ცნობილი ქართველი ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი 1980 წელს ალიოშა კოტრიკაძემ თბილისის „დინამოდან“ „გურიაში“ გადმოიყვანა. მაშინ ლანჩხუთის კლუბი სსრკ-ის პირველ ლიგაში პირველ სეზონს ატარებდა.
ერთი თვის წინ, გოჩა მაჩაიძემ “სარბიელის პოდკასტში” ისაუბრა საკუთარ ცხოვრებაზე, კარიერასა და თავს გადახდენილ ტრაგედიებზე.
“ჩემი ცხოვრება ტრაგედიებით არის სავსე. ერთი ბიჭი 1984-ში გარდამეცვალა წლამდე იყო, მერე 16 წლის ბიჭი – 2006 წელს. როგორ არის იცით, მაგ დროს რა უნდა ქნა, ღმერთია შენთან. მორწმუნე კაცი თავს ვერ მოიკლავ. არადა, ეს ყველაფერი გულში რჩება და შედეგიც გამოიღო. გულზე სტენტების ჩადგმა დამჭირდა, დღესაც ვმკურნალობ. ვებრძვი მაინც ცხოვრებას, ვებრძვი ასაკს… ვებრძვი რას ჰქვია, ვტკბები იმით, რაც მაქვს დღეს.
ღმერთმა დამიფაროს, რომ ღმერთს რამე ვუსაყვედურო. იმდენი სიკეთე დამაფრქვია მაინც. იმდენი სისულელეებიც ვაკეთე, ალბათ, ახალგაზრდობიდან გამომდინარე, ბევრი მომცა და ცოტა გავაკეთე და სიმწარეც ბევრი გავიარე, ამას მტერს არ ვუსურვებ…
ახლა ერთი ბიჭი და ორი შვილიშვილი მყავს, ისინიც ბიჭები, იქნება ეგენი მაინც გავზარდო ფეხბურთელებად, თუ არა და, კაცებად გავზრდი. გავაკეთებ რაც შემეძლება, პირველ რიგში ღმერთს და სამშობლოს შევაყვარებ. მერე დანარჩენი თვითონ იციან, დაძალებით ვერაფერს დავაძალებ. ფეხბურთისკენ თუ გაუწევთ გული, კარგი იქნება…” _ თქვა სახელოვანმა ფეხბურთელმა.
გოჩა მაჩაიძე გასული საუკუნის 70-იანი წლების თბილისის „დინამოს“ ოქროს თაობის წარმომადგენელი გახლდათ, ასევე თამაშობდა მოსკოვის „სპარტაკსა“ და ქუთაისის „ტორპედოში“.
„გურია Today“ მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი ფეხბურთელის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.





