რატომ არ თამაშობენ შარაშენიძე და წილოსანი? „ბეთლემთან“ შეცდომებზე ვერ ვისწავლეთ _ „გურიამ“ „გარდაბანსაც“ ვერ მოუგო…

|

Loading

გურია - გარდაბანი | გელა პატარაიას ფოტო

„გურიამ“ ისევ ვერ მოიგო საშინაო შეხვედრა _ ფოთში, 0:0 უკვე ზედიზედ მეორედ ითამაშა, როცა მთელი თამაშის მანძილზე დიდ უპირატესობას ფლობდა.

მეტიც, ამჯერად მომენტების შექმნაც გაუჭირდა და იმატა ტექნიკურმა წუნმა _ რაც დრო გადიოდა, სულ უფრო მეტ შეცდომას უშვებდნენ შეტევაში გადასული გურულები.

ამას ბოლოსკენ წითელი ბარათიც მოჰყვა _ იქეთ რომ უნდა შეგვეტია, აქეთ მოგვიხდა ჩაშლა _ ამან დრო და მომდევნო შეხვედრისთვის კიჭი მელიავა წაგვართვა.

მოჩქარეს მოუგვიანდესო,ამაზეა ნათქვამი: თუ გუნდი სწრაფ გოლს (პირველ 15 წუთში) ვერ გაიტანს, რაც დრო გადის, ფსიქოლოგიურად უფრო და უფრო უჭირს.

ადრიანად ჩქარობს და ამას ხარისხიანის ნაცვლად, ქაოსური შეტევები მოაქვს.

თუ მეტოქემ „ავტობუსი ჩაგიყენა“, მოგჭამა ჭირი _ „გურია“ ვერ ახერხებს მეტოქის კართან „მისასვლელი გზის“ ნახვას.

არადა, სხვა 3 შეხვედრაში ლანჩხუთლებმა 13 გოლი გაიტანეს.

როცა უპირობო ფავორიტად ითვლებოდა, იქ გაუჭირდა და ვერც ლიდერობა იკისრა ვინმემ.

ასეთ თამაშებში თემურ შარაშენიძე და ვანო წილოსანი მისწრებაა, გულშემატკივარი აქტიურად ითხოვს მათ მოედანზე გამოჩენას. თუმცა როგორც ცნობილია, ორივე შემტევს ტრავმა აწუხებს და განაცხადშიც ამიტომ არ შეჰყავთ.

„გურია“ მეოთხე ადგილზეა, თუმცა 1 თამაში გამოტოვებული აქვს

წესით, მათ გარეშეც, უნდა მოახერხოს „გურიამ“ ასეთი თამაშების მოგება _ გუნდი მესამე ლიგისთვის ზედმეტად, გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.

თითქოს დაგვირგვინება გვაკლია, მაგრამ პრობლემა უფრო სხვა ჩანს, ვიდრე ე.წ. „ფინიშერის“ დეფიციტი _ გამტანამდე ბურთს მიტანა ხომ უნდა?

პრინციპში, მიგვაქვს, ოღონდ… საჯარიმომდე. იქ კი ვერ ვპოულობთ საგოლე სივრცეებს.

ეს სათამაშო ოსტატობაზე მეტად ფსიქოლოგიური მომენტი უნდა იყოს.

თუმცა ის გზაც მოსაძებნია, სწრაფი გოლი თუ ვერ გავიტანეთ, რამენაირად რომ მოვახერხოთ მეტოქის დაცვაში ხვრელის ნახვა.

თორემ „დაცვიდან“ სხვაც ბევრი გვეთამაშება, მით უმეტეს, „გემო უკვე გაუგეს“, რომ ამას მათთვის შედეგის მოტანა შეუძლია…

რა თქმა უნდა, საქართველოში მსაჯობა სერიოზული პრობლემაა, „შავოსნებს“ იაღლიში ამ შეხვედრაშიც მოსდიოდათ, მაგრამ „გურიასთვისაა“ უკეთესი, თუ მათზე გადაბრალებით თავს არ დავიმშვიდებთ…

რა თქმა უნდა, საგანგაშო არაფერია _ 5 შეხვედრაში „გურიამ“ 11 ქულა მოაგროვა, 13 გოლი გაიტანა, 4-ჯერ კი კარი „მშრალად“ შეინახა.

დიდი პლუსია ისიც, რომ მომდევნო საშინაო შეხვედრას უკვე ლანჩხუთში ვითამაშებთ.

ამას აქვს მნიშვნელობა, მიუხედავად იმისა, რომ წინა შეხვედრებში, „ფირალების“ აქტიურობით, „გურია“ ტრიბუნაზე ისედაც დიდ უპირატესობას ფლობდა…

16.04.2026 | ფოთი. ფაზისი | გურია 0:0 გარდაბანი

გურია: ისიანი, მელიავა, იაშვილი, კაკუბავა, მაისაშვილი, კახაბრიშვილი (88′ ოქროპირიძე), სიჭინავა, ჩოთალიშვილი (88′ კოკაია), არველაძე (46′ ქოქოსაძე), გამბაროვი (69. შარვაძე), კაპანაძე (73′ ხუნდაძე)