ყველა „ემენიჩის“ მეტსახელით იცნობდა… ოთარ აფხაზავა გამორჩეული ნიგვზიანელი იყო _ კაცი, რომელმაც მთელი ცხოვრება შრომაში, ფუსფუსში, ძიებასა და ახლის შექმნაში გაატარა. ტრადიციების მოყვარული, თუმცა მუდამ სიახლეების მაძიებელი, წარსულის პატივისმცემელი და თანამედროვეობის ფეხის ამწყობი.
ბუნებისა და სილამაზის განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა. საკუთარი ეზო ნამდვილ წალკოტად აქცია _ საოცარ სამყაროდ, სადაც მის ფანტაზიას, გემოვნებასა და ხელმარჯვე ბუნებას საზღვარი არ ჰქონდა. იქ ყველაფერი თავისებურად ლამაზი, გამორჩეული და ცოცხალია.
განსაკუთრებული ხედვა ჰქონდა _ იქაც კი ხედავდა სილამაზეს, სადაც სხვები უსარგებლო ნარჩენს ხედავდნენ. გადასაგდებად თუ დასაწვავად გამზადებული ხის მორებისგან საოცრებებს ქმნიდა, ძველ, მივიწყებულ ნივთებს ახალ სიცოცხლეს ჩუქნიდა და ეზოში ისეთ კომპოზიციებს აწყობდა, გაოცებას რომ იწვევდა. თითქოს მის ხელში ყველაფერს შეეძლო ხელახლა დაბადება, ყველაფერს შეეძლო თავისი ადგილისა და დანიშნულების პოვნა.
ნახეთ ფოტოები: ემენიჩის წალკოტი
მისი ეზო მხოლოდ სილამაზის ადგილი არაა _ ეს მისი ხასიათის, შინაგანი სამყაროსა და ცხოვრების სიყვარულის ანარეკლია.
სტუმართმოყვარე, გულღია და მოყვასის მოყვარული კაცი იყო. მის ოჯახში მუდამ სითბო, ხალისი და მასპინძლობისთვის დამახასიათებელი ფუსფუსი ტრიალებდა. შეეძლო ადამიანების გამხნევება, გვერდში დგომა, სხვისი ტკივილის გაზიარება. მუდამ სიმართლის მხარეს იდგა და სიკეთეს ჩუმად, ბუნებრივად, გულით აკეთებდა.
ასეთი იყო „ემენიჩი“ _ გამორჩეული, დაუღალავი და საოცრად კეთილი ადამიანი.
მისი ეზო ისევ იქნება სავსე სილამაზით, მისი ხელით შექმნილი კომპოზიციები ისევ მოჰყვებიან „ემენიჩის“ ამბავს, მაგრამ ამ წალკოტს ყველაზე მთავარი დააკლდება _ მისი შემოქმედი, მისი მასპინძელი, კაცი, რომელიც თითოეულ ნივთს ახალ სიცოცხლეს ანიჭებდა და გარშემო მყოფ ადამიანებს სითბოს უზიარებდა.
ძნელია შეგუება იმასთან, რომ ადამიანი, რომელსაც ამდენი სიცოცხლე და სილამაზე ჰქონდა შექმნილი, თავად აღარ იქნება ჩვენ გვერდით. თუმცა ოთარ აფხაზავას კვალი არსად გაქრება _ ის დარჩება მის საყვარელ ნიგვზიანში, მის წალკოტად ქცეულ ეზოში, მის მიერ გაცოცხლებულ ნივთებსა და იმ ადამიანების გულებში, ვისაც მასთან ურთიერთობის ბედნიერება ჰქონია.




