„რატომ გამოაქვეყნა ასეთი ამაზრზენი სურათები, ამით რისი თქმა სურდა?“ _ ლანჩხუთის 2026 წლის საუკეთესო პედაგოგს ფაქტების განზრახ დამახინჯებაში ადანაშაულებენ

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ციალა ტუღუში (მარცხნივ) და შორენა ფილიაკოვა

ლანჩხუთელი პედაგოგი ციალა ტუღუში კოლეგის, შორენა ფილიაკოვას სკანდალურ ვიდეოს ეხმაურება და მასში მოყვანილ ფაქტებს დამახინჯებულად მიიჩნევს. ვიდეოში, რომელიც ლანჩხუთის 2026 წლის საუკეთესოს დასახელებულმა პედაგოგმა გაავრცელა, მათ შორის ნაჩვენებია არჩეულის დაწყებითი სკოლის შიგა სივრცე და ამბობს, რომ ავარიული მდგომარეობის გამო სოფელმა მოითხოვა ბავშვების ნიგვზიანის სკოლაში გადაყვანა.

ნახეთ ვიდეო: „საუკეთესო სკოლებიც გვაქვს და ბაღებიც. ნეტა ასე იყოს სხვა სოფლებშიც“ _ შორენა ფილიაკოვა

„თავდაპირველად იგი წერდა, რომ სოფელ არჩეულში არც ბაღი იყო და არც სკოლა არსებობდაო. შემდეგ აღნიშნავდა, რომ ბაღი 1988 წელს დაიხურაო. სინამდვილეში ბაღი გაიხსნა 1979 წელს, დაიხურა 1995 წელს. მე იქ ვმუშაობდი 10 წელიწადს, ჯერ აღმზრდელად, შემდეგ _ გამგედ, სკოლა კი 2023 წელს დაიხურა“ _ წერს სოციალურ ქსელში ციალა ტუღუში და უკვირს, რატომ დასჭირდა მის კოლეგას ასეთი უზუსტობანი?

„ყველაზე დიდი ტყუილი კი ის არის, როცა ამბობს: არჩეულის მოსახლეობამ მოითხოვა ნიგვზიანის სკოლაში ბავშვების გადაყვანა და არჩეულში სკოლის გაუქმებაო. სინამდვილეში არჩეულის სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა მოითხოვეს არჩეულში სკოლის შენარჩუნება. ისინი ხაზს უსვამდნენ იმას, რომ 140 წლის განმავლობაში არსებობდა ამ სოფელში სკოლის ტრადიცია და დაბეჯითებით მოითხოვდნენ შენარჩუნებულიყო სკოლა“ _ წერს პედაგოგი.

ციალა ტუღუში, არჩეულის ბაღის ყოფილი გამგე და სკოლის ყოფილი მასწავლებელი:

„ქალბატონი შორენა არჩეულელია. მას ეს სკოლა არ დაუმთავრებია, ფოთში ცხოვრობდა, სამაგიეროდ, მისი ვაჟიშვილი იყო არჩეულის სკოლის მოსწავლე, რომლის მიმართ მასწავლებლების ყურადღება და მხარში დგომა ხაზგასასმელია. პატარა ნოდარს, რომელიც გერმანიაში სწავლობდა, მოუხდა არჩეულში დაბრუნება ბებიასთან, როცა ის პირველკლასელი იყო. ჩამოვიდა მარტის თვეში. ორ თვეში, სანამ სწავლა დასრულდებოდა, მასწავლებლების დიდი მონდომებით, დამატებითი მეცადინეობებით მან არა მარტო შეისწავლა ქართული ანბანი, არამედ თავისუფლად კითხულობდა და წერდა. მის ნიჭს განვითარების საშუალება მიეცა მომდევნო წლებში. 4 წლის განმავლობაში იგი წარჩინებულ მოსწავლედ ითვლებოდა.

არჩეულელები მუდამ დადებითად განწყობილნი იყვნენ საკუთარი სოფლის სკოლის მიმართ. სრულიად ალოგიკურია,რატომ გამოიჩინა ქალბატონმა შორენამ სრული უპატივცემულება თავისი შვილის აღმზრდელ სკოლასა და მასწავლებლების მიმართ. რატომ გამოაქვეყნა ასეთი ამაზრზენი სურათები, თითქოს არჩეულის სკოლა უსუფთაობისა და ანტისანიტარიის წყარო იყო? იგი ხომ სკოლის დახურვამდე ერთხელაც არ მისულა სკოლაში. მაშ, როდის გადაიღო ეს სურათები? სკოლის დახურვის ახლო ხანებში, თუ ახლა, 2026 წელს? როცა სკოლა ფუნქციონირებდა, იქ მუდამ სისუფთავე, სიფაქიზე და წესრიგი იყო. როცა დამლაგებელი ოჯახური პირობების გამო სკოლაში არ იყო, მასწავლებლები ალაგებდნენ, ასუფთავებენ, მოჰქონდათ ტექნიკური წყალი, დროულად აწესრიგებდნენ სკოლის ტუალეტს. ამის მოწმენი არიან არჩევნების კომისიის წევრები (არჩევნები მუდამ არჩეულის სკოლაში ტარდებოდა).

ისინი დაადასტურებენ, რომ ერთხელაც არ უნახავთ უწესრიგობა არც საკლასო ოთახებში, არც დერეფანში და არც ტუალეტში. მაშ, საიდან გაჩნდა ეს სურათები, რომლებიც გადაღებულია სკოლის დახურვიდან 3 წლის შემდეგ? საინტერესოა, ვის მოეთხოვება დახურულ სკოლაში წესრიგი და სისუფთავე დაიცვან? საიდან გაჩნდა ტუალეტში ლიტრიანი ბოთლები, რომლებიც იქ არასდროს გამოყენებულა? რატომ იყო გადმოყრილი წიგნები თაროებიდან და მაგიდიდან? რისი თქმა სურდა ავტორს? მხოლოდ ის, რომ გაემართლებინა არჩეულის სკოლის დახურვა _ ასეთ ანტისანიტარიაში როგორ შეიძლებოდა ბავშვების ყოფნაო.

არადა, ღმერთმა იცის, რა გულითადობა, სიყვარული და ბავშვებისადმი ერთგულება არსებობდა აქ. ასე იყო ათეული წლების განმავლობაში. პედაგოგებს არასოდეს უღალატიათ თავიანთი პროფესიისადმი, ყოველთვის იყო მცდელობა ბავშვებისათვის უკეთესი გარემოს შესაქმნელად .

ქალბატონი შორენას პოსტი არის შეურაცხყოფა სკოლის, ღვაწლმოსილი მასწავლებლების, მშობლების. მოტყუება მკითხველის თუ მსმენელის. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მან მიზანს ვერ მიაღწია, რადგან მისგან განსხვავებით ყველას ყველაფერი ახსოვს და დიდხანსაც ემახსოვრებათ სიმართლე, რომელიც ამბიციებსა და ცრუ დასმენაზე მაღლა დგას მუდამ, რამეთუ გვჯერა: ,,წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო”.

„გურია Today“ გამოაქვეყნებს შორენა ფილიაკოვას პოზიციას, თუ მას სურვილი ექნება, უპასუხოს კოლეგის ბრალდებებს.

ასევე წაიკითხეთ: ვინ არის შორენა ფილიაკოვა _ ლანჩხუთელი მასწავლებელი, რომელმაც განათლების მინისტრის „დასაცავად“ სკანდალური ვიდეო გამოაქვეყნა?