წითლები და თავურები _ ბოლო წუთების დრამა „შატილზე“: „გურიამ“ „ორბის“ სტუმრად ე.წ. 6-ქულიანი შეხვედრა მოუგო და მეორე ადგილზეა

|

Loading

„გურიამ“ ლუკა ქოქოსაძისა და ცოტნე ჩოთალიშვილის გოლებით მოიგო

„გურიამ“ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოიგო _ „ორბის“ სტუმრად აჯობა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

რა თქმა უნდა, მოგება გუნდის თამაშში არსებულ ხარვეზებს ვერ დაფარავს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ხარისხი უკანა პლანზე იწევს და მთავარი შედეგია!

ყველანაირად მნიშვნელოვანი მოგება იყო: იმის დასამტკიცებლად, რომ „გურიას“ ლიდერისთვის მოგებაც შეუძლია და თანაც სტუმრად; რამდენიმე ვერმოგებული გასვლითი მატჩის ფონზე, ხასიათის გამოსაკეთებლად; და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია _ 3 ქულა გუნდისთვის ცხრილშიც საჭირო იყო და ფსიქოლოგიურადაც.

დანარჩენს კი უფრო იოლად მოევლება: „გურია“ საზაფხულო შესვენებაზე გაძლიერებას გეგმავს და ახლა მთავარია, იქამდე მაქსიმალური ქულებით მივიდეს.

ლანჩხუთელი ქომაგი მრავლისმნახველი და მომთხოვნია, თორემ საგანგაშო ისედაც არაფერი ხდებოდა. ეგაა, რისკი და წლის დაკარგვა არ ღირს, რაც ყველაზე უკეთ კლუბის მესვეურებმა უწყიან, რომელთა მიზნები უფრო დიდია, ვიდრე მეორე ლიგაში დაწინაურება.

მატჩი გურულებისთვის კარგად დაიწყო _ მე-20 წუთზე ლუკა ჩაგანავამ მცველები ჩამოიტოვა და სახიფათოდაც დაარტყა, მეკარემ კი მოიგერია, მაგრამ ლუკა ქოქოსაძისთვის საგოლე პასი გამოუვიდა _ „გურიას“ შემტევმა თავურით თავს ზემოთ გადაავლო ბურთი „ორბის“ კარის დარაჯს, 1:0.

„გურიამ“ ცხრილში II ადგილი 2 ტურის შემდეგ დაიბრუნა

მეორე ტაიმში „გურიას“ ცოტა კი გაუჭირდა, მაგრამ 66-ე წუთზე, ლევან კაკუბავასთან უხეშობისთვის მსაჯმა მასპინძლები კაცნაკლული დატოვა…

იქამდე „გურიას“ თავკაცი გოჩა ტყებუჩავა გააძევეს – მსაჯის გადაწყვეტილების ემოციურად გაპროტესტებისთვის.

წესით, სტუმრებს ანგარიშის შენარჩუნება არ უნდა გასჭირვებოდათ, მაგრამ ბოლოსკენ, კონკრეტულად კი 87-ე წუთზე, უკანა ხაზი ჩავარდა, რითაც თბილისურმა გუნდმა ისარგებლა და… 1:1.

ერთხელ „გურიასაც“ გაუმართლა, თუმცა ეს უფრო ხასიათის სიმტკიცე იყო: მატჩის ბოლო დამატებული წუთი მიდიოდა, როცა კიჭი მელიავამ თავზე დაასვა ბურთი ცოტნე ჩოთალიშვილს, რომელიც მატჩის გმირი გახდა _ მისმა გოლმა ლანჩხუთელებს ყველანაირა მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა…

თბილისელთა რიგებში არ უთამაშია “გურიას” ექს-კაპიტანს, ბექა ბერიძეს, რომელიც “ორბის” ერთ-ერთი ლიდერია.

ზოგადადაც, ორივე გუნდს, უმეტესად ტრავმის მიზეზით, არაერთი წამყვანი მოთამაშე აკლდა.

მოულოდნელად, წაიფორხილეს „იბერია 1999“_მა და „ვიტ ჯორჯიამ“ და „გურია“ შესვენებასაც, სავარაუდოდ, მეორე ადგილზე შეხვდება…

შემდეგ შეხვედრას, გურულები შინ გამართავენ: 15 ივნისს _ ხაშურიას „ივერიასთან“.

28.05.2026 | თბილისი, „შატილი“ | „ორბი“ 1:2 „გურია“

0:1 ქოქოსაძე (20′), 1:1 ხარაიშვილი (87′), 1:2 ჩოთალიშვილი (90+4)

„გურია“: ისიანი, მელიავა, იაშვილი, კაკუბავა, ნოზაძე, მაისაშვილი, სიჭინავა, შარვაძე (83. კახაბრიშვილი), გამბაროვი (65′ ჩოთალიშვილი), ჩაგანავა, ქოქოსაძე (58′ ხუნდაძე)