ლანჩხუთის გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილე ნუგზარ ცინცაძე გარდაიცვალა. უაღრესად პატიოსანი, კულტურული და კეთილშობილი კაცი, გამორჩეული ზრდილობით, შინაგანი ბუნებით, ადამიანებთან ურთიერთობითა და განათლებით… პროფესორი იყო არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის დარგში, არამედ ადამიანობაშიც. ეს წოდება მას მშობლიურმა ლანჩხუთმა მიანიჭა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ნუგზარ ცინცაძის გარდაცვალების გამო. 2015-2017 წლებში ის იყო გამგებლის პირველი მოადგილე. საქმის ერთგული, გამორჩეულად წესიერი და პატიოსანი საჯარო მოხელე, ღირსეულად და პასუხისმგებლობით ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. თანავუგრძნობ ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს ბატონი ნუგზარის გარდაცვალების გამო“ _ სამძიმრის წერილს ფეისბუკის პირად გვერდზე აქვეყნებს ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი.
ლანჩხუთელი პოლიტიკოსი ნიკა მაჭუტაძე სოციალურ ქსელში ემოციურად ემშვიდობება ბიძას:
„თუ დაგივიწყო, დამივიწყოს ჩემმა მარჯვენამ… გარდაიცვალა ჩემი გამზრდელი ბიძა. ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი, უსაყვარლესი, უძვირფასესი, საამაყო კაცი. სათაყვანო პიროვნება… და რაღა უნდა ვქნა მე?! ბატონი ნუგზარ ცინცაძის გარეშე…“
ლანჩხუთის მერიის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელ მაკა სულაბერიძეს ნუგზარ ცინცაძესთან უმუშავია და მის პროფესიონალიზმსა და პიროვნულ ღირსებებზე წერს:
„როცა წესიერებაზე, პატიოსნებაზე, ერთგულებასა და პროფესიონალიზმზე საუბრობ, არ შეიძლება ბატონი ნუგზარ ცინცაძე არ გაგახსენდეს. მისი პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობა იყოს ის გამოცდილება, რითაც ყოველთვის გამოირჩეოდა. უდიდეს პატივს ვცემდი, ყოველთვის გასათვალისწინებელი იყო მისი რჩევა და დარიგება. სოფლის მეურნეობის განსაკუთრებულ მცოდნეს სულ რამდენიმეს ვიცნობ ჩვენს მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი გამორჩეული იყო, უყვარდა ამ საკითხზე წერა და სხვებისთვის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება. უფალმა გაანათლოს ბატონი ნუგზარის სული. დასანანია მისი გარდაცვალება“.
ლანჩხუთელი ოპოზიციონერი, ემიგრაციაში მყოფი ლელა ჩახვაძე ასევე ემოციურად ემშვიდობება უფროს კოლეგას:
„ადამიანი დაბადებით ინტელიგენტი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. მისი სიმდიდრე გონიერება, განსწავლულობა, სწორი ხედვები, სიკეთე და პრინციპულობა იყო. ყოველთვის მისაღები იყო მისი სწავლების და რჩევის მოცემის ფორმა ჩემთვის. ინსტიტუტში კოლეგები ვიყავით, სადაც ლექციებს ვკითხულობდით, მაგრამ არასდროს მიმიცია თავისთვის უფლება, გავტოლებოდი. ის დეკანი გახლდათ, თავმდაბლობით და უბრალოებით გამორჩეული. ბევრის გაკეთება შეეძლო, მაგრამ ძალიან პატიოსანი და მაღალი რანგის პროფესიონალი იყო, რაც მისაღები არ გახლავთ ხელისუფლებისთვის. თითოეული შეხვედრა ჩემთვის გაკვეთილი იყო, საყვარელ უფროს კოლეგასთან. დიდი გულისტკივილით გემშვიდობები ლანჩხუთის სინამდვილეში, ძალიან ნათელო ადამიანო. თანავუგრძნობ ოჯახს და ყველა ახლობელს“ _ წერს ფეისბუკის პირად გვერდზე საფრანგეთში მყოფი პოლიტიკოსი.
ლანჩხუთს ძალიან დააკლდება ნუგზარ ცინცაძე _ თავისი ცოდნით, გამოცდილებით, კეთილშობილებითა და ადამიანური ღირსებებით გამორჩეული პიროვნება. ის იმ ადამიანთა შორის იყო, რომელთა ავტორიტეტიც თანამდებობასა თუ წოდებაზე მეტად პირად მაგალითს, პატიოსნებასა და საქმისადმი ერთგულებას ეფუძნება. სოფლის მეურნეობის დარგში მისი მრავალწლიანი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა, კოლეგებისთვის გაზიარებული ცოდნა და ადამიანებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულება დიდხანს დარჩება მათ მეხსიერებაში, ვისაც მასთან ურთიერთობა ჰქონია. მისი გარდაცვალება დანაკლისია არა მხოლოდ ოჯახისა და ახლობლებისთვის, არამედ მთელი მუნიციპალიტეტისთვის.
„გურია Today“ მწუხარებას გამოთქვამს ნუგზარ ცინცაძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.





