ზუსტად 20 წელი გავიდა, გურიის გუბერნატორ ჟანი კალანდაძის ტრაგიკული დაღუპვიდან. „გურია თუდეი“ გთავაზობთ ჩვენი ჟურნალისტის, მამუკა ქანთარიას მიერ მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ჩაწერილ ინტერვიუს.
გურიას მასზე ახალგაზრდა გუბერნატორიც ჰყოლია. მიხეილ ჭკუასელი „მაშინ“ 24-ის იყო. 27 წლის ჟანი კალანდაძე „სახალხო ტიპია“. მუდამ ხალხში ტრიალებს და საწყალი ის ადამიანები, ვინც პრეზიდენტის რწმუნებულს კაბინეტთან ელის.
პირველივე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს უთხრა, თუ რამეზე დაგჭირდეთ, ნებისმიერ დროს დამირეკეთო და ნომერი ჩაგვანიშნინა.
აქედან რამდენიმე დღეში, ჩემს უბანში აქცია გაიმართა _ ჯერ კიდევ შუქის პრობლემები იყო და უსამართლოდ ვიჩაგრებოდით. საღამოს 9 საათი იქნებოდა. დავურეკე, უფრო გამოსაცდელად, სიმართლე გითხრათ, იმედი ნაკლებად მქონდა. უთხარი შენს უბნელებს, არ დაიშალონ, ოზურგეთიდან რაც დრო დამჭირდება, მოვალო.
მართლაც მოვიდა, ადგილობრივი ელქსელების ხელმძღვანელიც მოიყვანა და ალაიაში გაატარა _ ეს ხალხი თუ იხდის, შუქი რატომ არ აქვსო? აუხსნეს, რომ „მეოთხე ფიდერზე“ მხოლოდ ეს ერთი ქუჩა არ იყო და სხვებს გადაუხდელი ჰქონდა. დაავალა, ეს თქვენი პრობლემაა, ამათ გადახდილი აქვთ და შუქი ჩაურთეთო. თან გააფრთხილა, შუქი ზურგში არ მომყვეს, მაქამდე სახლში წასვლის განცხადება მომაწიეო…
… ჩვენი საუბარიც მეტად ორიგინალურ ვითარებაში შედგა. გუბერნატორმა გვთხოვა, თან ქალაქი დავათვალიეროთ, თან კითხვებზე გიპასუხებთო. ჰოდა, თქვენი მონამორჩილი და გუბერნატორი ლანჩხუთის ქუჩებში ლაპარაკ-ლაპარაკით რომ „დატასაობდნენ“, აქა-იქ ისმოდა: ნეტა, ვინაა იი ბაღანაი, ჟურნალისტს რომ გამუუჭერიაო.
ასეთი აზრი ერთი შეხედვით დაგრჩებათ _ კალანდაძეს ასაკზე უფრო ახალგაზრდული შეცედულება აქვს, მაგრამ, როცა მის მიერ ციხეში გაშვებული ჩინოვნიკების შესახებ შეიტყობთ და მასთან თუნდაც ცოტა ხნით ისაუბრებთ, მიხვდებით, რომ გურიის პირველკაცი „თლა ბაღანაი“ სულაც არაა. პირველი კითხვა სწორედ „ბაღნობაზე“ დავუსვი:
_ ბატონო ჟანი, როგორი ბავშვობა გქონდათ?
_ ძალიან კარგი, თბილისის ძველ უბანში _ სოლოლაკში გავიზარდე. ცოტა ცელქი კი ვიყავი, როგორც ყველა ბავშვი…
_ ე.ი. „ხვთისპირიდან გადავარდნილი“ არ იყავით. კარგად სწავლობდით?
_ კი, თუმცა…
_ ახლა არ მითხრათ, „ორებსაც“ ვიღებდიო…
_ (იცინის) ჰო, „ორიც“ მიმიღია, მაგრამ მე სხვა რამეს გეუბნებოდით.
_ ამაზე უარესი რა უნდა იყოს?
_ ლექსები არ მიყვარდა…
_ რაა?!
_ უფრო სწორად, დაზეპირება არ მიყვარდა, თორემ ლექსი როგორ არ მიყვარს. უფრო ტექნიკურ საგნებს ვსწავლობდი.
_ ბავშვობაში რაზე ოცნებობდით?
_ რაზე აღარ?! ჯერ რეჟისორობაზე, მერე მეწარმე მინდოდა გავმხდარიყავი…
_ პოლიტიკოსობა როდის „მოგინდათ“?
_ სხვათა შორის, მაგას არც ბავშვობაში გამოვრიცხავდი. მით უმეტეს, როცა დამამთავრებელ კლასებში ვიყავი, ეროვნული მოძრაობის ბუმი იყო და…
_ კარგი, სანამ პოლიტიკაზე გადავალთ, ბავშვობაზე ყველაფერი „გავაიასნოთ“. სკოლაში თუ ჩხუბობდით და რატომ?
_ კი, როგორ არ გვიჩხუბია, ძმაკაცებთან ერთად… ხან რის გამო, ხან _ რის.
_ გოგოსთვისაც?
_ კი, აბა, როგორ (იცინის)!
_ გალახულხართ?
_ ხან ჩვენ ვცემდით, ხან _ ისინი…
_ სკოლის დამთავრების შემდეგ რა ხდება?
_ ჯერ საინჟინროზე ჩავაბარე, ხომ გითხარით, საზეპიროები არ მიყვარს-მეთქი. შემდეგ იურიდიულიც დავამთავრე, სულ პირველი კურსიდან დავიწყე. სტუდენტურ მოძრაობებში აქტიურად ვმონაწილეობდი, ეს ყველაფერი თავისით ხდებოდა. ეროვნულ მოძრაობაშიც უფრო აქტიურად ჩავერთე…

ჟანი კალანდაძე ორფოლოს სამხედრო ბაზაზე, გურულ რეზერვისტებთან სტუმრობისას; მარჯვნივ: ინტერვიუს დროს
_ თქვენ იუსტიციის სამინისტროში ერთ-ერთი დეპარტამენტს ხელმძღვანელობდით…
_ მანამდე ერთ-ერთ იურიდიულ ორგანიზაციაში ვმუშაობდი და მაშინ იუსტიციის მინისტრმა, მიხეილ სააკაშვილმა საპასუხისმგებლო პოსტი მანდო _ მოქალაქეობა-იმიგრაცია-მმაჩი-ნოტარიატის დეპარტამენტი ჩამაბარა.
_ ჰოდა, სწორედ ეს მიკვირს, აღნიშნულ დეპარტამენტს დაჭერებთან რა შეხება აქვს?
_ მერედა, ეს ვინ გითხრა?!
_ ამბობენ, თავისი მოძიებული მასალებით ბევრი ჩინოსანი ციხეში გაუშვაო…
_ ეს, როცა საკრებულოში ვიყავი. მართლა ძნელი საქმეები ამოვქექეთ.
_ ყველაზე გახმაურებული რომელი იყო?
_ ყველა გახმაურებული იყო, თუგინდ ვაკის გამგებლის საქმე…
_ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებში როგორ აღმოჩნდით?
_ როცა მოძრაობა ყალიბდებოდა, პირველი დღიდან იქ ვარ.
_ დაგიფასდა კიდეც, ჯერ დეპუტატი გახდით, ახლა კი რეგიონი ჩაგაბარეს…
_ სიმართლე გითხრათ, გუბერნატორობა ჩემთვის მოულოდნელი იყო.
_ რატომ, თქვენს დაწინაურებაზე ხმებმა 6 თვის წინათაც გამოჟონა…
_ ჰოო… (იღიმება)
_ ისე, არ შეგრცხვათ, მეგობარ გოლიაძის სკამზე რომ „წამოსკუპდით“?
_ ვახტანგმა ბევრი გააკეთა და ამას დაფასება უნდა. ჩვენ კი მეგობრებად დავრჩით. ვფიქრობ, ყველაფერია ნათქვამი.
_ ბატონო ჟანი, მეგობრებზე გამახსენდა, საქეიფოდ და ასეთებისთვის ხომ იცლით?
_ შეძლებისდაგვარად.
_ ქეიფი არ გიყვართ?
_ საშუალოდ.
_ რა მოკლედ მპასუხობთ. თქვენი ერთ-ერთი წინამორბედი კარლო გუჯაბიძე საქართველოს მოქალაქეთა კავშირის წევრი არ იყო, მაგრამ მეორე სმკ-ს _ საქართველოს მოქეიფეთა კავშირის „ნამდვილი“ წევრი გახლდათ და გურიაში „ვიპ-სუფრა“ მისი თამადობის გარეშე არ ყოფილა. ეს „საქმე“ თქვენც გეხერხებათ?
_ თამადობაც საშუალოდ.
_ რომელ სასმელს ანიჭებთ უპირატესობას და რამდენს სვამთ?
_ ნუ, რა ვიცი, ყველა სასმელს ვსვამ და ნორმას არ ვაჭარბებ.
_ ქალები და რამე?
_ ვერ გავიგე…
_ რა გაგიკვირდათ, მითხრეს, ჩვენი გუბერნატორი ქალებში მაგრად დარბისო…
_ ჰოდა, ვინც გითხრათ, იმას ჰკითხეთ. ისე, მაინტერესებს, ვინ გითხრათ?
_ ვერ „ჩავუშვებ“. მოკლედ, რას მეტყვით?
_ არაფერს!
_ რატომ ასე მკაცრად?! კარგი, ის მაინც მითხარით, უახლოეს პერიოდში დაოჯახებას ხომ არ აპირებთ?!
_ ჯერ ვერაფერს გეტყვით.
_ გატყობთ, ამ თემაზე საუბარს გაურბიხართ. სპორტზე „გადავიდეთ“. როგორც ვიცი, ფეხბურთი ძალიან გიყვართ.
_ კი, ვთამაშობდი კიდეც…
_ რაღაც არ მახსოვხართ?
_ არა, კაცო, სადმე კი არ ვთამაშობდი, ჩემს ჭიას ვახარებ…
_ გურიაში სანადირო ადგილებია, ეს ჰობი „გაქვთ“?
_ ნადირობა ძალიან მიყვარს. გურიის ტყეებში ჯერ არ ვყოფილვარ…
_ რა თოფი გაქვთ?
_ მაქვს თოფი (იხსენებს)… მოკლედ, კაი თოფი მაქვს, რა (იცინის).
_ არა უშავს, მჯერა, დაგავიწყდათ, თორემ უეჭველად გეცოდინებათ. არჩევნების დროს გურიის ზონის კურატორი იყავით, ახლა გუბერნატორი გახდით, რეგიონთან რა კავშირი გაქვთ?
_ დედა ლანჩხუთელი მყავს, მამა _ ჩოხატაურის სოფელ ხიდისთავიდან. ლანჩხუთში უფრო ხშირად ჩამოვდიოდი, ჩოხატაურში სულ სამჯერ ვიყავი ნამყოფი, ისიც ბავშვობაში.
_ მერე გადმოიტანეთ „გუბერნია“ ლანჩხუთში, აქაურები სულ წუწუნებენ, ყველაფერი ოზურგეთშიაო…
_ რა ვიცი (იცინის)…
_ ბატონო ჟანი, ბოლო დროს გუბერნატორებს პანტაპუნტით ცვლიან და პარლამენტარი კაცი ამ „სათუო“ სამსახურს რომ დასთანხმდით, რისკი არ იყო?
_ კი, ბატონო, თანაც ძალიან დიდი რისკი იყო.
_ და რატომ „გარისკეთ“?
_ ტრაფარეტულად არ ჩამითვალოთ და ქვეყანას სადაც ვჭირდებოდი, იქ წავედი. თანაც ცხოვრებაში გამოწვევა უნდა მიიღო.
_ გურულები რომ აგიჯანყდნენ, გადადგებით?
_ ვერ გავიგე…
_ ღმერთმა დაგიფაროთ და გაფიცვები რომ მოგიწყონ, პოსტს დატოვებთ?
_ არა! (იცინის) თუ ჩავთვლი, რომ რაღაცას ვერ ვაკეთებ, გაფიცვა არ მინდა, რა თქმა უნდა, „წავალ“!
P.S. სამწუხაროდ, ჩვენი ამ ინტერვიუდან ძალიან მალე ამქვეყნიდან წავიდა. თბილისში, ჯორჯ ბუშთან შეხვედრაზე მიიჩქაროდა. დღეებით ადრე გუბერნიის თანამშრომელს მეგობართან დაარეკინა, ჟანი ავარიაში დაიღუპაო. რეაქცია აინტერესებდა, როგორ გამოიტირებდნენ. მაგრამ ეს ხუმრობა რეალობად ექცა…






