გურულ ბიზნესმენს პენსიონერის განზრახ მკვლელობას ედავებიან – მოსამართლემ 50-ათასიან გირაოზე უარი თქვა და წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

|

Loading

გურულ ბიზნესმენს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

გურულ ბიზნესმენს, გელა არობელიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა განესაზღვრა. დაცვის მხარის პოზიციით, ბრალდებულს წარსულში მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლეობა არ გააჩნია, რის გამოც მისი 50 000 ლარის ოდენობის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობით გამოვიდნენ, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

მანამდე ბიზნესმენს ბრალი პროკურატურამ წაუყენა კლინიკაში, სადაც არობელიძეს ხელზე დაზიანების გამო გადაიყვანეს. დაცვის მხარის ინფორმაციით, მას გარდაცვლილის მხრიდან ტაფით მიყენებული ზიანის გამო ხელზე ოპერაცია გაუკეთდა, ხოლო მეორე მხარის პოზიციით, ეს შესაძლოა ყოფილიყო თავის დახვა დანით თავდასხმის მოგერიების დროს.

როგორც პროკურატურის განცხადებაში წერია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, თბილისში, ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა ავტოსადგომზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი დაპირისპირების დროს, ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით, განზრახ მოკვლის მიზნით, დაზარალებულს მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. გურული ბიზნესმენისთვის წაყენებული სსკ-ის 108-ე მუხლი 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის ბრალს არ აღიარებს.

დღეს, ბრალდებული ბიზნესმენის მეუღლემ მაკა სალუქვაძემ სოციალურ ქსელში დაწერა:

„გაგიკვიდებათ, მაგრამ დუმილი უნდა დავარღვიო. მიცნობთ თუ არ მიცნობთ, ყველა დამიჯერებთ, თუ როგორი მძიმე იქნება ჩემი მდგომარეობა. უფალს ვთხოვ, შეუნდოს ჩემს მეუღლესა და გარდაცვლილ ბატონს მათი ცოდვები. ღვთის სამართალი და კაცის ერთმანეთს არ ემთხვევა. ამიტომ გთხოვთ, თავი შევიკავოთ ერთმანეთის განკითხვისაგან, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან.

განა შეღავათია, თქვა დანა გულში ან მუცელში მოხვდა, როცა ფეხის კუნთია დაშავებული. განა შეღავათია ჩემთვის გარდაცვლის წარსულზე შავ-ბნელი ცნობების მოწოდება. დაე, უფალმა განსაჯოს. გულწრფელი სამძიმარი მის ოჯახს. უზომოა ჩემი მწუხარება, მაგრამ, როგორც პატარა ნაპერწკალი გულს მითბობს, თქვენი კეთილი სიტყვები გელას მიმართ გამოთქმული.

მადლობა უფალს, მას ისე უცხოვრია, რომ ამ საშინელი იარლიყის მიუხედავად, სიყვარულით იხსენიებთ. სამოცი წელი ისე გაუვლია დასაშანტაჟებლად 10 წლის ასაკში მისი და პოლიციელი ბიძის ნათესაობა გამოიყენეს. ვწუხვარ და ბოდიშს გიხდით, მძიმე ამბით რომ დავამძიმეთ სამყარო. მეუბნებიან, ნუ გეშინია, ყველაფერი გაირკვევაო, მაგრამ ვიცი აღარასოდეს იქნება ყველაფერი კარგად, როცა ღვთისა და ადამიანთა მიმართ პასუხისმგებლობა გაქვს, ამ საზარელ ფაქტს ვერ დაივიწყებ“ _ წერს ბრალდებულის მეუღლე ფეისბუკის პირად გვერდზე.

ასევე წაიკითხეთ: „დაჩეხილი ბიძაჩემი ადგილზე გარდაიცვალა, სასწრაფო დახმარებას ცოცხალი კი დახვედრია, თუმცა…“ – შესაძლოა მკვლელობა გურიაში 50 წლის მომხდარს უკავშირდებოდეს?