ცნობილი გურული რეჟისორი და მკვლევარი ირაკლი მახარაძე სოციალურ ქსელში ფირალების შესახებ მორიგ საინტერესო ისტორიას აქვეყნებს:
„არსებობს ვინმე ერმალო კვაჭაძის მოგონება, რომელიც ასახელებს ოთხ ფირალს, რომლებიც ბატონებს გაექცნენ და სოფელ ორაგვესთან მდებარე ერთ დაბურულ კლდოვან ხევს შეაფარეს თავი.
ესენი იყვნენ მიქელა კვაჭაძე, ბუჭუა ბოლქვაძე, რომელსაც შემდეგ ბურძგლა დაერქვა, ლიხოურელი ურუშაძე, რომელსაც ბატონი შემოკვდომია და ვიღაც აჭარელ კაჟიოღლი. ფირალების მეთაური ბუჭუა ყოფილა.
გურიელი ხშირად აგზავნიდა თურმე შეიარაღებულ კაცებს მათ დასაჭერად, მაგრამ ფირალები ყოველთვის ამარცხებდნენ მათ. მაგრამ ერთხელ ბუჭუა მაინც ჩაიგდეს ხელში და ხუნდები დაადეს. ერთხელ თურმე გურიელმა ბრძანა, ხუნდები ახსენითო და ბუჭუას ლელო ათამაშეს იმ პირობით, თუ ის ბურთს გაიტანდა მას გაათავისუფლებდნენ.
ბუჭუა გასულა მოედანზე, ბურთი ხელში ჩაუგდია და უკითხავს გურიელისათვის: სეით ისურვებ, რომ გევიტანოვო… ბუჭუას ხან ერთ მხარეზე გაუტანია, ხან მეორეზე. მთელი ხალხი მას ესეოდა, მარა ბურთი საითაც უნდოდა, იქ გაქონდა.
ბუჭუაი საჭმელს ცოტას ჭამდა, ათ კეკალ კვერცხს შეჭამდა ჯერზე, ცოტას ჭადს დააყოლებდა და ათ კათხა ღვინოს დაასვამდა, კათხაში ორი თუ ორნახევარი ჭიქა ჩადიოდა…
გურიელმა ბუჭუა თავისთან წაიყვანა ყარაულად და ოთხ არშინიანი თოფიც აჩუქა. ბურძგლა დიდხანს ვერ გაჩერდა თავადთან და გაიპარა. გურიელმა მას მდევრები დაადევნა, რომლებმაც ფირალი მოკლეს.



