ვინ არის შორენა ფილიაკოვა _ ლანჩხუთელი მასწავლებელი, რომელმაც განათლების მინისტრის „დასაცავად“ სკანდალური ვიდეო გამოაქვეყნა?

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | შორენა ფილიაკოვა დაჯილდოებისას და კადრები მისი ვიდეოებიდან, „თავისუფლების მოედნის“ ლოგო

ლანჩხუთელმა მასწავლებელმა, შორენა ფილიაკოვამ, ბოლო დღეებში ორი ვიდეო გამოაქვეყნა. ერთში ნიგვზიანის ტერიტორიულ ერთეულში მოქმედი სკოლებისა და საბავშვო ბაღის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თემში შემავალი სოფლების ბავშვები საუკეთესო პირობებში იღებენ განათლებას. არც არჩეულის დაწყებითი სკოლის შენობის ჩვენება გამორჩენია, რომელიც სამი წლის წინ დაიხურა. ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სკოლის მასწავლებელთა ნაწილის მტკიცებით, მისი შეკეთება შესაძლებელი იყო, თუმცა სპეციალურად შეიქმნა ისეთი ვითარება, რომ სკოლა ავტორიზაციას ვერ გაივლიდა.

[ამ თემაზე წაიკითხეთ: „რატომ გამოაქვეყნა ასეთი ამაზრზენი სურათები, ამით რისი თქმა სურდა?“ _ ლანჩხუთის 2026 წლის საუკეთესო პედაგოგს ფაქტების განზრახ დამახინჯებაში ადანაშაულებენ]

მეორე ვიდეოში ხაჯალიის სკოლის მასწავლებელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გივი მიქანაძის მიერ არჩეულში აგარაკის აშენებას იწონებს და რამდენიმე დღით ადრე სოფელში მომზადებულ რეპორტაჟს აკრიტიკებს. სიუჟეტი „თავისუფლების მოედანმა“ მოამზადა, მასში კი ლანჩხუთელი პედაგოგი, მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა და განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია მაღალჩინოსნის აგარაკის შესახებ მსჯელობენ.

ნახეთ ვიდეო: „სოფელ ნიგვზიანში, ყოფილი საბავშვო ბაღის ადგილას, განათლების მინისტრის კერძო სახლი დგას. იქვეა დანგრეული საჯარო სკოლის შენობა, სადაც ოდესღაც ბავშვები სწავლობდნენ“

„მინდა გამოვეხმაურო ვიდეოს, რომელიც გუშინ გაავრცელა ორმა პიჟონმა, რომლებიც თვლიან, რომ აქვთ უფლება, „გააპრავონ“, ვინ დასახლდეს არჩეულში და ვინ – არა. მე ვარ შორენა ფილიაკოვა, დავიბადე, ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ არჩეულში, მამაჩემი დაიბადა და ცხოვრობს აქ, არჩეულში, ბაბუაჩემი, ეთნიკური ბერძენი მიშა ფილიაკოვი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა არჩეულში. ის იყო ჩაის ფაბრიკის პავილიონის ყარაული და იმ პერიოდში სტახანოვის წოდებაც კი მიიღო“ _ ამბობს მასწავლებელი თავისივე ფეისბუკის გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში.

ნახეთ ვიდეო: „ამას რატო ვყვები, იცით? ბაღის შენობა მიქანაძემ დაშალაო, ბაღის შენობაც, კოლმეურნეობის, ფაბრიკის და პავილიონის შენობა დაშალა ხალხმა, აგურ-აგურ, 90-იანებში“ _ შორენა ფილიაკოვა

ამ განცხადების გამო ის გააკრიტიკეს.

„90-იანებში რომელმა ხალხმა დაშალა ფაბრიკები? მაშინაც რამდენიმე ოჯახმა გაინაწილა შევარდნაძის ხელით. გაზიდეს დანადგარები, ყველაფერი. და მერე ვიღაცამ 60 წლის აგური რომ გაზიდა, ეგ ყოფილა ფაბრიკების დაშლა“ _ დაწერა სამოქალაქო აქტივისტმა ზურა სტეფანიამ.

ლანჩხუთელ მასწავლებელს ვიდეოზე კომენტარების დაწერა შეზღუდული აქვს, მეგობრებს კი მისი გავრცელებისკენ მოუწოდებს. ვიდეო იმ ადამიანებმაც გააზიარეს, რომლებმაც შორენა ფილიაკოვა მწვავედ გააკრიტიკეს. ამის მიზეზი ისიცაა, რომ მასწავლებლის ფეისბუკის გვერდი გარეშე პირებისთვის დახურულია და მწვავე კომენტარებმა სხვა გვერდებზე გადაინაცვლა.

ერთ-ერთი მათგანი „გურიის მოამბის“ გამომცემელი ლადო მენაბდეა, რომელმაც ვიდეო თავის გვერდზე გააზიარა და ასე დაასათაურა: „სასარგებლო იდიოტი“. შეგახსენებთ, რომ გაზეთსა და მის რედაქტორს გივი მიქანაძემ „არჩეულის აგარაკის საქმეზე“ სასამართლოში უჩივლა.

განსაკუთრებული კრიტიკა მასწავლებლის იმ განცხადებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, თავად არჩეულელებმა უნდა გადაწყვიტონ, ვის ისურვებენ მეზობლად და სხვას კითხვის დასმის უფლება არ აქვს.

„თუ არჩეულელი არ ვარ, არც ლანჩხუთელი, მაგრამ ვარ საქართველოს მოქალაქე, ამ მთავრობის კორუმპირებულობის (რასაც თვითონაც აღიარებენ) მაყურებელმა, არ შეიძლება ეჭვი გამიჩნდეს, გამოვხატო ეს ჩემი ეჭვი და მოვითხოვო დასაბუთება, რის საფუძველზე აიშენა მოქმედმა მინისტრმა ბაღის ტერიტორიაზე (თუნდაც ყოფილის) სახლი? შეკითხვაც დანაშაულია, თუ ამ შეკითხვას ოპოზიციურად განწყობილი პირი სვამს, მით უმეტეს, თუ ის არჩეულიდან არაა?!“ _ დაწერა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

ვინ არის შორენა ფილიაკოვა?

ნიგვზიანისა და ხაჯალიის სკოლების მასწავლებელი აქტიურადაა ჩართული თეატრალურ და სხვა შემოქმედებით ღონისძიებებში. 2026 წელს იგი ლანჩხუთის 25 საუკეთესო პედაგოგს შორის მოხვდა და „ლანჩხუთობის“ დღესასწაულზე დააჯილდოვეს.

ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე საუკეთესო მასწავლებლის ჯილდოს გადასცემს ხაჯალიის სკოლის რჩეულ მასწავლებელს, შორენა ფილიაკოვას | 2026 წლის 11 ოქტომბერი, „ლანჩხუთობა“

იგი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის აგარაკის ირგვლივ დაწყებულ ხმაურს პირველად ჯერ კიდევ 21 აგვისტოს გამოეხმაურა. მან დაწერა, რომ „იქ, სადაც ახლა მშენებლობაა, ადრე იყო ტალახი, ჭონჭყო, ტყე და ბარდი _ არც ბაღი ყოფილა და არც სკოლა“.

თუმცა, მინისტრის აგარაკის გვერდით ახლაც დგას ორი წლის წინ გაუქმებული სკოლის შენობა, ხოლო იმ ადგილზე, სადაც აგარაკი აშენდა, იქ მომუშავე პირების თქმით, 1979-1995 წლებში საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა.

ეს საკითხი მისთვის უცნობი რომ არ უნდა ყოფილიყო, მისივე გამოქვეყნებული წერილიდან ჩანს: „მე თავად ვარ არჩეულელი და ეს მშენებლობა ჩემს მეზობლად მიმდინარეობს“ _ წერდა იგი 21 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილში „სიტყვა არჩეულელებისგან“.

არჩეულელების სახელით საუბრის გამო გააკრიტიკეს. მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც მასწავლებელი „გარეშე პირებს“ პოზიციის გამოთქმას უკრძალავს, რადგან, მისი შეფასებით, „ისინი არჩეულელები არ არიან“.

თუ მშენებლობა შორენა ფილიაკოვას მეზობლად მიმდინარეობს, მას, სავარაუდოდ, ეცოდინებოდა, რომ ამ ადგილზე საბავშვო ბაღი არსებობდა.

აღსანიშნავია, რომ 21 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილში იგი ამტკიცებდა, რომ „იქ ადრე იყო ტალახი, ჭონჭყო, ტყე და ბარდი _ არც ბაღი ყოფილა და არც სკოლა“, უკვე 7 ნოემბერს გამოქვეყნებულ ვიდეოში კი თავადვე საუბრობს საბავშვო ბაღზე: „საბავშვო ბაღი 1988 წლამდე ფუნქციონირებდა, 1990 წელს რომ დაიწყო მისი დაშლა აგურ-აგურ, 1995-ში აღარ იყო ის შენობა“ [საბავშვო ბაღის ყოფილი თანამშრომელი ციალა ტუღუში ამბობს, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ არა 1988, არამედ 1995 წლამდე ფუნქციონირებდა _ რედ].

რატომ გააკეთა მასწავლებელმა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, უცნობია.

ყველაზე მწვავე რეაქცია მასწავლებლის ვიდეოში ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების შესახებ გამოთქმულმა მოსაზრებამ გამოიწვია:

„ადამიანი, რომელიც გამოიყვანეს, ის არ არის არჩეულელი. არის ხულოდან ჩამობრძანებული, ჩამოსახლებული ეკო–ემიგრანტი, რომელიც 20-30 წელია აქ ცხოვრობს, მეტი არა და განსაკუთრებული (?!) შესაძლებლობის მქონე ადამიანია და ინსტინქტურად უქნევს თავს ყველაფერზე, „კი“, „არა“ და ვერც გადააბა სიტყვა სიტყვაზე“ _ ამბობს ლანჩხუთის 2026 წლის 25 საუკეთესო პედაგოგს შორის დასახელებული მასწავლებელი, რომელსაც, როგორც ჩანს, არჩეულში 30 წლის განმავლობაში მცხოვრები ადამიანი ადგილობრივად არ მიაჩნია.

მოქალაქეთა ნაწილი განსაკუთრებით პრობლემურად მიიჩნევს მასწავლებლის მიერ ამ ადამიანის მეტყველებისა და აზრის გამოხატვის უნარის დამაკნინებელ შეფასებას. თავად ფილიაკოვა ამბობს: „ეს არ არის დასაცინი, ეს დისკრიმინაციაა და ძალიან ცუდი საქციელია, ასეთ ადამიანს მოწმედ მოიყვან და ვითომ არჩეულელია, იცის ამბავი და რაღაცას დაგიდასტურებს“. ეს ვიდეოს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ეპიზოდია.

ერთ-ერთი მოქალაქე წერს:

„რეალურად კი, დისკრიმინაციული მისი განცხადებაა და არა ადამიანისთვის აზრის კითხვა და მისი სოციალიზაცია, თანაც „30 წლის ჩამოსახლებულის“ ხსენება რაში დასჭირდა, მით უმეტეს, ამ ადამიანისთვის არავის უკითხავს არჩეულის ბაღის ისტორია, მან უბრალოდ თქვა, რომ ბავშვის შორ მანძილზე წაყვანა უხდება, რაც რეალობაა. ასეთი მასწავლებელი სახიფათოა სკოლაში“ _ ამ მოსაზრებას სხვებიც დაეთანხმნენ.

„ის აჭარელია და არაფერი ეკითხება, აგერ ვარ ბერძენი და მე დამიჯერეთო… ერთსაც ვენაცვალე და მეორესაც, მარა ლოგიკა?“ _ კითხულობს ლადო მენაბდე.

„Pigeon ფრანგული სიტყვაა და ითარგმნება როგორც მტრედი. ფრანგული სლენგი ამ სიტყვას იყენებს გულუბრყვილო, მიმნდობი და უკონფლიქტო/ზედმეტად მშვიდი ადამიანის დასახასიათებლად (რუსული სლენგია ის, როგორც ამ ქალბატონს ესმის ამ სიტყვის მნიშვნელობა). ფრანგული იქით იყოს და, მასწავლებელმა არ იცის, რომ განსაკუთრებული შესაძლებლობის ადამიანი არის დეპუტატი ლაშა ტალახაძე (450 კგ–ს სწევს), ის ადამიანი, სავარაუდოდ, არის სპეციალური საჭიროების მქონე პირი (ადრე ვამბობდით „შეზღუდული შესაძლებლობის“) და ეს ქალბატონი სიმონ ჯანაშიას ეძახის პიჟონს (რუსული სლენგით). რა გითხრათ აბა, მანდ ეტყობა, ბაღი კი არა სკოლაც სამოსახლოა“ _ წერს ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების ექსპერტი დავით მელუა.

ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ირმა მგელაძე, ასევე აზიარებს მასწავლებლის ვიდეოს და შემდეგ კომენტარს აკეთებს:

„ეს ქალბატონი და მისი ბაბუა „მოღვაწეები“ ყოფილან, ლადო აფხაზავას, რომელიც ამბობს, რომ ამ ბაღში დავდიოდი და დედაც აქ ასწავლიდაო, „არაფერი შეხება“ არ ჰქონია ამ ბაღთან, თან ის კაცი „ეკო-ემიგრანტი“ ყოფილა. ბაბუამისი „ყარაულად მოღვაწეობდა“ და სიმონ ჯანაშია „პიჟონ“ შვილიშვილს ზრდიდა და გაზარდა განათლების მკვლევარი „პიჟონი“.

„ეს ქალბატონი მაგრად გამოგვადგება სასამართლოზე მე და ლადო მენაბდეს. არაფერი არ გვინდა სხვა, ეს მოყვეს მხოლოდ, რასაც აქ ლაივში ჰყვება“ _ დაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივმა ლიდერმა, კახა ასკურავამ, რომლის წინააღმდეგაც ასევე შეიტანა საჩივარი გივი მიქანაძემ.