„ლანჩხუთი“ ყოველთვის იყო და არის მისაბაძი გუნდი, ვამაყობ, რომ ამ კლუბის მაისურა მეცვა“ _ რას ამბობს ეროვნული გუნდის ფეხბურთელი, რომელმაც „ნიკე-ლუსო“ პროტესტის ნიშნად დატოვა

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ანა წულაია და ლიზი მწყერაშვილი

„ლანჩხუთის“ პროტესტს ძალადობის წინააღმდეგ უერთდება და სოლიდარობას უცხადებს კლუბის ყოფილი წევრი ანა წულაია, ფეხბურთელი მხარდამჭერ განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„როცა ჩემი ყოფილი გუნდი პროტესტის ნიშნად თამაშზე უარს ამბობს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ „ლანჩხუთი“ ყოველთვის იყო და არის მისაბაძი გუნდი, რომელსაც საკუთარი ღირსების, სიტყვისა და პრინციპების დაცვა შეუძლია.

ვამაყობ, რომ ოდესღაც ამ გუნდის წევრი ვიყავი. ვამაყობ იმ მაისურით, რომელიც მეც მეცვა და იმ ადამიანებით, რომლებიც დღეს „ლანჩხუთის“ ღირსებას იცავენ. ზოგჯერ ფეხბურთზე მეტია ის, რასაც მოედანზე ვერ ხედავ. პატივისცემა, ერთიანობა და ღირსება – ესეც გამარჯვებაა. ვამაყობ თქვენით ლანჩხუთი!“ – წერს ამჟამად ხობის „კოლხეთის“ კაპიტანი ფეისბუკის პირად გვერდზე.

„პირველ რიგში, ჩემი გუნდელის გვერდით ვდგავარ მეც და ჩემი გუნდიც, რაც აისახა დღევანდელ “თამაშზეც“. არავის ადარდებს ფეხბურთი, როდესაც მოძალადეები და უსამართლოები არიან. ჩვენ ადამიანობა გაგვიჩნია და ასე გაგრძელდება, სანამ ზომებს არ მიიღებენ” _ ამის შესახებ „ლანჩხუთისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ლიზი მწყერაშვილმა TST სპორტს „ნიკე-ლუსოსთან“ ჩაშლილი მატჩის კომენტირებისას განუცხადა.

იგი გასულ სეზონში თბილისის „ნიკე-ლუსოს“ ღირსებას იცავდა და კლუბი პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვა, რაც მისმა თანაგუნდელმა პრეზიდენტი ძალადობაში დაადანაშაულა.

„ლანჩხუთის“ პროტესტს უერთდება ფეხბურთელი ნათია წოწერია და მხარდამჭერ განცხადებას სოციალური ქსელით ავრცელებს.

“ლანჩხუთის ქალთა გუნდმა ფეხბურთზე მეტი გააკეთა. მატჩი დაიწყო, ბურთი გათამაშდა და შემდეგ მოედანზე გაჩნდა ბანერი: „მოძალადის მხარდამჭერი მოძალადის თანამონაწილეა!“

ამის შემდეგ გოგოებმა მოედანი დატოვეს. ეს არ ყოფილა უბრალოდ მატჩის ჩაშლა, ეს იყო პასუხი დუმილზე. როცა ძალადობის შესახებ არსებობს მძიმე ბრალდებები და ამ ყველაფრის ფონზე ადამიანი კვლავ რჩება ფეხბურთის სამყაროში გავლენიან ფიგურად, დუმილი ყველასთვის ერთნაირი არჩევანი აღარ არის.

გოგოებმა დღეს გადაწყვიტეს, რომ ასეთ გარემოში თამაში მათთვის მიუღებელია. მათ არ დაუყვირიათ, არავისთან ჩხუბი არ დაუწყიათ, უბრალოდ, გაშალეს ბანერი და წავიდნენ.

ზოგჯერ ყველაზე ხმამაღალი პროტესტი სწორედ მაშინ არის, როცა მოედანს ტოვებ. ეს იყო მათი თანაგუნდელის, მეგობრის და პირველ რიგში, ადამიანის გვერდით დგომა.

ფეხბურთი ვერ იქნება ადგილი, სადაც შედეგი ადამიანის ღირსებაზე მაღლა დგას. ძალადობაზე დუმილი ნეიტრალიტეტი არ არის. და ფეხბურთი არ უნდა იცავდეს ძალადობას, ფეხბურთმა ადამიანი უნდა დაიცვას” – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე „ბათუმის“ ფეხბურთელი, რომელიც წლების წინ, „ლანჩხუთის“ ღირსებას იცავდა.