„გურიის მოამბის“ წყარო: „ლაითურის ციხეში ბადრაგმა პატიმარი გააუპატიურა“ _ რას ამბობენ პეტიტენციურ სამსახურში, რომელმაც საკითხის ირგვლივ მოკვლევა დაიწყო?

|

Loading

ლაითურის ციხე

„გურიის მოამბეს“ წერს, რომ წყაროს ინფორმაციით, გურიაში არსებულ ლაითურის (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) ციხეში ბადრაგმა პატიმარი გააუპატიურა.

„პატიმარი ა. მ. რომელიც სასჯელს გურიაში იხდის,  ბადრაგმა ძალის გამოყენებით გააუპატიურა, შემთხვევა ამ დღეებში, ლაითურის ციხეში მოხდა. ეს ინფორმაცია კარგად ინფორმირებულმა წყარომ მოგვაწოდა. იმავე წყაროს ცნობით, დაზარალებულმა ამის შესახებ ოჯახს უკვე აცნობა, თუმცა ოჯახის წევრები, განსაკუთრებით პატიმრის მამა, სპეცსამსახურებისა და ციხის ადმინისტრაციის მხრიდან, ამ წუთებშიც, განსაკუთრებული ზეწოლისა და წნეხის ქვეშ არიან _ მისგან მოითხოვენ ფაქტის მიჩქმალვას და რეაგირებაზე უარის თქმას“ _ წერს გამოცემა და პენიტენციური სამსახურის „ცხელ ხაზთან“ საუბარის სტენოგრამას აქვეყნებს:

_ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ბადრაგის მიერ ლაითურის ციხეში მოხდა ერთ–ერთი პატიმრის გაუპატიურება, გვაინტერესებს უწყების კომენტარი ამასთან დაკავშირებით, რა ინფორმაციას ფლობთ, მიმდინარეობს თუ არა მოკვლევა ამ ფაქტთან დაკავშირებით?

_ თქვენ ვინ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია?

_ ინფორმაცია ჩვენმა წყარომ მოგვაწოდა, გვითხრა, რომ ოჯახის წევრებმა მიმართეს ლაითურის ციხის ადმინისტრაციას, თუმცა სანაცვლოდ მათზე დევნა–შევიწროება დაიწყო…

_ თუ შეგიძლიათ, გვითხარით წყაროს ვინაობა, რომ დავიწყოთ მოკვლევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოკვლევას ვერ დავიწყებთ.

_ მე ვერ გეტყვით წყაროს ვინაობას, ეს უსაფრთხო არ არის…

_ მაშინ მოგვმართეთ ოფიციალური განცხადებით, რომ მოკვლევა დავიწყოთ.

_ ეს საკმარისი არ არის? ცხელ ხაზზე ვრეკავ…

_ არა, ეს საკმარისი არ არის, უნდა მოგვმართოთ განცხადებით, ან ელ ფოსტაზე. გვითხარით პატიმრის სახელი და გვარი.

_ მაპატიეთ, მე ჟურნალისტი ვარ, მე თქვენი კომენტარი მინდოდა, იქნებ პრეს–სამსახურს დამაკავშიროთ, ჩვენ უნდა გავავრცელოთ ეს ინფორმაცია და არ გვინდა, რომ ის ცალმხრივი იყოს. ჩათვალეთ ეს შემოსულ ინფორმაციად და მოახდინეთ რეაგირება. ოჯახმა ხომ მიმართა ლაითურის ციხის ადმინისტრაციას, ინიციალებს გეტყვით _ ა.მ. ასევე ვეუბნებით ქალაქს, საიდანაც ჩვენი ინფორმაციით პატიმარია წარმოშობით.

_ თუ თქვენ ამბობთ, რომ ოჯახმა მიმართა ციხის ადმინისტრაციას, გადავამოწმებთ და მივიღებთ შესაბამის ზომებს.

„რამდენიმე წუთში ჩვენ დაგვიკავშირდნენ პენიტენციური სამსახურიდან – გვითხრეს, რომ საკითხის ირგვლივ (და არა ფაქტის) მოკვლევა დაიწყო“ _ წერს „გურიის მოამბე“.

განახლება

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, #1 პენიტენციურმა სამსახურმა კატეგორიულად უარყო ბადრაგის მხრიდან ძალადობის ფაქტი და აღნიშნა, რომ ლაითურის ციხეში პატიმარი ინიციალებით ა. მ. არ ირიცხება.