„რა გაგაიკეთათ ამისიანცე? შეგირცხვათ ეგ გურული ქოც-ქლესაობა… შარშან ოზურგეთი, წელს ლანჩხუთი, ბრეჟნევი ხარ?“ _ რატომ გაიხსენა ოპოზიციამ თემურ ფირცხალაიშვილის სიტყვები?

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | „ლანჩხუთობა-2026“, საპატიო მოქალაქის ჯილდო

ლანჩხუთელი პოლიტოლოგი და მკვლევარი, მიხეილ სარჯველაძე, რომელიც აკადემიურ და ანალიტიკურ საქმიანობას ეწევა [ძირითადად გერმანიაში], მუნიციპალიტეტში საპატიო მოქალაქეების შერჩევის კრიტერიუმს აკრიტიკებს.

„35 წელი გავიდა ბოროტების იმპერიის ჩამოშლიდან, თუმცა რადგან ქვეყანა “ქართულ ოცნებას” აქტიურად გადაჰყავს ავტორიტარიზმის რელსებზე, ზოგიერთი მავნე ტრადიცია (ზემდგომისთვის სიამოვნების მინიჭება) გრძელდება.

სხვა შემთხვევაში, ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე პარლამენტში მდუმარებით გამორჩეული დელეგატი კი არა (შესაძლოა მდუმარების აღთქმა აქვს დადებული და არ ვიცით), არჩილ ხოფერია გახდებოდა…

ადამიანი, რომელმაც მისთვის ყველაზე ძვირფასი ხალხი დაკარგა, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაუყრია და ბოროტების იმპერიას ებრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის“ _ წერს ფეისბუკის პირად გვერდზე და „გურია Today“-ს ე.წ. ფეისბუკ-ქარდს აზიარებს ვასილ ჩიგოგიძის დაჯილდოების შესახებ.

ლანჩხუთელი ოპოზიციონერები ასევე აკრიტიკებენ საპატიო მოქალაქეების შერჩევას, რასაც სოციალურ ქსელში მწვავე სტატუსებით ეხმაურებიან:

„ლანჩხუთს ლადო აფხაზავასნაირი ადამიანი ჰყავდეს და საპატიო მოქალაქის წოდებას ვასილ ჩიგოგიძესა და ნოე სულაბერიძეს ანიჭებდნენ?! უბრალოდ, სირცხვილია!“ _ წერს ირინა ზარანდია სოციალურ ქსელში.

მას საკრებულოს ყოფილი წევრი ირმა მგელაძე გამოეხმაურა: „ლადოს მსოფლიო ტიტული აქვს, მშვიდობის ელჩია, საქართველო იცნობს და „ლანჩხუთი [არის] ნიჭის საფლავი და უნიჭოთა აკადემია!“ [პოეტ თემურ ფორცხალაიშვილის სიტყვები]

იგი ასევე ერთ-ერთ კომენტარში წერს: „[მშობლიურ] ჩოხატაურში არ აურჩევიათ და ლანჩხუთი რა “რომის პაპზე მეტი კათოლიკე” გამოდგა…“

„შარშან ოზურგეთი, წელს ლანჩხუთი… ბრეჟნევი ხარ?“ – წერს ჟურნალისტი ვლადიმერ მენაბდე.

ლანჩხუთში „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელ გოჩა ჯანაშიას სოციალურ ქსელში ჩოხატაურელი კოლეგა მიმართავს: „რაია, გოჩა, ეს! ეს საუნჯე კაცი რეიზა წაგვართვით? მაგი იგია ხომ, სახლში რომ არ ვარგოდა და ლანჩხუთში რომ გარბოდა? ისე სკოლები და ბაღები ქე უუშენებია ლანჩხუთში! ჩოხატაურში პირველი საშუალო რომ დაანგრიეს, იმ ბლოკებით ააშენებდა ლანჩხუთში ბაღებს – კეთილი კაცია მაგი და ნაღდად მასთე იზამდა“ _ წერს ნუგზარ ჩხიკვაძე და „გურია Today“-ს ფეისბუკის ქარდს აზიარებს, რომელზეც მიხეილ სარჯველაძის ზემოხსენებულ პოზიციაა გამოხატული.

„ლანჩხუთის საპატიო მოქალაქედ ნოე სულაბერიძე აარჩევინეს თუ აირჩიეს. გურულებო, ეს ის ნოე არაა… ამ ქვეყანაში ყველაფერი გაბანძდა: მოქალაქეც და პატივიც. რა გაუკეთა ლანჩხუთს ამისიანცე? ამდენი ღირსეული ადამიანი ცხოვრობს ლანჩხუთში, შეგირცხვათ ეგ გურული ქოც–ქლესაობა. კაცი ან ქალი დეილია მაქეეთ?“ _ წერს მასწავლებელი ირმა გორდელაძე ფეისბუკის პირად გვერდზე.

ცნობისთვის: 2026 წლის 11 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე და „იმედის“ ტელე-წამყვანი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე ლანჩხუთის საპატიო მოქალაქეებად დაასახელეს. მენტორი მასწავლებელი, ანტისამთავრობო აქციების აქტიური მონაწილე ლადო აფხაზავა პედაგოგთა ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელია.

ასევე წაიკითხეთ: ტელეწამყვანი, ექიმი, ექსპერტი, რეჟისორი, ფინანსისტი, მსაჯი, ფეხბურთელი… ვინ არიან ლანჩხუთის საპატიო მოქალაქეები?