„დაჩეხილი ბიძაჩემი ადგილზე გარდაიცვალა, სასწრაფო დახმარებას ცოცხალი კი დახვედრია, თუმცა…“ – შესაძლოა მკვლელობა გურიაში 50 წლის მომხდარს უკავშირდებოდეს?

|

Loading

გურულ ბიზნესმენს პენსიონერის მკვლელობას ედავებიან

18 ნოემბერს, თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, კორპუსის ავტოფარეხში 77 წლის მამაკაცი ვახტანგ ჩიქოვანი ცივი იარაღით მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა გურული ბიზნესმენი, 67 წლის გელა არობელიძე დააკავეს.

„ჩემთვის ორმაგი უბედურებაა ისიც, რომ ამ საქმეში ჩემი კუთხის, გურიის შვილი ფიგურირებს“ _ დაწერა სოცილურ ქსელში ცნობილმა იურისტმა ირაკლი ღლონტმა.

იგი თავის ფეისბუკ-პოსტში უსამძიმრებს მკვლელსაც: „დანაშაულის იარაღი – დანა მკვლელს ეკუთვნოდა, ბიძაჩემი კი უიარაღო იყო. ვახტანგ ჩიქოვანის ერთადერთი იარაღი ყოველთვის მისი სიტყვა, საქმე და ღირსება იყო.

შვილის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ ის ოჯახის მზრუნველი მმართველი, შვილებისა და შვილიშვილების გულისხმიერი მამა და ბაბუა იყო. როცა შეიტყობდა, რომ ნაცნობს თუ უცნობს შვილი გარდაეცვლებოდა, ჭირისუფალივით მიდიოდა მათ ოჯახში და გულმოკლულ მშობლებს სამძიმარს უცხადებდა. კაცისკვლას არავითარი გამართლება არ აქვს და ვერ ექნება – უნდა აღსრულდეს სამართალი!

საქმეში ჩართულია ჩემი უახლოესი მეგობარი და სანდო ადვოკატი, ლექსო სვიმონიშვილი, რომელთან ერთადაც ამ საქმეს ბოლომდე, აბსოლუტური სიზუსტით და სიმტკიცით მივყვები.

აქვე სამძიმარს ვუცხადებ ბიძაჩემის მკვლელსაც, რადგან ჩვენი ტკივილის გარდა, მასაც მთელი ცხოვრება მოუწევს უიარაღო, 80 წელს მიტანებული ღირსეული კაცის მკვლელობის მძიმე ტვირთის ტარება. კაცისკვლა არის ბუნებისა და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელსაც შენდობა არ აქვს“ _ დაწერა ირაკლი ღლონტმა ფეისბუკის პირად გვერდზე.

გურიაში გამომავალი გაზეთის, „გურიის მოამბის“ მთავარი რედაქტორი ვლადიმერ მენაბდე აცხადებს, რომ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მოკლულის ახლობლები, “ნიკორას” მეწილის, გელა არობელიძისაგან ნახევარ მილიონს ითხოვდნენ.

„ეს არის მომხდარის ერთ ერთი ვერსია, რომელიც მომაწოდეს და ვთვლი, რომ შესაძლოა, ის სიმართლეს შეესაბამებოდეს:

მოკლედ, გელა არობელიძეს დაუკავშირდა მოკლული, ჩიქოვანი (მას ცნობილ ე.წ. კანონიერ ქურდთან, გოგი ჩიქოვანთან მხოლოდ გვარი აკავშირებს, ის წარმოშობით ფოთიდან იყო) და მას აცნობა რომ 50 წლის წინ, ოზურგეთში მომხდარ ერთ-ერთ საქმეზე, მისი დაკავების მიზეზი გელა არობელიძე იყო. ჩიქოვანის ვერსიით, არობელიძემ (რომელიც 50 წლის წინ 10-15 წლის იყო) შენიშნა გარკვეული ჯგუფი, რომელიც “რაღაცას იყოფდა” (წყაროს ინფორმაციით – ნაქურდალს) და მაშინდელ მახარაძის მილიციის უფროსს, ჯემალ შარაძეს აცნობა. რომელიც არობელიძის ბიძა იყო.

მომხდარის კომპენსაციის მიზნით ჩიქოვანი არობელიძისაგან 50 წლის შემდეგ, ანუ ამ დღეებში ნახევარ მილიონს ითხოვდა.

თავდაპირველად, როგორც წყარო ყვება, არობელიძეს ეს ყოველივე სასაცილოდაც არ ეყო. თუმცა მომდევნო შეხვედრებისას საქმეში კრიმინალური ავტორიტეტები ჩაერივნენ, რომლებიც ამტკიცებდნენ ჩიქოვანის ბრალდებების “კანონიერებას”… კრიმინალური ავტორიტეტების ჩარევა არობელიძემაც გადაწყვიტა და არაერთი ზარი ოზურგეთში განახორციელა, რომლის შედეგადაც რამდენიმე “ავტორიტეტი” თბილისში აპირებდნენ ჩასვლას და “გარჩევებში” მონაწილეობას.. თუმცა არობელიძეს დაასწრეს და რამდენიმე ადამიანმა ის ავტოფარეხში შეიტყუა და მასზე ძალადობა სცადა. ამ უკანასკნელმა კი ერთ-ერთი მათგანი მოკლა, დანარჩენები გაიქცნენ, რის შემდეგაც მან მომხდარი პოლიციას შეატყობინა…“ _ წერს ჟურნალისტი და დასძენს, რომ „ეს არის მომხდარის ერთ-ერთი ვერსია მხოლოდ“.

მოგვიანებით ირაკლი ღლონტმა აღნიშნული კატეგორიულად უარყო და თავის ფეისბუკის გვერდზე რამდენიმე ახალი დეტალის შესახებაც დაწერა:

„ზოგიერთ მედიასაშუალებაში ვრცელდება გადაუმოწმებელი ინფორმაცია, თითქოს ვახტანგ ჩიქოვანი გელა არობელიძისგან 50 წლის წინანდელ საქმეზე 500 000 ლარს ითხოვდა და შეხვედრაზე თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა.

მასმედიის წარმომადგენლებისთვის კარგად არის ცნობილი ჩემი პატივისცემა და კეთილგანწყობა. თუმცა, ამ საზარელი მკვლელობის შემდეგ, თავად გარდაცვლილის ხსოვნისა და ღირსების, ასევე მისი ოჯახისა და ახლობლების უფლებების გათვალისწინებით, გთხოვთ, თავი შეიკავოთ მსგავსი დეზინფორმაციის ტირაჟირებისგან.

[…]

შეხვედრა სრულიად სხვა ლოკაციაზე, ერთ-ერთ ცნობილ სასტუმროში შედგა, საიდანაც ბატონი ვახტანგ ჩიქოვანი თავად გელა არობელიძის კუთვნილი ავტომობილით მასთან ერთად გადაადგილდა ამავე პიროვნების საცხოვრებელი სახლის მიმართულებით. შესაბამისად, კითხვები სწორედ საპირისპირო მიმართულებით ჩნდება – რატომ მიიწვია ბატონმა არობელიძემ 80 წელს მიღწეული, უიარაღო ვახტანგ ჩიქოვანი საკუთარი სახლის ქვემოთ მდებარე ავტოფარეხში, სადაც ის უმოწყალოდ იქნა მოკლული თავად არობელიძის დანით?

უმძიმესი სანახავი გახლდათ ვახტანგ ჩიქოვანის ცხედარი, რომელიც პირადად დავათვალიერე – მას სხეულზე, მუცლის მიმდებარედ, არაერთი ჭრილობა აღენიშნება. მესმის, რომ ვიღაცები ცდილობენ ფონის შერბილებას, თითქოს განზრახვა არ არსებობდა, თითქოს მხოლოდ ფეხში დაარტყა. როგორც იურისტს, ასეთი ზღაპრების პირადად მე ნაკლებად მჯერა: ასაკოვან კაცს ხუთჯერ რომ დანას ურტყამ, ეს შემთხვევითობა ცხადია არ არის.

ჩემთვის ორმაგი უბედურებაა ისიც, რომ ამ საქმეში ჩემი კუთხის, გურიის შვილი ფიგურირებს. თუმცა კუთხურობა და ძველი ავტორიტეტები აქ არაფერ შუაშია – როდესაც ადამიანი მოკლულია, იქ ყველა სტატუსი მთავრდება და იწყება პასუხისმგებლობა“ _ წერს ირაკლი ღლონტი.

მან „AMBEBI.GE“-ს უთხრა: „არ ვიცი, თვითმხილველები თუ არიან, ერთადერთი, კამერის ჩანაწერებს ველოდებით გაგვიზიარონ. კომერციულ ფართთან დაკავშირებული დავა დაუდასტურებელია, ჯერჯერობით ამის დადასტურება ან უარყოფა შეუძლებელია, ბევრი ჭორი ვრცელდება. ვახტანგი არც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის – გოგი ჩიქოვანის ძმაა (როგორც გავრცელდა), მოგვარე იყო მხოლოდ. არობელიძე “ნიკორას“ მეწილე და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, თუ არ ვცდები. ჩემთვის, როგორც იურისტისთვის საგულისხმო ისაა, რომ შეხვედრის შემდეგ იმ კაცს ბიძაჩემი მიჰყავს ავტოფარეხში. დაჩეხილი ბიძაჩემი ადგილზე გარდაიცვალა – სასწრაფო დახმარებას ცოცხალი კი დახვედრია, თუმცა მალევე გარდაიცვალა. დაველოდოთ, ალბათ გაირკვევა ყველაფერი“.