ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში ფერიცვალებასთან დაკავშირებით ტრადიციული სახალხო დღესასწაული გაიმართა. ცხენოსნობასა და სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
მთავარი სპორტული აქტივობა დოღი გახლდათ, სადაც 4 რბოლა ჩატარდა, რომელშიც სანდრო გაგუამ, გელა ტუღუშმა, მინდია ლომიძემ და გოჩა მიქელაძემ გაიმარჯვეს.
მკლავჭიდში ჩემპიონის ტიტული ჯარჯი მეზურნიშვილმა მოიპოვა, მეორე ადგილზე ირაკლი ართილაყვა გავიდა, ხოლო თამაზ ბოლქვაძე მესამე იყო.
კახა ბენიძემ ყველას აჯობა გირების აწევაში, ვიცე-ჩემპიონი ლადო ბოლქვაძე გახდა, გურამ ლომთაძემ მესამე ადგილი დაიკავა.
რამდენიმე წონაში ჩატარდა შეჯიბრი ჭიდაობაში. ჩემპიონები გახდნენ: ანდრია ძანძავა, თემურ ტუღუში, ლევან გოჩელაშვილი, ლუკა შაინიძე, ლაშა კუცია და ბადრი გუჯაბიძე.
იხილეთ ალბომი: ფოტოები სახალხო დღესასწაულიდან
წელს პირველად დაემატა წყალწმინდის სპორტულ აქტივობებს კინგბოქსინგი. სოფელს ამ სახეობაში წარმატებული სპორტსმენი ჰყავს _ 15 წლის ფრიდონ ჩხარტიშვილი თანატოლებში მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონია. სწორედ მას ჰყავდა ჩამოყვანილი კინბოქსის კლუბის წევრები ბათუმიდან და საჩვენებელი შეხვედრები გამართეს.
ღონისძიებები ამ სოფლიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ნიკა იმნაძის, დავით რამიშვილის, პაატა პაპიძისა და ვაჟა თოდუას ხსოვნას მიეძღვნა.
ლანჩხუთის მერის პირველმა მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძემ განათლების, კულტურის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროს ეკატერინე ჩუბინაშვილთან და საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე გიორგი ხელაძესთან ერთად გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო.
„სოფელ წყალწმინდაში ყოველ წელს, 19 აგვისტოს ვამკობთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალს. უფალმა გაანათლოს მათი სულები” – აღნიშნა ეკატერინე გუჯაბიძემ.





