ჰეი, ვინ მოდის მანდ, მომავლიდან? გურული ჭაბუკები ბეგი სიხარულიძის სახელობის თასს დაეუფლენ _ გვიმბალაურმა ოთხთა ტურნირს უმასპინძლა

|

Loading

გურია ბეგის სიხარულიძის თასის მფლობელია!

ლანჩხუთმა „გურიას“ ლეგენდის, ბეგი სიხარულიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირს უმასპინძლა. სასიხარულოა, რომ წარმატებას იმ გუნდმა მიაღწია, რომელსაც თავისი ცხოვრება მიუძღვნა კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატების მთავარმა შემოქმედმა.

გურიის ფეხბურთის რეგიონალურ ფედერაციას (გრფფ) „გურიას“ გამორჩეული ფეხბურთელისა და მწვრთნელის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ტურნირი ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ, სამწუხაროდ, წინა კვირაში ლეგენდამ დაგვტოვა…

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ გრფფ ნამდვილად სამაგალითო და საშურ საქმეს აკეთებს _ სახელოვან ვეტერანებსაც არ ივიწყებს და ჭაბუკებსაც დიდ სტიმულს აძლევს. ამაში მას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი ეხმარება.

სფფ-ის საფეხბურთო ცენტრმა, რომელიც გვიმბალაურში მდებარეობს, ორი დღის მანძილზე, ოთხი რეგიონის _ გურიის, აჭარის, სამეგრელოსა და იმერეთის ჭაბუკთა ნაკრებებს უმასპინძლა.

პირველ დღეს გურიამ 6:0 დაამარცხა იმერეთის გუნდი. დუბლი მათე ჟღენტმა შეასრულა, თითო გოლი გაიტანეს დათო სანაძემ, გელა გუჯაბიძემ, თორნიკე კუკულაძემ და ოთო ჯინჭარაძემ.

ვიცე-ჩემპიონი აჭარა და მესამე პრიზიორი სამეგრელო

დიდი ანგარიშით გაიმარჯვა ნახევარფინალი აჭარის გუნდმაც _ 5:0 მოუგო სამეგრელოს.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მეგრელებმა 4:2 დაამარცხეს იმერლები და საპრიზო ადგილს დაეუფლნენ.

ფინალი დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. გუნდებმა გოლები პენალტებით გაცვალეს: ლანჩხუთელთაგან თორნიკე კუკულაძემ გაიტანა, ბათუმელმა საბა ჩაკვეტაძემ კი გაათანაბრა.

გურულებმა უკეთ შეასრულეს პენალტები და 3:1 მოიგეს. მათ ბეგი სიხარულიძის სახელობის თასი ლეგენდის შვილიშვილმა, სოსო ჟორდანიამ გადასცა.

ტურირის საუკეთესო მეკარედ გურიის ნაკრების კარის დარაჯი დათა პატარაია დასახელდა _ ჯილდო მან „გურიას“ ყოფილი მეკარის, ლანჩხუთის ქალთა გუნდის მწვრთნელის, გიორგი ჩხაიძისგან მიიღო.

საუკეთესო ნახევარმცველის პრიზი სამეგრელოს ნაკრების წევრმა, გიორგი ხურცილავამ დაისაკუთხრა, რომელიც „გურიას“ ასევე ყოფილმა ფეხბურთელმა, სულხან წილოსანმა გადასცა.

გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით მუჯირმა საუკეთესო თავდამსხმელის პრიზით დააჯილდოვა საბა ჩაკვეტაძე (აჭარა), რომელიც ასევე ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ორგანიზატორებმა საუკეთესო მწვრთნელიც დაასახელეს _ იმერეთის ნაკრების თავკაცმა, ზურაბ გარუჩავამ ჯილდო ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლის დირექტორ ზაალ სანაძისგან ჩაიბარა.

„გურიას“ სპორტულმა დირექტორმა, ანდრო ნემსაძემ ლეო ჟორდანიას ფონდის მიერ საუკეთესო ფეხბურთელისათვის დაწესებული პრიზი გურიის ნაკრების წევრს, გელა გუჯაბიძეს გადასცა.

იმერეთის ნაკრები

გურული ფეხბურთის მესვეურების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამჯერადაც ტურნირი მაღალ დონეზე ჩატარდა. გრფფ-ის პრეზიდენტი დიმიტრი მუჯირი და გენმდივანი თემურ ალექსაია პირადად იყვნენ ჩართული მის ორგანიზებაში. ცალკე უნდა გამოვყოთ მარინე ჩაგნავა, ვისთანაც მუშაობა, განსაკუთრებით მედიისთვის, დიდი კომფორტია.

ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ „გურია თუდეი“, წლებია, გრფფ-ის ეგიდით ჩატარებული ტურნირების საინფორმაციო მხარდამჭერია.