„შეჩერდით! თუ ამათ რამეს დაუშავებთ, ჯერ მე მომკალით“ _ როგორ იხსნა ქართველი დაჭრილები ავთანდილ ჯორბენაძის მაგალითმა… დღეს ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე 75 წლის გახდებოდა

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ავთანდილ ჯორბენაძე (შუაში), მარჯვნივ თენგიზ ქერქაძე და ირაკლი მენაღარიშვილი | ლანჩხუთი, 2002 წ.

დღეს ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე, წლების მანძილზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ასევე ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე 75 წლის გახდებოდა.

მშობლიურ მუნიციპალიტეტში იგი უყვარდათ და აფასებდნენ, მასაც გამორჩეულად თბილის დამოკიდებულება ჰქონდა გურიასთან და სოფელ ჩიბათთან. ჩვენი ლეგენდარული ექიმი იოსებ ჩიჩუა იხსენებდა, რომ ბატონი ავთოს მინისტრობისას ლანჩხუთის საავადმყოფოს მიმართ განსაკუთრებული ყურადღება იყო და ქვეყნის მასშტაბით პირველები იღებდებდნენ წამლებს და საჭირო აღწურვილობას.

„დავკარგე უფროსი მეგობარი, ახლობელი, მუდამ მზრუნველი და ყურადღებიანი თანამდგომი ცხოვრებისა, გამოცდილი მასწავლებელი, უმტკიცესი ხიდი სიმშვიდესა და ცოდნასთან, გამოცდილებასა და მეხსიერებასთან. მეხსიერებასთან, რომელიც უწყვეტად იყო დაკავშირებული ძველ გურიასთან, ლანჩხუთთან, ჩემი წინაპრებისა და მის მშობლიურ ჩიბათთან, პოლიტიკასთან, საქართველოს სახელმწიფოსთან“ _ წერდა 2024 წლის მაისში ნიკა მაჭუტაძე, ლანჩხუთელი პოლიტიკოსი.

ავთანდილ ჯორბენაძე ყოველთვის გვერდში ედგა თანასოფლელებს და მათ შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა. „ბატონი ავთო ჩიბათის საუკეთესო შვილი იყო, თავის სოფელზე, ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული, უანგაროდ უამრავი სიკეთის მთესველი, ძალიან ბევრი სიცოცხლის გადამრჩენელი სახელმწიფო მოღვაწე“ _ ამბობს ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ჩიბათის მაჟორიტარი გიორგი ჩახვაძე.

აფხაზეთის ომის დროს ჯანდაცვის მინისტრის რანგში ავთანდილ ჯორბენაძემ ერთ-ერთ იქაურ საავადმყოფოში ექიმები და აფხაზი პაციენტები დაიცვა. ქართველ სამხედროებს თხოვა, რომ საავადმყოფო ხელშეუხებელი უნდა ყოფილიყო. რამდენიმე დღეში, იმავე საავადმყოფოში ქართველი დაჭრილები მიიყვანეს. მალევე სეპარატისტები მათ დასახოცად მივიდნენ, მაგრამ მათ აფხაზი ექიმი გადაეფარა სიტყვებით: „შეჩერდით, თუ ამათ რამეს დაუშავებთ, მანამდე მე მომკალით. ცოცხალი ამათ არ დაგითმობთ. აქ დღეების წინ ქართველმა ექიმმა დატოვა მაგალითი, რომელსაც ვერ ვუღალატებო“. შედეგად, ქართველები გადარჩნენ…