„გურიამ“ ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს, ბათუმის „გონიოს“ ისევ 2:0 მოუგო და მდევარი აჭარიდან 10 ქულით ჩამოიტოვა.
მატჩის ბედი, ფაქტობრივად, პირველივე ტაიმში გადაწყდა, როცა თორნიკე კაპანაძემ დუბლი 26 წუთში შეასრულა: „ელვამ“ ჯერ დათა სიჭინავას მოწოდებულ კუთხურს თავით ახლო ძელთან კარში მიუჩინა ადგილი, ხოლო ტაიმის მიწურულს ნიკა ნოზაძისა და ლუკა ჩაგანავას კომბინაციის შემდეგ საჯარიმოს მისადგომებიდან არცთუ ძლიერად დაატყა, მაგრამ სტუმართა მეკარემ მისი მოგერიება ვერ შეძლო, 2:0.
მეორე ტაიმში „გურიამ“ პრაგმატული ფეხბურთი ითამაშა და საქმე საბოლოო გამარჯვებამდე ისე მიიყვანა, ძალების დაზოგვაც მოახერხა.
აუცილებლად აღსანიშნავია, რომ უფრო მეტი ლანჩხუთელი „გონიოს“ რიგებში ირიცხება _ „გურიას“ შემადგენლობაში ასეთი მხოლოდ ვანო წილოსანია, ხოლო აჭარული კლუბში სასტარტოდან დაიწყეს ლევან ინგოროყვამ და ლაშა ახალაიამ, ხოლო წინა შეხვედრაში ტრავმირებული ავთანდილ ებრალიძის გამოყვანა სტუმართა მწვრთნელს მეორე ტაიმში მაინც დასჭირდა.

„გურიამ“ პირველადგილოსანთან სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა
გურული კლუბის ყველა კონკურენტმა დაკარგა ქულები _ „იბერია 1999-2“ იგებდა და ბოლო წუთებზე გაუყაიმეს ლანჩხუთელი სპეციალისტის, დავით ხიტირის გუნდს, ხოლო ერთპიროვნული ლიდერი, „თბილისი 2025“ 0:3 აგებდა თანაქალაქელ „ლოკომოტივთან“ და საბოლოოდ, 3:3 დაამთავრა.
„გურია“ უახლოეს მდევარს 8 ქულით უსწრებს და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ თანაბარი ქულების შემთხვევაში, ლანჩხუთელებს ყველა კონკურენტთან ურთიერთშეხვედრების უპირატესობა აქვს, გოჩა ტყებუჩავას გუნდს არ უნდა გაუჭირდეს ზედა ლიგაში პირდაპირ, პლეი ოფის გარეშე დაწინაურება.
მომდევნო ტური ზუსტად 1 კვირაში გაიმართება და მთავარი კონკურენტები ერთმანეთს ხვდებიან, „გურია“ კი გასავარდნ ზონაში მყოფ „გარდაბანს“ ესტუმრება და პირველ წრეში, ფოთში, მოულოდნელი 0:0-ის გამო რევანშს ეცდება.
P.S. „გურიამ“ კლუბის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, ლანჩხუთში ფეხბურთის გამომცოცხლებელ მერაბ ჟორდანიას დაბადების დღე მოგებით მიულოცა!
03.09.2026 | ლანჩხუთი, „ევგრაფ შევარდნაძე“ | გურია 2:0 გონიო
1:0, 2:0 კაპანაძე (17, 43)
გურია: ისიანი, მელიავა, კაკუბავა, მაისაშვილი, იაშვილი (61. კახაბრიშვილი), ნოზაძე, ჩაგანავა (61. წილოსანი), ხუნდაძე (71. ოლხოვი), ტაბატაძე (79. ჩოთალიშვილი), სიჭინავა, კაპანაძე (71. ქოქოსაძე)





