ლანჩხუთელი ემიგრანტი, სამოქალაქო აქტივისტი ნინია ბარამიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
„არ არსებობს… არ მინდა დაჯერება, რომ ჩემი ულამაზესი თეა აღარ არის… სოფელში ზაფხულობით როცა ჩამოდიოდა, სულ მასთან ვიყავი, ისე მიხაროდა, ისე გამორჩეულად მიყვარდა მასთან ურთიერთობა, მისი დახვეწილი საუბარი… ეს ანგელოზივით, მართლაც ანგელოზივით ლამაზი გოგო, ასე უდროოდ წავიდა. ჯერ კიდევ ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან, ვერ ვიჯერებ… იდეალური დიპლომატი იყო, საკმაოდ ბევრი წელი მუშაობდა თურქეთში, საქართველოს საელჩოში… ვიზიარებ ოჯახის, მეგობრების, მეზობლების და ჩვენი სანათესაოს ამ ენით აუღწერელ ტრაგედიას…“ _ წერს ნინია ბარამიძე ფეისბუქ-ჯგუფში „This is ლანჩხუთი“.
თეა (თეკო) ბარამიძის გარდაცვალების შესახებ წერს გურული ექს-პარლამენტარი ზვიად კვაჭანტირაძეც, რომელიც 2004-09 წლებში, საქართველოს გენერალური კონსული გახლდათ თურქეთის ქალაქ სტამბოლში.
„ჩვენი ძვირფასი მეგობარი აღარ გვყავს. უმაგრესი, უსაყვარლესი თეკო. ყველაფერში მისაბაძი ადამიანი. კეთილი, თბილი, ჭკვიანი, ლამაზი, საუკეთესო დედა და მეუღლე, საუკეთესო მეგობარი. წლებია, ებრძოდა ვერაგ დაავადებას და დღეს დილით მაინც გარდაიცვალა. გარდაიცვალა, მაგრამ არ დამარცხებულა. ერთხელაც კი არ მოდრეკილა წელში მთელი ამ წლების მანძილზე. გუშინაც კი საყვარელი ანასტასიას გამოსაშვებ ზეიმზე მივიდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალ-ღონე აღარ ქონდა. დილით კი წავიდა… მშვიდობით, ჩვენო უკარგესო გოგოვ!!!! ყოველთვის გვეხსომები და გვეყვარები. ყოველთვის!!!“ _ წერს ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში.
„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს თეა ბარამიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ახლობლებს.





