დღეს, გვიმბალაურმა ქალთა საფეხბურთი ჩემპიონატის მერვე ტურის ცენტრალურ მატჩს უმასპინძლა _ მოქმედმა ჩემპიონებმა და ცხრილის სათავეში მყოფმა გურულებმა „სამეგრელოს“ უმასპინძლეს, რომელსაც 2 ქულით ნაკლები ჰქონდა. აქამდე ორივე გუნდს 6-6-ჯერ მოეგოთ, ქულებიც ორივემ „ნიკე-ლუსოსთან“ დაკარგა, ოღონდ მეგრელებმა შინ 0:2 წააგეს, ხოლო „ლანჩხუთი“ ფრედ ეთამაშა დედაქალაქელებს,
მატჩს ინტრიგას ისიც მატებდა, რომ „სამეგრელოს“ რიგებში არაერთი ფეხბურთელია, ვინც გასულ სეზონში „ლანჩხუთის“ რიგებში გახდა ჩემპიონი. როცა სეზონის წინ, გურული კლუბი 17-მა ფეხბურთელმა დატოვა, მათმა უმეტესობამ სწორედ „ნიკე-ლუსოს“ და „სამეგრელოს“ მიაშურა.
ერთ-ერთი მათგანია ანი გობრონიძე, 15 წლის ასაკში რომ გახდა პირველად საქართველოს ჩემპიონი და ასევე, „ლანჩხუთთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე, ქართველთაგან ყველაზე ახალგაზრდამ იასპარეზა.
ანიმ მისთის კარგად ნაცნობ მოედანზე ულამაზესი დატყმით ანგარიში მე-8 წუთზე გახსნა და მშობლიური კლუბის კარში გატანილი გოლი არ აღნიშნა. მას გამოცდილმა ექს-თანაგუნდელმა, ლელა ჭიჭინაძემ ნახევარ საათში უპასუხა და პირველი ნახევარი 1:1 მორჩა.
მეორე ტაიმის შუაში, 67-ე წუთზე, გურულები ერთ-ერთმა ლიდერმა, ეთერ სულაშვილმა დააწინაურა, თუმცა ლანჩხუთელთა სიხარული მხოლოდ 2 წუთს გაგრძელდა და მეგრელების ლეგიონერმა, ალია ხილიმ ასევე შორეული დარტყმით გაათანაბრა.
ლანჩხუთელთა თავკაცი გიორგი ჩხაიძე წყვილი შეცვლით ეცადა ვითარების შეცვლას, მაგრამ მეტი გოლი აღარ გასულა და „ლანჩხუთმა“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, რითაც ისარგებლა „ნიკე-ლუსომ“ და „ელიტასთან“ 2:0 მოგების შემდეგ, ცხრილში პირველ პოზიციას, ამჯერად ერთპიროვნულად დაუბრუნდა.

8 ტურის შემდეგ, ცხრილის ზედა ნაწილში დიდი სიმჭიდროვეა
შემდეგ შეხვედრას, რომლითაც პირველი წრე სრულდება, „ლანჩხუთი“ 11 მაისს „ვერესთან“ სტუმრად გამართავს. იმავე დღეს, „ნიკე-ლუსო“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს, „სამეგრელო“ _ „კვარტალს“.
04.05.2025 | გვიმბალაური, სფფ-ის აკადემია | ლანჩხუთი 2:2 სამეგრელო | 0:1 გობრონიძე (8′), 1:1 ჭიჭინაძე (39′), 2:1 სულაშვილი (67′), 2:2 ხილი (69′).
ლანჩხუთი: გაბუნია, გუჯაბიძე, კალანდაძე, ჩხარტიშვილი, რასელი, გირჩიცი, წიქარიძე (73. დიმოპულუ), ბოლქვაძე (73′ ეჯიბია), სულაშვილი, მატვეევა, ჭიჭინაძე