„ასე აღესრულა ლაშა ბროლაძე, საძახისით გურულო, ქართველი, ტომით გურული, უკრაინაში, ქალაქ სუმთან… ერთიანი საქართველოსთვის ბრძოლაში“

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ლაშა ბროლაძე, არჩილ ხოფერია

ლანჩხუთელი არჩილ ხოფერია, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, სოციალურ ქსელში თანამებრძოლსა და თანაკუთხელთან, ლაშა ბროლაძესთან გამოსამშვიდობებელ წერილს აქვეყნებს.

„ერთი კილომეტრი გამოვიარე, სტარლინკთან მოვედი, ორი სიტყვა რომ დამეწერა მასზე, ამჯერად გამოსამშვიდობებელი..

სამი წლის წინ ვწერდი, თუ როგორ გაიარეს მტრის კილომეტრიანი სანგარი, ბრძოლით, ქართველმა სერჟანტებმა _ გურულმა და მეგრელმა..

როგოგორ გადააბიჯეს რვა მომხდურს და აიღეს სანგარი..

შემდეგ ჯაბა კურსკში დაეცა, ამჯერად მტრის მიწაზე, სადაც უკვე ჩვენც მივედით.. ჰოდა, იქ აღესრულა.. მტრის დრონმა შუაზე გაგლიჯა.. იქვე დარჩა..

ახლა ლაშასაც დაუღამდა ამ გზაზე, სიკვდილისკენ მიმავალ გზაზე და ისიც ნაფლეთებად იქცა..

ასე იყო მუდამ, ამით განსხვავდებიან მეომრები სხვებისგან, სიკვდილთან დამოკიდებულებით.

თუ ადამიანები ცდილობენ თავი აარიდონ მას, ჩვენი გზა მასთან შეხვედრის გზაა. ამ გზაზე ჩვენ მას არ ვუფრთხით, იცის მანაც და ხანდახან გაიღებს მოწყალებას, რომ ისე აღვესრულოთ, როგორც მეომრებს ეკადრებათ..
ნაფლეთებად ვიქცეთ..
კარგი სიკვდილია მეომრისთვის..

ჰოდა, ასე აღესრულა ლაშა ბროლაძე, საძახისით გურულო, ქართველი, ტომით გურული, უკრაინაში, ქალაქ სუმთან..
ერთიანი საქართველოსთვის ბრძოლაში..

ჩვენი ერის მარადიული ბრძოლა გრძელდება“ _ წერს არჩილ ხოფერია.

მისი შვილი _ ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერიაც უკრაინაში დაიღუპა, ძმა _ უფროსი ჯამბულათ ხოფერიაც რუსების წინააღმდეგ ბრძოლას [აფხაზეთში] შეეწირა.