რამდენიმე წუთის წინ, „ხალხურის“ კონკურსში ფენომენალური შესრულება შემოგვთავაზა თურქიების ოჯახმა.
ეს რომ ჩვენი შეფასება იყოს, სულაც არ იქნებოდა გასაკვირი _ ჩვენებურების გულშემატკივრობაში შესაძლებელი იყო სუბიექტურობა დაგვეკარგა. მაგრამ ამას სახალხო კონკურსის კომპეტენტური ჟიური რომ იტყვის, მხოლოდ შეგვიძლია ვიამაყოთ.
აკი, დაწერა კიდეც სამიოდ კვირის წინ, კონკურსის მუსიკალურმა ხელმძღვანელმა დავით ცინცაძემ, რომ ლანჩხუთელთა გამოსვლებით ვიამაყებდით. მას წინასწარი ეტაპი ნანახი ჰქონდა და უკეთესი შემფასებელი ნაკლებად გვეგულება.
გუშინ გურული ოჯახი „ხალხურის“ სცენაზე მერაბ თურქიამ წარადგინა, მასთან ერთად „ჩვენ მშვიდობა“~” იმღერეს მისმა ძმისშვილმა ავთო თურქიამ და ამ უკანასკნელის მეუღლემ _ ნინუცა ქურიძემ.
როგორც მერაბმა აღნიშნა, თურქიებს სიმღერისთვის დროის გამოყოფა არ სჭირდებათ, ყველგან და ყოველთვის შეუძლიათ საამისო დრო გამონახონ.
ავთო თურქია „მხედრების“ ხელმძღვანელია, რომელიც ასევე ნახევარფინალშია: „გურული სიმღერა? ენით ძნელი ასახსნელია, ეს უნდა შეიგრძნო. რთულია, მაგრამ ამოუწურავი შესაძლებლობის მქონე მოვლენაა, ჩემთვის #1 სამყაროში. გურულები და გურული სიმღერა მარტო ერთმანეთს არ ჰგავს. აქ გზაც ჰგავს, რადგან გურულ სიმღერასავით დაქსაქსულია, ხან მარცხნივ დადის, ხან _ მარჯვნივ. ყველაფერს ვამსგავსებ, მაგალითად ღვინოსაც. მეღვინე კაცი ვარ და როცა მკითხავენ, როგორი ღვინოა საკმიელა, ვპასუხობ _ გურული კაცი რომ ვენებში ჩაგისხამს, ზუსტად მაგფერი-თქო. ამიტომ ბუნებაც, კლიმატიც და ხალხიც ერთად არის თავმოყრილი გურულ სიმღერაში“ _ თქვა ავთომ.
მათ სიმღერას ოვაციები და მხურვალე ტაში მოჰყვა. „თურქიების ოჯახს დიდი ხანია ვიცნობ, ვიცი მათი დამოკიდებულება გურული ფოლკლორის მიმართ. ძალიან კარგი შესრულება იყო, ძალიან ვისიამოვნე“ _ აღნიშნა ჟიურის წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა.
მისმა კოლეგამ, ლოტბარმა მამუკა გულაღაშვილმა აღნიშნა, რომ თურქიების შესრულება ბრწყინვალე იყო: „ბანის მოძრაობებზე არ ვისაუბრებ. ისეთ რაღაცებს აკეთებდა, რომ დიდი გაძლება უნდა. შეიბრალე ხოლმე, შენი ოჯახის წევრები არიან ბოლო-ბოლო“ _ ღიმილით მიმართა ჟიურის წევრმა ავთო თურქიას.
ამ უკანასკნელს დავით ცინცაძემ გურული სიმღერების ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი უწოდა:
„გურული სიმღერის შეფასებას ამ მუსიკის კარგი ცოდნა სჭირდება, მაგრამ ამასთან იმპროვიზაციის გარეშე მისი ფასი კაპიკია, ასე ამბობენ გურიაში. იმპროვიზაციას კი რამდენიმე ახსნა აქვს. ერთია, როცა იმპროვიზაციას იწყებ, შეიძლება გააგრძელოს გზა, შეასრულოს და დაბრუნდეს საწყისზე. დაიწყო, განავითარა და აღარ გააკეთა. რომც არ გაეკეთებინა, უკვე საკმარისი იყო, ჩვენ დავრწმუნებულიყავით, რომ ის ამას იკადრებდა. თუმცა ბოლოში მაინც იკადრა ის ამბავი, რაზეც მამუკამ გაამახვილა ყურადღება. ისე გაძვრა მეორე ხმასთან და ისე მივიდა პირველ ხმასთან უნისონში, რომ ამის გაკეთებას კადრება ჰქვია, მეტი არაფერი. ამისთვის მადლობა. საოცარი კაცი ხარ, ფენომენალური მომღერალი ხარ გურულ სიმღერაში, გამორჩეული მთელ საქართველოში. მადლობა, რომ ამას ოჯახში აზიარებ, მადლობა შენს ბიძას, შენს ოჯახს, რომ ასე ანსამბლად ხართ შემოკრებილი“ _ თქვა ჟიურის წევრმა.
გურულმა სიმღერამ გულში უნდა გეიაროსო, სცენაზე გასვლის წინ აღნიშნა ავთომ და გეიარა, მისი ოჯახის ნამღერმა მაყურებლის და ჟიურის გულებში და თურქიების ოჯახი ნახევარფინალშია!
„გურია Today“ ულოცავს მათ და სრულიად ლანჩხუთს ამ წარმატებას!
მამუკა ქანთარია




