ლანჩხუთი ტრადიციული საფეხბურთო ქალაქია, მაგრამ ბევრი, ალბათ, პირველად გაიგებს სათაურში მოყვანილი უცხო სიტყვების მნიშვნელობას.
არა, გურულ ქომაგს ჰეთ თრიკის მეტი რა უნახავს, პოკერიც არცთუ იშვიათად, მაგრამ პენტა თრიკი? ჰექსა თრიკი? პემტა თრიკი? პირველი 5 გოლს ნიშნავს, მეორე _ „ნახევარ დუჟინს“, ანუ 6-ს, ხოლო მესამე ერთ თამაში მობურთალის მიერ გატანილ 7 გოლს.
ეს ყველაფერი და უფრო მეტიც, ნათია დანელიამ შეძლო _ საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, „ლანჩხუთისა“ და ქალთა ლიგის მთავარმა მეგოლემ.
მის წლევანდელ მონაგარში ჰეთ თრიკიცაა და 6 დუბლიც. 4-ჯერ თითოჯერ აიღო მეტოქეთა კარი. მოკლედ, 10-დან 7 გოლამდე მხოლოდ პოკერი აკლია და უახლოეს თამაშებში მისგან 4 გოლს(აც) ველით.
საერთო ჯამში, რეგულარულ ჩმპიონატში ჩატარებულ 17 შეხვედრაში (1 გამოტოვა) 36 გოლი გაიტანა და მდევრებს ისე უსწრებს, მისი დამწევი ამ სეზონში არავინაა.
ზემომოყვანილი ციფრები ნიშნავს, რომ საშუალოდ შეხვედრაში 2,12 გოლი გააქვს. აქედან მან 8 საშინაო შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა, რაც ნიშნავს, რომ გვიმბალაურის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე მას თამაშში 3 გოლზე მეტი (3,13) გააქვს.
რაც შეეხება სტუმრად გამართულ 9 შეხვედრას, ნათია დანელიამ თავი 11-ჯერ გამოიჩინა, რაც საშუალოდ 1,22 გოლია შეხვედრაში.
ვინ დაამწუხრა ყველაზე ხშირად ლიგის მთავარმა მეგოლემ?
9 გოლი „ელიტას“ გაუტანა, აქედან 7 _ თბილისურ შეხვედრაში. 7-ჯერ აიღო „რაჭის“ კარი, 6 გვიმბალაურში გაიტანა. 5-5 გოლი „მართვესა“ და „კვარტალს“ გაუტანა: 3 ქუთაისში, ხოლო თბილისელებს 5-ივე ლანჩხუთში. ორ თამაშში ნათია დანელიამ „თეთრიწყაროს“ კარი 4-ჯერ, ხოლო „ბათუმის“ და „ვერეს“ 3-3-ჯერ აიღო.
მას ამ სეზონში გოლი 7 გუნდს გაუტანა და მხოლოდ „ნიკე-ლუსოსა“ და სოხუმის „დინამოს“ კარი არ აუღია. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელთან მეორე შეხვედრა გამოტოვებული აქვს.
სხვათა შორის, „ლანჩხუთში“ ახალგადმოსულ მობურთალს საწყის 2 ტურში არ გაუტანია, მერე კი „აიწყვიტა“ და დარჩენილი 15 შეხვედრიდან 13-ში მოახერხა გატანა.
აქ დათვლილია რეგულარული ჩემპიონატის მონაცემები. უკვე ფინალური ეტაპი დაიწყო და პირველ შეხვედრაში, ნათიამ „ბათუმთან“ ისევ გამოიჩინა თავი, რაც ზემო მონაცემებში შეტანილი არაა. მან კიდევ ერთი საინტერესო მიღწევა დააფიქსირა: ამ სეზონში აჭარლებს სამივე შეხვედრაში, ჯამში 4 გოლი გაუტანა.
თუ ამ მონაცემსაც დავუმატებთ, ამ დროისთვის ნათია დანელიას 18 შეხვედრაში 37 გოლი დაუგროვდა. ამის მერე გასაკვირი რატომაა, გურულებმა მას „გვარი მისცენ“: გოლიაძე!




