გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და იძულების საქმეზე ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვანი სხვადასხვა დროს გააუპატიურა და მის მიმართ განახორციელა გარყვნილი და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებები. ასევე, ბრალდებული დაზარალებულის მიმართ ფსიქიკურ იძულებას ახორციელებდა, რა დროსაც მოკვლით ემუქრებოდა, თუ მის მიმართ განხორციელებული ფაქტების შესახებ ვინმეს ეტყოდა.
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანის გაუპატიურების, მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების, გარყვნილი ქმედების და იძულების ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა“ _ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, 2 ეპიზოდი), 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკის მიუღწეველი პირის მიმართ), 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ,ორი ეპიზოდი) და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (იძულება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ,2 ეპიზოდი) ჰქონდა წარდგენილი და ის სასამართლომ აღნიშნულ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო.
ცნობისთვის: 2026 წლის ივლისში, გურიაში პოლიციამ 14 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა, 50 წლამდე კაცი მას შემდეგ დააკავა, რაც სამართალდამცველებს დაზარალებულის დედამ მიმართა, ხოლო 2025 წლის აგვისტოში, ასევე გურიაში დააკავეს 30 წლამდე კაცი, რომელსაც ასევე არასრულწლოვანი გოგოს გაუპატიურება ედებოდა ბრალად.
პროკურატურის განცხადებაში მითითებული არ არის, რომელ კონკრეტულ ფაქტს უკავშირდება ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი.





