თემურ ჩხაიძის ნაკვალევზე… „გურიის“ ლეგენდარული კაპიტნის საიუბილეო ტურნირი ლანჩხუთელებმა მოიგეს!

|

Loading

დღეს დასრულდა „გურიას“ ლეგენდარული კაპიტნისა და საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებული თემურ ჩხაიძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში 2011-12 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის.

შეჯიბრი გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პატრონაჟით გაიმართა, რომელიც მსგავს ტურნირებს სისტემატურად ატარებს. მას მხარდაჭერას უწევენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და ლანჩხუთის მერია. წლევანდელ გათამაშებას სპონსორული დახმარება გაუწია „ტრენაჟორების სახლმა“.

წინა წლების მსგავსად, ამჯერადაც  4 რეგიონის გუნდი იღებდა ტურნირში მონაწილეობას _ გურიას ამავე სახელწოდების ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლის გუნდი წარმოადგენდა, სამეგრელოს _ ზუგდიდის „ბაია“, აჭარიდან იყო ქობულეთის „ჩელე“, ხოლო  იმერეთიდან _ ქუთაისის „მართვე“.

თემურ ჩხაიძე გამარჯვებული გუნდის კაპიტანს მთავარ პრიზს გადასცემს

გუშინ პირველი მატჩები გაიმართა _ ლანჩხუთელებმა „ჩელე აკადემია“ დათა ღლონტის მიერ მატჩის დასაწყისშივე (მე-5 წუთზე) გატანილი გოლით დაამარცხეს 1:0, ხოლო „ბაიამ“ 4:1 მოუგო ქუთათურებს. დღეს ფინალამდე მესამე ადგილისთვის მატჩი გაიმართა _ „მართვემ“ ქობულეთელებს 2:1 მოუგო და საპრიზო ადგილს დაეუფლა.

მთავარი პრიზისათვის გურულ-მეგრული დაპისპირება გაიმართა, სადაც ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლის გუნდი პირველივე წუთზე გიორგი რუსიეშვილის გოლით დაწინაურდა. მალევე საბა ხურცილავამ გურულების უპირატესობა სოლიდური გახადა. ზუგდიდლებმა მხოლოდ ერთი გოლით უპასუხეს, „გურიამ“ 2:1 მოიგო და ლეგენდარული კაპიტნის საიუბილეო ტურნირის თასიც ჩაიხუტა. გუნდის მწვრთნელები არიან _ შაქრო ბარამიძე და ავთანდილ ნარიაშვილი.

„გურიას“ ჭაბუკები და მათი მწვრთნელები ლეგენდარულ კაპიტანთან ერთად

სასიხარულოა, რომ „გურიას“ საუკუნის საუკეთესო მოთამაშის საიუბილეო ტურნირში ლანჩხუთელებმა გაიმარჯვეს. დიდი ტრადიციების მქონე გუნდს ახლა მძიმე დროება უდგას და იმედია, ეს და მომავალი თაობები შეძლებენ იმ დიდების დაბრუნებას, რასაც, ფაქტობრივად, მთელი ცხოვრება მიუძღვნეს კლუბის ლეგენდებმა: თემურ ჩხაიძემ, გიგლა იმნაძემ, ბეგი სიხარულიძემ, აწგარდაცვლილებმა _ ევგრაფ შევარდნაძემ, ბუტა ჟორდანიამ, იმედო დუნდუამ, შალვა კაკაბაძემ და სხვა მრავალმა ფეხბურთელმა, მწვრთნელმა, მენეჯერმა თუ უბრალოდ, თავგადაკლულმა გულშემატკივრმა.

გამარჯვებულებს თასები და სიგელები გადასცეს, ასევე საუკეთესო მოთამაშეები დააჯილდოვეს თავად თემურ ჩხაიძემ და „გურიას“ სხვა ცნობილმა სახეებმა _ გიგლა იმნაძემ, ზვიად ენდელაძე, თემურ ლორიამ, ავთანდილ ნარიაშვილმა, ლანჩხუთის მერის მოადგილე თორნიკე ტიკაძემ, გურიის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტმა დავით მუჯირმა, გენერალურმა მდივანმა და ტურნირიის მთავარმა სულისჩამდგმელმა თეიმურაზ ალექსაიამ. გურული ფეხბურთის თავკაცებმა გუნდები ბურთებითა და სპორტული ეკიპირებით დაასაჩუქრეს.

საუკეთესო მეკარედ დასახელდა „გურიას“ კარის დარაჯი _ დათა ორმოცაძე, რჩეული მცველის პრიზი ქობულეთელმა დავით ბერიძემ დაისაკუთრა, ნახევარმცველებს შორის ლანჩხუთელი გიორგი გურგენაძე გამოარჩიეს. საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი მიიღო „ბაიას“ შემტევმა, ლუკა ფიფიამ. ლანჩხუთის „გურიას“ მიერ დაწესებული პრიზი ადგილობრობმა, რევაზ ჩიკაშუამ დაიმსახურა, ყველაზე პერსპექტიულად ქუთაისელი გიორგი ხანთაძე აღიარეს. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა   ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლის წარმომადგენელი სანდრო ტუღუში.

თემურ ლორია და დავით მუჯირი საუკეთესოებს აჯილდოებენ

შეჯიბრში მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ოთხთა ტურნირი კვლავაც ჩინებულად იყო ორგანიზებული და მადლობა გადაუხადეს მის ორგანიზატორებს. შეჯიბრს გვიმბალაურის აკადემიამ უმასპინძლა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა დააფინანსა.

გურიის რეგიონულ ფედერაციას გამორჩეულად ეკუთვნის მადლობა, რომ ყოველწლიურად მაღალ დონეზე ატარებს მსგავსი სახის რამდენიმე ტურნირს, რაც ერთის მხრივ, გურული ფეხბურთის ცნობილი სახეების სახელების უკვდავყოფას ემსახურება, ამასთან პოპულარიაზაციას უწევს მხარეში სპორტის მთავარ სახეობას, აახლოებს და დიდ სტიმულს აძლევს სხვადასხვა რეგიონის ჭაბუკ მობურთალებს და მათ წვრთნა-განვითარებას უწყობს ხელს. ამ უწყების პირველ პირებთან ერთად აღსანიშნავია მარინე ჩაგანავას ღვაწლი ამ და წინა შეჯიბრების ორგანიზებაში.

ასევე წაიკითხეთ „გურია თუდეის“ სტატია: ლანჩხუთელი, რომელიც სსრკ-ის ნაკრებს კაპიტნობდა და საქართველოს ნაკრებს უთავკაცა… „გურიას“ ლეგენდა 70 წლისაა! https://shorturl.at/1cypg

რას ჩივი?