ბაბუა, შვილი და შვილიშვილი „გურიას“ სამსახურში – პატარაიების 100-წლიანი საფეხბურთო ცხოვრება… იცით, ვინ იყო „დუნიის გადამრევი“ გუნდის უფროსი?

|

Loading

გუნდურ ფოტოზე მარცხნიდან მეხუთე დგას შოთა პატარაია

ალბათ, მსოფლიო მასშტაბითაც იშვიათია ისეთი შემთხვევა, როცა ერთი ოჯახის სამი წარმომადგენელი საუკუნის მანძილზე ემსახურება მშობლიურ კლუბს. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში ასეთი შემთხვევა არ გვახსენდება და ლანჩხუთელი პატარაიების ოჯახი ამ მხრივ ნამდვილად გამორჩეულია…

ჯერ კიდევ 100 წლის წინ, ლანჩხუთში ფეხბურთის პიონერებს შორის იყვნენ ძმები _ ტიტე და კარლო პატარაიები. ტიტე, იგივე კიტუშა მწვანე მინდორზე 1950 წლამდე გამოდიოდა. ტყავის ბურთმა იგი სიყმაწვილეში გაიტაცა.

მის შესახებ საინტერესო ამბები შემოგვინახა მერაბ წულაძემ, „გურიასადმი“ მიძღვნილ წიგნში _ „წეტილი რუკაზე“.

ლანჩხუთის პირველი საფეხბურთო გუნდი „კიმი“ და მისი მოთამაშე ტიტე პატარაია

პატარა ტიტეს ბურთის გარდა სხვა გასართობი არც ჰქონია. როგორც კი გაკვეთილები დამთავრდებოდა, თანატოლებთან ერთად ლანჩხუთის ცენტრალური საავადმყოფოს ტერიტორიაზე არსებული მინდვრისკენ მიეშურებოდა. არჩევანით გაიყოფოდნენ ორ გუნდად და თამაშს თავს მაშინ დაანებებდნენ, როცა ვინმეს მშობელი მოაკითხავდა და სახლში იძულებით წაიყვანდა. ყმაწვილებს ფეხბურთი ძვალსა და რბილში ჰქონდათ გამჯდარი.

დიდ სამამულო ომში ისიც სხვებთან ერთად ჩადგა ქვეყნის დამცველთა რიგებში და ბრძოლით ბერლინამდე ჩავიდა. ომისშემდგომ საფეხბურთო სარბიელზე იცავდა ჩვენი რაიონის ნაკრების ღირსებას. 1954 წლიდან კი, თითქმის ნახევარი საუკუნე ლანჩხუთის ცენტრალური სტადიონის ბუღალტრად მუშაობდა. თუმცა, გარდა ამისა, ფეხბურთის სიყვარულით ბევრ სხვა სამუშაოს ასრულებდა. უვლიდა მინდორს, წესრიგში მოჰყავდა წყალგაყვანილობა, აცხელებდა აბანოს, ალამაზებდა ტერიტორიას.

ერთი სიტყვით, ამ უაღრესად მოწესრიგებულ და გამრჯე კაცს გაჩერებულს ვერ ნახავდით, ფუტკარივით ფუსფუსებდა…

ერთხელ, სტადიონის თავზე ვერტმფრენი მოფრინდა და თურმე მინდორზე დაჯდომას ცდილობდა. ბატონი ტიტე უმალ მოედნის ცენტრში გაჩნდა და მფრინავს დაშვების უფლება არ მისცა, უყვიროდა _ მინდორი გაფუჭდებაო. ვერტფრენში რესპუბლიკის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იჯდა. კიტუშა პატარაიას ამ გაბედულ ქმედებას ისიც და მისი მასპინძლებიც კმაყოფილი დაუტოვებია…

თენგიზ პატარაია, მამის მსგავსად, „გურიას“ ფეხბურთელიც იყო და მთავარი მწვთნელიც

მისი შვილიშვილი _ თენგიზ პატარაიაც, რა გასაკვირია, ფეხბურთს ბავშვობიდან ეზიარა. „გურიას“ რიგებს მაშინ იცავდა, როცა გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა, გოლებიც გაჰქონდა. უცხოეთში თამაშიც მოასწრო და ძალიან ახალგაზრდამ სამწვრთნელო ა ლიცენზია აიღო. უაღრესად პასუხიმგებლიანი და მშრომელი, თავისი სტილისა და ხედვის მქონე ნიჭიერი სპეციალისტი „გურიას“ მთავარი მწვრთნელის რანგშიც ემსახურა და მცირე ხნით, მისი ხელმძღვანელიც იყო…

ბოლოსთვის შემოვინახეთ ჩვენი წერილის მთავარი გმირი, პატარაიების საფეხბურთო ოჯახის „შუა რგოლი“ _ შოთა (კატი) პატარაია, რომელიც დღემდე აგრძელებს „გურიას“ სამსახურს. დაახლოებით 60 წლის წინ მივიდა კლუბში და  ერთგულად და უდიდესი პასუხისმგებლობით ემსახურება მას. ჩრდილშია, დაუნახავ ე.წ. „შავ საქმეებს“ აკეთებს და არ ხმაურობს. ასეთია მისი ბუნება…

არადა, რა პოზიციაზე არ ემსახურა ლანჩხუთის ფეხბურთს _ 17 წლისა „გურიას“ შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა; მრავალი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ადგილობრივ საფეხბურთო სკოლას, რომელმაც არაერთი წარმატებული ფეხბურთელი აღზარდა; როგორც კი უკან წავიდა კლუბის საქმე, მის სამწვრთნელო შტაბში გამოჩნდა; ურთულეს წლებში, როცა კლუბის გაწვრთნას ყველა უარობდა, მთავარი მწვრთნელის ფუნქციებიც საკუთარ თავზე აიღო… წარმატებითაც, თუმცა ფული გაჩნდა და „ის საჭირო აღარ იყო“…

ამაზე ერთხელაც არ დაუწუწუნია, რადგან მისი ოჯახის ტრადიციაა _ ემსახურო შენს კლუბს მაშინ, როცა უჭირს და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ მოგექცენ გუშინ და მოგექცევიან ხვალ…

1986 წლის სეზონის მთავარი ტრიუმფატორები (მარჯვნიდან): მთავარი მწვრთნელი ბეგი სიხარულიძე, მწვრთნელი გულსუნდა დუნდუა, გუნდის უფროსი შოთა პატარაია, კაპიტანი თეიმურაზ ჩხაიძე

რაც ზემოთ დავწერეთ, ის დროა, როცა საკმარისი ბურთიც კი არ აქვთ სავარჯიშოდ და მაშინ ეს ხუმრობა მოედო ქართულ საფეხბურთო სამყაროს: კატი ფეხბურთელებს ვარჯიშებზე აფრთხილებს _ ნელა დაარტყით, ბურთი არ გასკდესო…

მერე თითქმის 20 წელი სტადიონის დირექტორის თანამდებობაზე, თუმცა აქ სიტყვა „დირექტორი“ პირობითია _ იგი მასავით ენთუზიასტ რამდენიმე ადამიანთან ერთად, იყო მოედნის მკრეჭავიც, სასუქის შემტანიც, ელექტრიკოსიც და წყალგაყვანილობის ხელოსანიც. არაფერს თაკილობდა, რომ გუნდს მოვლილი მოედანი ჰქონოდა. ბავშვივით ელოლიავებოდა მინდვრის საფარს… ქუთაისში დადიოდა, ძველი საბურავები ჩამოჰქონდა, ცეცხლი რომ დაენთო და ბიჭებისთვის თბილი წყალი დაეხვედრებინა.

აი, ასეთ ადამიანებზე დგას ყველა წარმატებული კლუბის ისტორია. მერე რა, რომ ჩრდილშია და მართალია, ახლანდელ თაობას ვერ ეცოდინება, რომ 1986 წლის ტრიუმფატორი „გურიას“ გუნდის უფროსი გახლდათ, მაგრამ სამწუხაროდ, არც მაშინ თქმულა ხმამაღლა და ჯეროვნად დაფასებულა მისი ღვაწლი. იმ დროს კი გუნდის უფროსის პოზიცია მწვრთნელის შემდეგ მთავარ ფიგურად მიიჩნეოდა…

… დღემდე ყოველდღიურად გადის გზას სახლიდან  სტადიონამდე და პირიქით. უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და კარგი მონადირეა. ზოგი ამბობს, მწარე ენა აქვსო, სინამდვილეში, სიმართლის მთქმელი კაცია და ამ დროს მისთვის ავტორიტეტები არ არსებობს. ბავშვურად ალალია და კეთილი გული აქვს, არ გიღალატებს და გვერდში ბოლომდე დაგიდგება. ეს ხომ მისი ოჯახის მთავარი სავიზიტო ბარათია…

დღეს იგი იუბილარია, რასაც დიდი პატივისცემით და სიყვარულით ვულოცავთ!

მადლობას ვუხდით მას და მის ოჯახს, რასაც უკვე საუკუნეზე მეტია, სამი თაობა ლანჩხუთის ფეხბურთისთვის აკეთებს და ვისურვებდით, რომ კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყოს 1924 წელს დაწყებული დიდი ისტორია!

მამუკა ქანთარია