„რა საჭიროა გზა ან სკოლა სოფელში, ლანჩხუთობა აღვნიშნოთ ზარზეიმით, ახალ წელს არ დაგავიწყდეთ კიდე მეგა-ვარსკვლავების ჩამოყვანა და მერე ფოიერვერკი. ხალხს გზა არ აქვს ელემენტარული, ვაი“
ლანჩხუთის მოსახლეობა ყოველი გაწვიმების შემდეგ სოფლებში შექმნილი პრობლემების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„უხვი ნალექის გამო გზა სავალალო მდგომარეობაში გვაქვს სოფელ ბაღლეფის, კერძოდ (ქაჯვარის) მოსახლეობას, მანქანით გადადგილება შეუძლებელია, სკოლის ტრანსპორტი ძლივს ამოდის სოფელში. ვინ შეიძლება დაგვეხმაროს ამ საკითხთან დაკავშირებით? ყოველი წვიმის დროს ასეთ მდგომარეობაშია გზა, უკვე საკუთარი შესაძლებლობებით შეკეთებას ვეღარ ვახერხებთ, აზრი არ აქვს, ისევ წყალს მიაქვს გზა. სოფელში მეწყერსაშიში ზონაში მცხოვრები მოსახლეც გვყავს, იქნებ ვინმემ გაიხსენოს ჩვენი სოფლისკენ მომავალი გზა და მოგვაქციოს ყურადღება. ვის მივმართოთ ამ სიტუაციაში ვინ დაგვეხმარება?“ _ წერს მოქალაქე პოპულარულ ფეისბუკის ჯგუფში „This is ლანჩხუთი“, თავისი გულისტკივილის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს და მუნიციპალიტეტის და სოფლის ხელმძღვანელობისგან დახმარებას ითხოვს.
მას თანასოფლელი გამოეხმაურა: „მოხრეშვასთან ერთად კვალი უნდა გაუკეთოთ, თორემ ერთს რო გაწვიმდება, ჩამოგიტანა ის ხრეში კიროვში და იქ სწორ გზაზე დაყარეთ მერე. დაყარეს თურმე ჯურყვეთში და ნახეთ წუხელ სად წაიღო ის ხრეში“.
„კილომეტრიანი კვალი თურმე ლაფათქით და ბარით უნდა გავიღო და არ ვიცოდი“ _ მწარედ იხუმრა კიდევ ერთმა მოქალაქემ.
მას სოფლის რწმუნებულმა, ვასილ ბურძგლამ ჰკითხა: „ბაბუაშენი რაფერ იღებდა კვალს?“
პასუხმაც არ დააყოვნა: „ბაბუას მაშინ ხელის კაჭკით მიქონდა ყანაში სასუქი და ეზოს ხელის ცელით ცელავდა, ყველა გაწვიმებაზე თოხით დარბოდა, მაგრამ ეხლა სხვა დროა მოსული“.
გურულებს იუმორი არც რთულ დროს ავიწყდებათ: „ბაბუის დროიდან მოდის ეს პრობლემა და კიდევ გაუკეთებელია?“ _ იკითხეს კომენტარებში.
მხოლოდ ბაღლეფში არ არის პრობლემები. „ლესაში რკინიგზის სადგურზე რომ მოვიდეს ადამიანი, კატერი დასჭირდება, შუქზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ყოველ წელს, 12 წელიწადია, ერთი და იგივე გვესმის: წელს დასრულდება გზების მოწესრიგება, ჩვენთან დღემდე იგივე სიტუაციაა სამწუხაროდ“ _ წერს ლესის მაცხოვრებელი.
„21 საუკუნეᲨიც ქვის ხანაᲨი ვცხოვრობთ“, „ქვის ხანა კი არა, კიდე ერთი საუკუნე არაფერი გვეშველება, სამაგიეროდ, საარჩევნო პერიოდში მუხლებს ისწორებენ სიარულში“, „კი, ნამდვილად, მაᲨინ იმ ერთ თვეს ყველა ყველას კარგად იცნობს“ _ ერთმანეთს წერენ მოქალაქეები.
სოფლის რწმუნებულმა ისინი დაამშვიდა, ხრეშის გამოყოფას ველოდებით და მოვხრეშავთო. რა თქმა უნდა, თანასოფლელთა ხუმრობამაც არ დააყოვნა: „კრიზისია ახლა, ირანმა თუ არ გახსნა ის სრუტე, ვერ შემოდის ხრეში“.
„მეც მანდ ვცხოვრობ, გზა ძალიან დარეცხილია, მილები რო ჩაყარეს გაზის და წყლის, გადააყარეს ქვები, კვალი რომ იყო, იმ ადგილას ჩაყარეს და წვიმა იოლად რეცხავს. წყლის გასასვლელი არხები არაა და გზაზე გადადის წყალი. გზა საშინლადააა. სკოლა მეშვიდე წელს ითვლის, რომ არ გვაქ, არც ბაღია. მოკლედ, ვისვენებთ. ვაი ამ დასვენებას“ _ წერს კიდევ ერთი მოქალაქე და თანასოფლელის მხიარული პასუხიც იქვეა: „გასაგებია, ეკიპაჟი გამოსულია, დაელოდეთ“.
არადა ბევრი ელოდება, რომ პრობლემებს მოუგვარებენ:
„განსაკუთრებულს და განსხვავებულს არაფერს ვითხოვთ. უბრალოდ, გზა გვჭირდება, რო მაგისტრალამდე ჩამოვიდეთ და ბავშვები სკოლაში წავიყვანოთ. 21-ე საუკუნეში ეს სანატრებელი უნდა იყოს? წელიწადში 2-ჯერ მაინც ამოდით სოფელში, რო ნახოთ მდგომარეობა, რა არის გასაკეთებელი“;
„მაგაზე უფრო ცუდი მდგომარეობაა ბაღლეფის მეორე მხარეს, მანქანა, სკოლის ავტობუსი ვერ ამოდის ორი თვეა. ვიყავით მერთან, დაგვპირდნენ, ჯერ არაფერი არ ჩანს. არც იმედი მაქვს, რომ დანაპირები შესრულდება“;
„Მასეთ დღეში ვარ მეც, შშმ პირი მყავს სახლში, რამდენჯერ ვითხოვე დახმარება, არანაირი რეაგირება“ _ წერენ ლანჩხუთის სოფლებში მცხოვრები ადამიანები.
„21-ე საუკუნეში გაზი არ გვაქვს და გზა სუფსიდან ჩოჩხათამდე უვარგისია“ _ დაწერა მოქალაქემ, რამაც სხვა ცოტათი მაინც დაამშვიდა: „თურმე ჩემი უბნისნაირი კიდევ ყოფილა სოფელი“.
„რა საჭიროა გზა, ან სკოლა ან სოფელი, ლანჩხუთობა აღვნიშნოთ ზარზეიმით, ახალ წელს არ დაგავიწყდეთ კიდე მეგა ვარსკვლავების ჩამოყვანა და მერე ფოიერვერკი. ხალხს გზა არ აქვს ელემენტარული, ვაი“ _ ესეც ერთ-ერთი ლანჩხუთელის პოზიციაა.





