ისევ 6:0 და ჯამში 33! ციცებმა წელს აჭარული მეექვსედ იცეკვეს, მაგრამ… თუ წაგებას ჩაუთვლიან, ჩემპიონობის შანსს დაკარგავენ

|

Loading

„ლანჩხუთმა“ „ბათუმს“ წელს მეექვსედ მოუგო, ნათია დანელიამ 8 გოლი გაუტანა

4:0, 6:0, 6:0, 7:0, 4:0 და 6:0… ეს ის ანგარიშებია, რომლებითაც „ლანჩხუთმა“ ამ სეზონში „ბათუმს“ მოუგო. დუბლები ნინო ბუხრიკიძემ და ეთერ სულაშვილმა შეასრულეს, ასევე გაიტანეს ნინო პასიკაშვილმა და ნათია დანელიამ, რომელიც 49 გატანილი გოლით ლიგის მთავარი მეგოლეა.

მან ბათუმელებს 8 გოლი გაუტანა, თუმცა ეს არაა საუკეთესო შედეგი – ეთერ სულაშვილმა 10-ჯერ აიღო აჭარული კლუბის კარი.

33 გატანილი გოლი და მშრალად შენახული საკუთარი კარი – გიორგი ჩხაიძის გუნდმა წელს „ბათუმი“ პირწმინდად დაჩაგრა.

„ნიკე-ლუსო“ – „ლანჩხუთის“ ჩაშლილ შეხვედრაზე სფფ-ს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

თუმცა ეს საკმარისი არაა, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა ჩემპიონობისთვის იბრძოლოს. საამისოდ თეორიული შანსია მხოლოდ დარჩენილი: თუ სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტი გურულებს „ნიკე-ლუსოსთან“ მეორედ მიტოვებულ შეხვედრაშიც ტექნიკურ წაგებას (0:3) ჩაუთვლის და ეს დიდი ალბათობით ასეც იქნება, „ლანჩხუთი“ ამ სეზონში ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდება.

თუმცა „ნიკე-ლუსომ“ იჩქარა და თავი ჩემპიონად უკვე გამოაცხადა.

„ლანჩხუთმა“ მას ეს ტიტული, ფაქტობრივად, უბრძოლველად დაუთმო… „ყველა ტიტული მეორეხარისხოვანია, როცა საქმე ძალადობას ეხება“ _ ასეთია მათი გადაწყვეტილება.

24.11.2026 | ბათუმი, „ჯონი ბაკურაძე“ | ბათუმი 0:6 ლანჩხუთი

0:1, 0:5 ბუხრიკიძე (6, 83), 0:2, 0:3 სულაშვილი (16, 43), 0:4 დანელია (77), 0:6 პასიკაშვილი (88)

ლანჩხუთი: თაბაგარი, გუჯაბიძე (57. ჯოჯუა), ჩხარტიშვილი, მურილო, სიჭინავა, რასელი, პასიკაშვილი, დანელია, ბუხრიკიძე, ნარსია, სულაშვილი (70. ცეცხლაძე)