინაძე (მწვრთნელი ტარიელ ხუხუნაიშვილი). მესამეზე ოზურგეთის გუნდი გავიდა: ანდრია ადეიშვილი, იოანე ნიკოლაიშვილი, გიორგი მიქაცაძე და არჩილ ჩიტაიშვილი (მწვრთნელი ნინო წიტაიშვილი).
ასევე გამოვლინდა საუკეთესო ინდივიდუალური შედეგების მქონე მოჭადრაკები. სულ გათამაშებული 7 პარტიის მიხედვით, თავიანთ დაფებზე ჩემპიონები გახდნენ:
I დაფა – ანდრია დობორჯგინიძე, ლანჩხუთი (მწვრთნელი ტარიელ ხუხუნაიშვილი)
II დაფა – გაბრიელ სალუქვაძე, ოზურგეთი (მწვრთნელი ელგუჯა ურუშაძე)
III დაფა – სარა წულაძე,ლანჩხუთი (მწვრთნელი ადამ ხუხუნაიშვილი)
IVდაფა – ელენე საგინაძე, ლანჩხუთი (მწვრთნელი ტარიელ ხუხუნაიშვილი).
როგორც ხედავთ, 4 დაფიდან სამზე გამარჯვებული ლანჩხუთის წარმომადგენელი გახდა.
ჩემპიონატში სულ 8 გუნდი მონაწილეობდა, ოზურგეთიდან და ჩოხატაურიდან _ 3-3, ხოლო ლანჩხუთს 2 გუნდი წარმოადგენდა.
„რეგიონის 32 წარმატებული და იმედისმომცემი მოჭადრაკე წრიული სისტემით დაუპირისპირდა ერთმანეთს. იყო დაძაბულობაც, ემოციებიც, ცრემლიც, მაგრამ რაც მთავარია, წინა შეჯიბრებებიდან განსხვავებით, ბავშვებმა თამაშის შესამჩნევად უკეთესი ხარისხი წარმოაჩინეს. ბუნებრივია, გუნდის წარმატება მისი წევრების სათამაშო დონეზე და სატურნირო გამოცდილებაზეა დამოკიდებული. ამ მხრივ კი ლანჩხუთელებს სხვებზე უკეთესი მდგომარეობა აქვთ. მათ გუნდის წევრებს მხოლოდ მიმდინარე წელს 10-ზე მეტ საერთაშორისო, რესპუბლიკურ და რეგიონალურ ტურნირებში აქვთ მონაწილეობა მიღებული, რასაც სხვა მუნიციპალიტეტზე ვერ ვიტყვით. ლანჩხუთელებმა აქაც იმარჯვეს, ორთავე გუნდი საბოლოო ცხრილის თავში მოექცა“ _ აღნიშნულია შეჯიბრების ორგანიზატორის, გურიის ჭადრაკის ფედერაციის შემაჯამებელ წერილში.



