ლანჩხუთში, ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმში გაიმართა მსახიობის, რეჟისორისა და სამხატვრო ხელმძღვანელის, გრიგოლ (გრიშა) ჯაფარიძის საიუბილეო შემოქმედებითი საღამო. შესაბამისად, მოეწყო გამოფენაც. ბატონ გრიშას 75 წელი შეუსრულდა.
თბილი და ლამაზი საღამო მუზეუმის ხელმძღვანელს, მაია ჩხაიძეს მიჰყავდა. მან ისაუბრა გრიშა ჯაფარიძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.
_ გრიშა ჯაფარიძე დაიბადა 1948 წლის 30 ოქტომბერს, სოფელ შუხუთში. მამა გიორგი ჯაფარიძე გახლდათ, დედა _ თინა ჭყონია. სწავლობდა შუხუთის საშუალო სკოლაში, რომელიც 1966 წელს დაამთავრა. სწავლას და ხელოვნებას მოწყურებულმა ახალგაზრდამ სწავლა სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში განაგრძო სარეჟისორო ფაკულტეტზე, თან მუშაობდა მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში ტექნიკურ მუშაკად.
სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, სწავლა გააგრძელა და 1973 წელს წარჩინებით დაამთავრა კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელი. კულტურის სამინისტროს სპეციალური ბრძანებით გაანაწილეს ამბროლაურის სახალხო თეატრში რეჟისორად. შვიდი წელი იმუშავა რაჭაში და დადგა 15 სპექტაკლი. მან პირადად შეასრულა 30 როლი.
1980 წელს ლანჩხუთში რაიკომის მდივნის, დავით გოგუაძის რეკომენდაციით იწყებს მუშაობას ჩაის ფაბრიკების საწარმოო გაერთიანების ლანჩხუთის პროფკავშირების კულტურის სახლის დირექტორად.
გრიშა ჯაფარიძის და ჯონი ფირცხალაიშვილის ინიციატივით, სუფსის კულტურის სახლის ვოკალურ ინსტრუმენტული ანსამბლის ბაზაზე შეიქმნა ანსამბლი „გურია“.
1984 წელს ჩაირიცხა კრასნოდარის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში, კულტურულ- საგანმანათლებლო მუშაობის ორგანიზატორ-მეთოდისტის სპეციალობის დასაუფლებელ ფაკულტეტზე, რომელიც 1989 წელს დაამთავრა დაუსწრებლად და სარაიონო კულტურის სახლში მეთოდისტად დაიწყო მუშაობა.

ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა, გოდერძი ქურიძემ და თეატრისა და კინოს მუზეუმის მენეჯერმა მაია ჩხაიძემ გრიგოლ ჯაფარიძე დააჯილდოვეს | 2023 წლის 30 ოქტომბერი
ანსამბლი ,,გურია“ მთელს საქართველოში გახდა ცნობილი, ჰქონდა გასტროლები და ასრულებდა იმ დროს არსებულ თითქმის ყველა პოპულარულ სიმღერას, მასთან თანამშრომლობდნენ კომპოზიტორები: ადიკ ოვანოვი, რომან რცხილაძე, თემურ ცაგურია, ალექსანდრე კილაძე, დრამატურ-სცენარისტი ნოდარ ხუნწარია.
გრიშა ჯაფარიძე ამ ანსამბლის უცვლელი კონფერანსიე და სოლისტი იყო. ამავე პერიოდში, ჩაის ფაბრიკის კლუბთან შექმნილი იყო გურული სიმღერების შემსწავლელი და აღმდგენი სტუდია.
მეჩონგურე ქალთა ანსამბლის ხელმძღვანელები იყვნენ: ლოტბარები მამია მათითაიშვილი და ნანული ჩავლეიშვილი.
1987 წელს, აღმასკომის გადაწყვეტილებით, ბატონი გრიშა ლანჩხუთის კულტურის სახლში, სამხატვრო ხელმძღვანელად გადაიყვანეს, პირველად მთელ საქართველოში რაიონის სახალხო თეატრი სააბონენტო სისტემაზე გადავიდა. იდგმებოდა სპექტაკლები, მაყურებელიც კმყოფილი გახლდათ და ხელოვნების მუშაკთა სახელფასო ანაზღაურებაც მაღალი იყო.
გრიგოლ ჯაფარიძემ არაერთ კონკურსში მიღო მონაწილეობა, როგორც მხატვრული კითხვის ოსტატმა. მას მინიჭებული აქვს ლაურეატის წოდება, დაჯილდოებულია არაერთი დიპლომით და სიგელით. თავისი შემოქმედების მწვერვალად მიაჩნია ქართველი ებრაელის, გიგლა მოშიაშვილის სახის შექმნა, ნოდარ დუმბაძის ,,საბრალდებო დასკვნაში“, არჩილის როლი ალექსანდრე ჩხაიძის სპექტაკლში ,,ხიდი“ და უჩა ბერაძის _ „მზე ნეკერჩხლის ტყეში“.
მან შექმნა განუმეორებელი ეგნატე ნინოშვილის სახე. ცნობილმა ქართველმა ხელოვანმა ვალოდია წულაძემ აღმოაჩინა იგი, როგორც ნინოშვილის სახის გამცოცხლებელი, გრიმიც და კოსტიუმიც მან შეურჩია, რითაც აღფრთოვანებაში მოიყვანა დიდი ქართველი მოღვაწე, ლანჩხუთელი ამირან წილოსანი.
1987 წელს, ლანჩხუთის ეგ. ნინოშვილის სახ. სახალხო თეატრში, რეჟისორ ოთარ ცერაძის მიერ წარმოდგენილ ალექსანდრე ჩხაიძის სპექტაკლში ,,დაბრუნება“, გრიშა ჯაფარიძემ პედაგოგ-სანდროს როლი განასახიერა. ორ წელში გადაიყვანეს ლანჩხუთის ახალგაზრდობის და დასვენების მშენებარე ცენტრის დირექტორად, სადაც იმუშავა 1992 წლამდე.
2009 წელს, ლანჩხუთის თეატრის სცენაზე, რეჟისორ გია ქურიძის მიერ, ორიგინალური რეჟისორული ხელწერით იქნა წარმოდგენილი ,,ნინოშვილის გურია“, რომელშიც გრიშა ჯაფარიძემ ბრწინვალედ განასახიერა ეგნატეს სახე.
ამის შემდეგ მან მუშაობა გააგრძელა კულტურული მემკვიდრეობისა და დაცვის განვითარების ცენტრში, მთავარ სპეციალისტად. 2014 წელს, ეგ. ნინოშვილის სახლ-მუზეუმში, ლია ურუშაძის რეჟისორობით, სახალხო თეატრის მსახიობების მიერ, განსხვავებული ინერტერპრეტაციით დაიდგა სპექტაკლი ,,ნინოშვილის გურია“, სადაც გრიშა ჯაფარიძემ კიდევ ერთხელ შესანიშნავი მსახიობური ოსტატობით განასახიერა გურიის საამაყო მწერლის როლი.
გრიშა ჯაფარიძემ საინტერესო სახე შექმნა ლაშა ბუღაძის სპექტაკლში ,,ნაფტალინი“, სადაც მთავარი როლი (რეზო) განასახიერა.
ლანჩხუთის თეატრის სცენაზე, მისი რეჟისორობით დაიდგა შესანიშნავი სპექტაკლი ,,ხიდი“, რომელმაც მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
გრიშა ჯაფარიძეს ჰყავს შესანიშნავი მეუღლე – დარეჯან ორაგველიძე, სამი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი. ყველა მათგანი მამის და ბაბუის ღირსეული მემკვიდრეები არიან.

პირველი და მეოთხე თაობა; ორი გრიგოლ ჯაფარიძე
ბატონი გრიშას შესახებ საუბრობენ მისი მეგობრები და იხსენებენ მსახიობის სასცენო ცხოვრების ეპიზოდებს.
ვაჟა ებრალიძე, მსახიობი:
_ ბრწყინვალე კაცია, როგორც მეგობრობაში, ისე სცენაზე. შესანიშნავი პარტნიორია, როგორი კურიოზიც არ უნდა ყოფილიყო, არ დაიბნეოდა. მოგეხსენებათ, სცენაზე კურიოზები ყოველთვისაა. მე მაინც ხაზს ვუსვამ იმას, რომ ბევრი რამ ვისწავლე მისგან.
როცა გავიგე ლანჩხუთში მოდიოდა ასეთი ადამიანი, მით უმეტეს ,თეატრიდან, მაშინ ცოცხლები იყვნენ: ალიოშა, გივი, ვალოდია და მიხაროდა, რომ მას მოუწევდა ჩემთან სცენაზე ურიერთობა, უნიკალური იყო ეგნატე ნინოშვილის როლში.
თამაზ ფირცხალაიშვილი, მსახიობი:
_ მინდა შევეხო მის სამსახიობო და სარეჟისორო მოღვაწეობას, გავიხსენო ერთი რამ, ბატონი გრიშა იყო უცვლელი და მარადმწვანე ეგნატე ნინოშვილი, ისე შეისისხლხორცა ეს როლი, მართლაც გეგონებოდა მწერალი გადმოვიდა სცენიდანო.
მახსოვს ასეთი ეპიზოდი: ტარიელ მკვლავაძეს ვთამაშობდი. ახალგაზრდა ვიყავი ძალიან. მეუბნება: რად მომიშალე დესპინესთან ცხოვრებაო და უნდა მესროლოს ეს ,,პუგაჩი“~”. ამასობაში ძალიან გავიქნიე ხელი, ვკარი ბატონ გივის, აღარ ისმის არც ,,პუგაჩის“ ხმა. რომ არ ჩაშლილიყო ეს ყველაფერი, გრიშამ შემოჰკრა ტაში, გავარდა ,,პუგაჩი“ და მეც დავეცი. ახლა ვეძებ ბატონ გივის. სადაა?!. და ვხედავ გაბმულია სცენის თოკებში, რა მიქენი, ბიძია, დამღუპე კაციო. ასე გადაგვარჩინა ბატონი გრიშას გამჭრიახობამ.
ექვსი თვე მოგვიწია სპექტაკლ ,,ხიდზე“ მუშაობა, უშუქობაში, სიცივეში, მძიმე პირობებში… მისი დედა _ ქალბატონი თინა, დედა იყო ყველა ჩვენგანის და ბატონმა გრიშამ გვითხრა: ბოდიშს გიხდით, ექვსი საათს მერე რომ დავნიშნო რეპეტიცია, ჩემთვის უფრო ხელსაყრელი იქნება, მასთან უნდა ვიყო, სანამ მოვლენ ოჯახის წევრები სამსახურიდანო., გვიან ღამემდე ვმუშაობდით, რადგან არ შეშლოდა ხელი და დედასთან მისულიყო.
მაია ჭანტურია, ფოლკლორის კაბინეტის გამგე:
_ ნებისმიერი საქმის წარმატების მიზეზი, არის წესრიგი, შრომისმოყვარეობა და პროფესიონალიზმი. მე და გრიშა ვართ ზაქარიაძელები, ასევე ჩვენი გია ხუხუნაიშვილიც, ეს იყო ხელოვნების სკოლა, სადაც ჩვენ ვსწავლობდით ამ თვისებებს. გრიშა ჩემზე არის 15 წლით უფროსი, მე როცა ჩავაბარე, მას უკვე დამთავრებული ჰქონდა, მაგრამ ლანჩხუთს რომ ვახსენებდი, მაშინვე იხსენებდნენ, რომ გრიშა იყო წარმატებული სტუდენტი. სადაც ფეხს გადავდგამდი, გრიშას სახელი სულ წინ მხვდებოდა.
თამაზ ლომაძე, მსახიობი:
_ მე დიდი მსახიობი არ გახლავართ, უფრო ზემოდან ვუყურებდი ყველას შემოქმედებას, ვანათებდი თუ ვაბნელებდი, მაგრამ ჩვენს გვაქვს გარკვეული ურთიერობა, ჩამოთვალეს მეგობრებმა მისი შესანიშნავი თვისებები. ერთად ნათამაში გვაქვს ,,თეთრი ბაირაღები“ და მოშიაშვილისნაირი როლი, როგორც ითამაშა გრიშა ჯაფარიძემ, ნათამაში არ ექნება არავის.
გრიშა ჯაფარიძე:
_ რაც მქონდა ჩანაფიქრი ჩემს პირად ცხოვრებაში, ყველაფერი მაქვს გაკეთებული. ლანჩხუთის სცენაზე, რაც მქონდა ჩაფიქრებული, ვერ გავაკეთე და გული მწყდება. ჩემი გული ისარჩარტყმული დარჩა, რომ დავინახე ჩემი ძველი სამსახური, კულტურის და ახალგაზრდული ცენტრის უზარმაზარი შენობა. უზარმაზარი საქმე იყო ჩაფიქრებული.
ყველაფერი გაკეთებული იყო, პროექტიც, თითქმის რემონტამდე მივიდა საქმე. მოვიდა პერიოდი და გაჩანაგდა ყველაფერი. თურქეთში ყოფნის დროს ვნახე თითოეული დანადგარი ჩემი ჩაის ფაბრიკის, სადაც მუშაობას 7 წელი შევალიე, ცრემლები მომერია. თურქეთის ჩაის ფაბრიკაში აწყობილად მუშაობდა.
მეგობრებმა მითხრეს: რას უშველი შენ მაგ საქმესო, ვუშველით თუ ყველა ერთად დავირაზმებით, რაც მოხდა, ყველაფერს ამას გულთან მივიტანთ, საქმეს ეშველება.
წლები ვიმუშავე რეჟისორის რანგში, მაგრამ გული მწყდება, შემდეგ არ მიმიშვეს იმ პულტთან, სადაც იყო რეჟისორის ადგილი. ვერ მიმიშვეს თუ არ მიმიშვეს, მე ვგრძნობდი ამას სხვადასხვა ძალებისგან და მერე გადავწვიტე, რომ შემეცვალა სახე ჩემი სპეციალობის და გამეხადა უფრო პროფილური.
სამხედრო სავალდებულო სამსახურში ოთხი წელი ვიყავი წყალქვეშა ნავზე, მეხვეწებოდნენ დარჩი, დიდი სპეციალისტი გამოხვალო, მაგრამ მე გული მომიწევდა ჩემი ლანჩხუთისაკენ.
კულტურის დაწესებულებას, რომელსაც ვაშენებდით, ბატონები ემზარ ბერიძე და თემურ გუგუნავა ედგნენ სათავეში, ასანთის კოლოფს ვერ გადადებდი უნებართვოდ, რატომ წავიდა ასე საქმე? რამდენიმე დღის წინ გავიარე და მოსწორებულია საფეხბურთო მოედანივით იქაურობა. ძალიან დამწყდა გული.
თუ ასე არ მივიტანეთ, ჩვენი რაიონის, ჩვენი სოფლის, ჩვენი საქართველოს მდგომარეობა გულთან, ვერ განვითარდება ჩვენი ქვეყანა, არ იქნება იმ დონეზე, რაზედაც ჩვენ ვოცნებობთ!
„გურია Today“ ულოცავს გრიშა ჯაფარიძეს იუბილეს, დიდხანს სიცოცხლეს და შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს!




