„ლანჩხუთობაზე“, ტრადიციულად, მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეები დაასახელეს. წელს ეს წოდება მიენიჭათ ფინანსისტ როლანდ ლაშხიას, სასამართლო ექსპერტ რიმა ასკურავას, კულტურის მუშაკ ლია ურუშაძეს, ფეხბურთის ყოფილ მსაჯ ოთარ გუნთაძეს, ტელეწამყვან და პროდიუსერ ნოე სულაბერიძეს, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელ ელგუჯა კალანდარიშვილს, გურიის დელეგატ ვასილ ჩიგოგიძეს, ბიზნესმენ სოლომონ (სოსო) ჩხაიძეს, ეპიდემიოლოგ ნატო მენაღარიშვილსა და ყოფილ ფეხბურთელ ჯემსუატ ურუშაძეს.
რიმა ასკურავა აშშ-ში მოღვაწე სასამართლო ექსპერტია, რომლის წიგნით პოლიციის აკადემიაში დღესაც ასწავლიან. სამშობლოსთან კავშირი არასოდეს გაუწყვეტია. ხშირად ეწევა ქველმოქმედებას, უხმაუროდ ეხმარება შეჭირვებულ თანასოფლელებსა და ბავშვებს. ამერიკაში გადაადგილდება ავტომობილით, რომლის სანომრე ნიშანზეც ამაყად წერია: GURULI.
„გურიას“ ლეგენდა ჯემსუატ ურუშაძე ლანჩხუთის ფეხბურთის მემატიანე და ჯანდაცვის სფეროს ღვაწლმოსილი წარმომადგენელია. მისი სახელი მუნიციპალიტეტის სპორტულ ისტორიასა და საზოგადოებრივ ცხოვრებას უკავშირდება.
ნოე სულაბერიძეს ჩიბათთან მჭიდრო საგვარეულო და ემოციური კავშირი აქვს. ცნობილ ტელეწამყვანსა და პროდიუსერს ოჯახთან ერთად ხშირად ნახავთ სოფელში. სოციალურ ქსელებში ის ლანჩხუთიდან გადაღებულ კადრებსაც ხშირად აზიარებს, მათ შორის ვიდეორეპორტაჟებსა და პოსტებს წარწერებით: „ლანჩხუთზე კარგს რომ გავიგებ, გულს უხარია“ და „ჩიბათში სიამოვნებით“.
ლანჩხუთის სახელოვნებო სკოლათა გაერთიანების დირექტორი და კულტურის დამსახურებული მუშაკი ლია ურუშაძე 2023 წელს ხელოვნების აკადემიის საპატიო წევრად აირჩიეს. სამი წლის შემდეგ კი ცნობილმა პიანისტმა ვალერიან შიუკაშვილმა მუსიკალური განათლების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვა. ათწლეულების განმავლობაში იგი წარმატებით ხელმძღვანელობდა რაიონის კულტურის განყოფილებას, ორგანიზებას უწევდა კონცერტებს და თავადაც მიჰყავდა ისინი. მისი რეჟისორობით არაერთი სპექტაკლი დაიდგა.
ელგუჯა კალანდარიშვილი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც საკუთარი ღირსებისა და ადამიანობის დასამტკიცებლად საპატიო წოდება არასოდეს სჭირდებოდათ. იგი მოწოდებით მოყვასის მოყვარული და კეთილშობილი ადამიანია, მთელი ცხოვრება თანამოქალაქეთა სამსახურში გაატარა და ამისთვის სანაცვლოდ არასოდეს არაფერი მოუთხოვია. ამიტომაც მისი ღვაწლის აღიარება და კარგი გურული კაცის დაფასება განსაკუთრებით სასიხარულოა.
ლანჩხუთელთა ჯანმრთელობის სადარაჯოზე გატარებული ათწლეულები, დიდი რუდუნება, თავდადება და უხმაურო შრომა _ ასეთია ნატო მენაღარიშვილის პროფესიული გზა. საქმისადმი ერთგულებასა და პროფესიონალიზმთან ერთად, მას ადამიანებთან ურთიერთობის მაღალი კულტურა, პიროვნული ღირსებები და კეთილშობილება გამოარჩევს.
მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი როლანდ ლაშხია ათწლეულების განმავლობაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. პროფესიულ საქმიანობასთან ერთად, იგი ადამიანობითა და მეგობრობითაც იმსახურებს პატივისცემას. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში კოლეგებისა და თანამოქალაქეების პატივისცემის შენარჩუნება მის მსგავსად ყველას არ შეუძლია.
ოთარ გუნთაძე ფიფას ყოფილი მსაჯია, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტს ხელმძღვანელობდა. მისი მრავალწლიანი საქმიანობა ქართული ფეხბურთის მსაჯობის ისტორიას უკავშირდება.
ლანჩხუთელი ბიზნესმენი სოლომონ (სოსო) ჩხაიძე ქალაქის ცენტრში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს აშენებს. მის სახელს უკავშირდება აცანაში, ოქონას ისტორიული მონასტრის ნანგრევების ადგილზე, ტაძრის მშენებლობაც. ამავე სოფელში წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მშენებლობა კი მისმა ბიძამ, ბიზნესმენმა ბადრი წილოსანმა დააფინანსა, რომელიც გასულ წელს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქედ დასახელდა.
გურიის დელეგატი „ქართული ოცნებიდან“ ვასილ ჩიგოგიძე წელს საპატიო მოქალაქედ დასახელებულთა შორის ერთადერთი არალანჩხუთელია. მის სახელს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პროექტის მხარდაჭერა, პედაგოგების, შშმ პირებისა და შეჭირვებული ოჯახების ფინანსური თანადგომა უკავშირდება.




