„ჩემი თაობის ყველაზე ლამაზი გოგო იყო, თითქოს მზე იყო, ჩვენი სოფლისთვის გამოგზავნილი, ანათებდა და კიდეც ათბობდა ყველას გულს…“

|

Loading

ქეთი დოლიძე

ლანჩხუთი და განსაკუთრებით სოფელი ქვიანი ულამაზეს ქალბატონს, ქეთი დოლიძეს ემშვიდობება. იგი მძიმე დაავაებასთან ბრძოლაში დამარცხდა.

„დეე, ჩვენ დავმარცხდით, დედიი. მაპატიე, დეე, ჩემი გული შენთან ერთად გაჩერდა. ჩემი სამუდამო სიყვარული და ახლა უკვე ნამდვილი ანგელოზი ხარ, დე“ _ წერს მისი შვილი.

ქალბატონი ქეთი ქვიანში დაიბადა და გაიზარდა. ძალიან დიდი სიყვარული დატოვა თანასოფლელებში.

„ჩემი სოფლის ტკივილს დღეს ქეთი ჰქვია, თითქოს ძველი ტკივილები მოირჩინა ან დაავიწყდა ჩემს პატარა კუთხეს, ისე დაიქუხა ახალმა უბედურებამ, თითქოს არ ძღება წყეული სიკვდილი ჩემი სოფლის გოგო-ბიჭებით, თითქოს ცოტა დედას ეცვა ძაძები…

ქეთი ჩემი თაობის ყველაზე ლამაზი გოგო იყო, თითქოს მზე იყო ჩვენი სოფლისთვის გამოგზავნილი, ის როგორც მზე კიდეც ანათებდა და კიდეც ათბობდა ყველას გულს, მუდამ პირმღიმარი, ბავშვივით ალალი და კეთილი იყო, მიუხედავად ვერაგი დაავადებისა ასეთი დარჩა ბოლომდე…

ჩვენს ტკივილს კიდე ერთი სახელი შეემატა და ეს შენ ხარ, ქეთი“ _ ასე ემშვიდოებება მეგობარი თამილა ასკურავა.

კიდევ ერთი ახლობელი ირმა ახალაია სოციალურ ქსელში წერს: „ყველაფერი დამთავრდა.. აღარაფერი იქნება ძველებურად.. ზოგჯერ არის უხმო ტკივილი, სულს რომ ბზარავს.. არ ვიცი, რა ვთქვა, როგორ ვთქვა.. აღარ იქნება ეს ლამაზი ღიმილი, აღარ იქნება ლამაზი სიყვარულის ისტორია, აღარ იქნება დედა-შვილის საოცარი ერთობა.. აღარაფერი იქნება ძველებურად..

რამდენ ადამიანს დააკლდი სულის ნაწილად.. როგორ ჩამოლეწე მხარი ნუგოს, როგორ დაფერფლე შენი ერთადერთი ქიტო, როგორ განადგურდა შვილების აღზრდას მარტო შეჭიდებულ დედა, როგორ აევსო სული ტკივილით შენს ერთადერთ ძმას..

რამდენ ადამიანს დააკლდი შენი ღიმილითა და შემართებით.. როგორი მებრძოლი და დაუღალავი იყავი. ასე მალე როგორ დაგამარცხა ვერაგმა? ბიცოლა ანგელოზად გადაიქცაო, ასე დაასკვნა გაბიმ და მჯერა, რომ Მფარველ ანგელოზად ექცევი ამერში დატოვებულ შენს საყვარელ ადამიანებს..

მშვიდობით, ჩემო ღიმილავ..“

„გურია Today“ მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.