„გურია“ რამდენიმე საათით იყო პირველ ადგილზე, ვიდრე თბილისელი კონკურენტების შეხვედრა დაიწყებოდა, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა, რაც ლანჩხუთური კლუბისთვის საუკეთესო შედეგი იყო: ლიდერთან სხვაობა მინიმალურია, ხოლო უახლოეს მდევრებს უკვე 10 ქულით დაშორდა.
თანაც გოჩა ტყებუჩავას გუნდს ამ სეზონის აღმოჩენა „თბილისი 2025“-ს მალე შინ ეთამაშება. მისთვის გადასწრებას ოდენ პრესტიჟის მნიშვნელობა აქვს, უფრო მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა სხვაობა „იბერია-1999“-თან და ფაქტობრივად, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ გურულები ყოველგვარი პლეი ოფის გარეშე დაწინაურდებიან.
10 ქულა ძალიან დიდი სხვაობაა დარჩენილი 9 ტურისთვის, თანაც იმ ფონზე, რომ „გურიამ“ ბოლო ხუთივე შეხვედრა მოიგო, აქედან სტუმრად 5:0 დაასრულა ზედიზედ მესამე შეხვედრა.
პირველ წრეში, ფოთში 0:0-ის გამო, ლანჩხუთის კლუბმა „გარდაბანზე“ შური იძია.
არადა, პირველი რეალური ხიფათი თბილისში მოთამაშე „მასპინძლებმა“ შექმნეს, მაგრამ პირველი ტაიმის შუადან ლუკა ქოქოსაძის ბენეფისი ვიხილეთ.
ბოლოსკენ თავად გაიტანა, როცა ლევან კაკუბავას ჩინებული პასი ვალერი ოლხოვმა საგოლედ გადაცემად აქცია, იქამდე კი, მის ორ გადაცემას მოჰყვა პირველი გოლები: ჯერ დათა სიჭინავამ, ჩვეულ სტილში, საჯარიმოს გარედან დააწინაურა სტუმრები, მალე კი, იოანე ტაბატაძემ კიდევ უფრო შორიდან სადებიუტო გოლი გაიტანა.
ნახეთ ვიდეო: იოანე, რას აკეთებ? ტაბატაძის სადებიუტო გოლი “გარდაბანის” კარში
თავისი პირველი გოლი შეაგდო ლუკა შეროზიამაც _ „გურიას“ ახალწვეულს კაკუბავამ მოედნის ცენტრალურ ხაზთან შეუგორა ბურთი, მან კი კარამდე მეტოქის მცველები ჩამოიტოვა და… 4:0.
ლანჩხუთელთა კაპიტანმა ასისტს გოლიც დაუმატა _ 61-ე წუთზე, სიჭინავას ჩაწოდებულ სტანდარტს თავით კარში მიუჩინა ადგილი, 5:0.

„გურიას“ პირველადგილოსანს მიუახლოვდა, მდევრები 10 ქულით ჩამოიშორა
საინტერესოა, რომ გურულების თავკაცმა წინა მატჩიდან [„გონიოსთან“ 2:0] მხოლოდ 3 მოთამაშე დააყენა სასტარტოში, რაც მოგეხსენებათ, ფეხბურთში იშვიათობაა.
სავარაუდოდ, მიზეზი ტრავმებია, თორემ თუნდაც იმ 3 მცველის შეცვლა წარმოუდგენელია, აქამდე ლამის ყველა მატჩი რომ ჩაატარა.
სამაგიეროდ, სასტარტოში რამდენიმე ახალწვეული ვიხილეთ, ტრავმის შემდეგ, დაბრუნდა ვატო არველაძე, გამოჩნდა დავით კიკალიშვილი…
ნახეთ მატჩის ალბომი: გურულების მორიგი გასეირნება და გამარჯვების ემოციები
ისიც გამოჩნდა, რომ ლანჩხუთელებს, ფაქტობრივად, 2 თანაბარი შემადგენლობა ჰყავს და კიდევ უფრო განმტკიცდა მოსაზრება, რომ „გურია“ ლიგაში ყველაზე დაბალანსებული გუნდია.
მორიგ შეხვედრას გურულები 17 სექტემბერს, ლანჩხუთში გამართავენ და თბილისის „დინამო-2“-ს უმასპინძლებენ.
10.09.2026 | თბილისი, ოლიმპიური კომპლექსი | გარდაბანი 0:5 გურია
0:1 სიჭინავა (21), 0:2 ტაბატაძე (36), 0:3 ქოქოსაძე (45), 0:4 შეროზია (53), 0:5 კაკუბავა (61)
გურია: იობაშვილი (71. ლომიძე), კაკუბავა, წილოსანი, კახაბრიშვილი (61. ოქროპირიძე), სიჭინავა, ოლხოვი (70. არველაძე), ჩოთალიშვილი, ტაბატაძე (61. კიკალიშვილი), გეგუჩაძე, შეროზია (61. გამბაროვი), ქოქოსაძე



