ლიზი, რას აკეთებ? ერთადერთი ქალი-მხედარი ლანჩხუთელია, გიორგი ცინცაძემ სამივე სინჯის მედალი ჩოხატაურში დაიტოვა _ იქ, სადაც ტრადიცია, სისწრაფე და მთის ენერგია ერთ სანახაობად ერთიანდება

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ლიზი ხოფერია _ ერთადერთი ქალი მხედარი და სამივე სინჯის მედლის მფლობელი გიორგი ცინცაძე

დღეს, კურორტ ბახმაროში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სანახაობრივი ღონისძიება ტრადიციული დოღი_ „ბახმაროს თასი 2026“ გაიმართა.

დილით, ბახმაროს ფერისცვალების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა აღავლინა.

გასული წლების მსგავსად, შეჯიბრებაში მონაწილეობდა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ათობით მხედარი. წელსაც, 4 ნომინაციაში გამოვლინდა გამარჯვებული.

„გურიის თასი“ ნიკა ფერაძემ მოიგო, მეორეზე მუხამედ აჩიევი გავიდა, ხოლო მესამეზე საბა ხუჭუა. ამ უკანასკნელმა ყველას აჯობა „გმირების თასის“ გათამაშებაში, სადაც მეორეზე გიორგი ცინცაძე გავიდა.

გიორგი ასევე „ნაბეღლავის თასის“ გათამაშების გამარჯვებულია, სადაც მეორე ადგილი გარბენში მონაწილე ერთადერთმა გოგონამ, ლიზი ხოფერიამ დაიკავა, მესამეზე კი, ბადრი ირემაძე გავიდა.

ცნობისთვის, ლიზი ლანჩხუთელია, სოფელ გვიმბალაურიდან. მას ბახვიწყალში პირველი გასვლისას მინიმუმ 4 მხედარი უსწრებდა, მაგრამ მოახერხა, რომ ფინიშზე მეორე მისულიყო.

ნახეთ ვიდეო: ლიზი, რას აკეთებ? თავიდან მეხუთე იყო, ფონიშზე მეორე მივიდა!

ყველაზე გრძელ დისტანციაზე, 4800 მეტრზე გარბენი გოგიტა კოწოწაშვილმა მოიგო (იგი მესამე იყო გმირების თასზე) და ტურნირის მთავარი პრიზი _ „ბახმაროს თასი“ დაისაკუთრა. ნიკა ფერაძე მარულაში მეორე იყო, ხოლო გიორგი ცინცაძე მესამეზე გავიდა და ჩოხატაურელმა მხედარმა, შედეგად, სამივე სინჯის მედალი შეაგროვა.

ბახმაროში დოღის ტრადიცია გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან იღებს სათავეს. ყოველწლიურად, ფერისცვალების დღეს, გურიიდან, აჭარიდან, სამეგრელოდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან მხედრები ბახმაროში იკრიბებიან და ისტორიულ შეჯიბრებაში მონაწილეობენ. დოღი მდინარე ბახვისწყლის მიმდებარედ იმართება და უკვე თითქმის ერთი საუკუნეა კურორტის საზაფხულო სეზონის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად რჩება.

ბახმაროს დოღის ალბომი | ფოტო: „გურიის მხარე“

ღონისძიების ორგანიზატორები არიან წყაროს წყალი „ბახმარო“ და ნატურალური მინერალური წყალი „ნაბეღლავი“, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად. წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში, სპეციალურად ბახმაროს დოღისთვის შეიქმნა წყაროს წყალი „ბახმაროს“ განახლებული, ლიმიტირებული ეტიკეტი, რომელიც დოღის ვიზუალურ სტილს ატარებს.

წლევანდელი დიღის საპრიზო ფონდი 20 ათასი ლარი იყო, აქედან 16 ათასი დოღის გამარჯვებულებზე ნაწილდება. „ნაბეღლავის თასის“ (1600 მ.) გამარჯვებული 2 ათას ლარს მიიღებს, მეორე-მესამე ადგილოსნები _ შესაბამისად 1300 და 900 ლარს. 1500-1500 ლარს მიიღებენ „გურიის თასისა“ და „გმირების თასის“ (2400 მ) პირველადგილოსნები. მეორე პრიზიორები 900-900 ლარს მიიღებენ, მესამე ადგილზე გასულებისთვის კი 500-ლარიანი ჯილდოა. მთავარი პრიზი „ბახმაროს თასია“, რომელიც 4800 მეტრზე გარბენს მოითხოვს და საპრიზო სამეულისთვის თანხები ასე ნაწილდება _ 3, 2 და 1 ათასი ლარი.

„ბახმაროს თასი“ მხოლოდ სპორტული შეჯიბრება არ არის. ეს არის გურიის ისტორიის, ქართული ცხენოსნობისა და ადამიანების გამაერთიანებელი ტრადიცია. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ამ უნიკალური ღონისძიების განვითარებას, კურორტ ბახმაროს პოპულარიზაციასა და ეროვნული მემკვიდრეობის შენარჩუნებას“ _ აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.