„მაგარი ბიჭები და გოგოები ხართ? მე თქვენ გეკითხებით, მაგრები ხართ? მაშინ აღდგომას შუხუთში ჩამოდით და ლელო ითამაშეთ, მაშინ მიხვდებით, სამშობლოს სიყვარულს თუ გრძნობთ. აღდგომას გელით შუხუთში, ვისაც გული და ძალა გერჩით. თქვენი ოფლის სუნით გაჟღინთეთ ლელოს როკვა… და როცა გულს იჯერებთ ნამდვილი ლელოთი, ძვალ-რბილიც დაგეჟეჟებათ თამაშისას. მერე ლელოს ბურთს გაჰყვებით უკან ანთებული სანთლებით და სულთათანას ეტყვით მიცვალებულის საფლავს“ _ ეს შუხუთელი ლელობურთელისა და ჩვენი კოლეგის, თამაზ იმნაიშვილის სიტყვებია, წლების წინ ნათქვამი და ზუსტად ასახავს, თუ რას ნიშნავს ქართული სული ერთ პატარა სოფელში, რომელსაც შუხუთი ჰქვია…
წაიკითხეთ: ლელო ომია იგივე, თამაშად ქცეული… მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოიგებს _ მთავარია ბურთი გავარდეს!
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ადასტურებს, რომ წელს ლელობურთი არ ჩატარდება და ამის მიზეზად შუხუთის მოსახლეობის ინიციატივას ასახელებს _ საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების და პატივისცემის მოტივით.
წაიკითხეთ: „გურია თუდეის“ ინფორმაცია ლანჩხუთის მერიამ დაადასტურა: წელს, შუხუთში ლელობურთი არ გაიმართება!
რა თქმა უნდა, ამაში გასაკვირი არც არაფერია _ საქართველო განსაკუთრებულად გამოემშვიდობა სულიერ მამას და სოფელში, სადაც სახალხო დღესასწაული წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარედ, აღდგომის დღეს ტარდება, ჰქონოდათ სურვილი, უწმინდესისა და უნეტარესის სხოვნისადმი პატივი ასე გამოეხატათ.
წესით, დღეს გაცხადებული ამბავი, რომ ლელობურთი არ ჩატარდებოდა, ადგილობრივ ხელისუფლებას მინიმუმ 2 კვირის წინ უნდა ჰქონოდა გადაწყვეტილი _ ამას ადასტურებს სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე შესაბამისი ტენდერის გამოუცხადებლობა. შუხუთის სახალხო დღესასწაულის ორგანიზებისთვის შარშან 50 ათას ლარამდე დაიხარჯა. 5 ათას ლარზე მეტი ღირებულების შესყიდვა კი, ტენდერს მოითხოვს.
ცნობისთვის: ლელობურთი ადგილობრივ ბიუჯეტს 2025 წელს 48 400 ლარი დაუჯდა, 2024-ში 20 ათას ლარამდე, ხოლო 2023 წელს _ 9645 ლარი. სამივე შემთხვევაში ტენდერი კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებამ სახალხო დღესასწაულამდე მინიმუმ 20 დღით ადრე გამოაცხადა.
ანუ მერიას არაუგვიანეს 24 მარტისა (წინა წლების მინიმუმ 20-დღიან ვადას თუ დავთვლით) გადაწყვეტილი უნდა ჰქონოდა, რომ ლელობურთს არ ჩაატარებდა.
სხვა შემთხვევაში, ლელობურთის ჩატარებაზე ტენდერი უნდა გამოცხადებულიყო, რადგანაც ადგილობრივი ხელისუფლება ვერ იწინასწარმეტყველებდა, რას მოითხოვდა შედგომში მოსახლეობა. ან ასეთი ინიციატივა რომ არ ყოფილიყო, მაშინ რა მოხდებოდა?
თუ შუხუთის მოსახლეობამ ინიციატივა 24 მარტამდე გამოხატა, მაშინ საინტერესოა, რატომ აქამდე არ გამოცხადდა ამის შესახებ. წინა კვირაშიც კი, მერიაში მედიას უთხრეს, რომ გადაწყვეტილება ამ დღეებში გახდებოდა ცნობილი.
ამ თემაზე რომ განსხვავებული აზრი არსებობს, ამაზე ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე გაკეთებულ კომენტარებშიც აშკარად გამოჩნდა.
მართალია, ლანჩხუთის ხელისუფლება ადგილობრივ მედიას არ წყალობს და ალბათ, არც კითხულობს (სამი გაზეთიდან რომელიმეს 1 ეგზემპლარიც კი არ აქვს გამოწერილი), მაგრამ ფაქტია, ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებების გაგება სწორედ აქაა შესაძლებელი და არა ლანჩხუთელებისთვის უცნობ ვებგვერდებზე, სადაც რამდენიმე ათას ლარს იხდიან იმ ბიუჯეტიდან, რომელსაც წლიურად 250 ლარი „არ აქვს“ 3 ადგილობრივი გაზეთის გამოსაწერად.


ლელობურთის ერთადერთი პრიზი გარდაცვლილის საფლავზე ატანილი ბურთი და მისი შესანდობარია | გიორგი გოგუას ფოტოები
„გურია თუდეის“ ფეისბუქ-გვერდიდან გთავაზობთ განსხვავებულ მოსაზრებებს. აქვე სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ბევრი ისეთი კომენტარიცაა, გადაწყვეტილებას რომ იწონებს: ნაწილს გულწრფელად ასე მიაჩნია, ნაწილი კი ისაა, ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება „დაუფიქრებლად რომ მოსწონს“ და ნებისმიერი ოდნავ განსხვავებული პოზიციაც კი მტრობა ან „მაგი ნაციონალი ყოფილა“ ჰგონია.
რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხარდამჭერებშიც არიან ისეთებიც, რომლებსაც განსხვავებული პოზიცია აქვთ. ერთ-ერთია ყოფილი პარლამენტარი დავით ლორთქიფანიძე: „ჩემს მოკრძალებულ აზრს ვიტყვი. პირველი ის, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციაა, სადაც სჩანს ქართული/გურული სული და მეორეც, არ ვიცი ზუსტი მიზეზი თუ რის გამო ვერ მოეწყობა წელს, მაგრამ როგორც დაიწერა, ტენდერის გამოო, უკაცრავად, მაგრამ, მე ბევრად მაღალი აზრისა ვარ გურულ ბიზნესმენებზე, არა მგონია, ამ ტრადიციული ღონისძიების ჩატარებაში არ მიიღოონ მოკრძალებული წვლილი“ _ დაწერა ექს-პარლამენტარმა და როცა მიზეზი გაიგო, დაწერა, რომ თავად არის სოფელ სალხინოში სახალხო დღესასწაულის ორგანიზატორი და მის ჩატარებას წელსაც აპირებს.
მეტიც, თუ ლელობურთი არ გაიმართება, გურულებს ჩვენთან გეპატიჟებითო: „პირადად ჩემი ინიციატივით, უკვე ათწლეულებია, ვანის ულამაზეს სოფელ სალხინოში, ყოველ აღდგომას ვატარებთ საფეხბურთო დერბის/გარდამავალ თასს, ყველა მიცვალებულთა მოსაგონებლად და მეუფის ნაკურთხ მოსახსენიებელ წიგნში ყველა მომსვლელს შეუძლია ბოლო წელიწადში გარდაცვლილი ახლობლის სახელი და გვარი შეიტანოს, რომელთაც შემდეგ მთელი წლის მანძილზე მოიხსენიებს ეკლესია. ხალხი ელოდება ყოველ წელს და არა მგონია, ასეთი ღონისძიების გაკეთება წელსაც, რაიმე სახით უპატივცემულობის გამოხატვად ჩაგვითვალოს საქართველოს ეკლესიამ და მოსახლეობამ. მინდა ზედმიწევნით ზუსტად გამიგოთ, მე მხოლოდ ჩემს პოზიციას გამოხატავ და თუ თქვენთან,,ლელობურთი” ვერ გაიმართება, პატივისცემით გეპატიჟებით ვანში, სოფელ სალხინოში“ _ წერს „ქართული ოცნების“ „2012-იანელების“ წარმომადგენელი „გურია თუდეის“ ფეისბუქ-გვერდზე, კომენტარების ველში.
გადაწყვეტილება არ მოსწონს ქეთევან იმნაძეს _ ლანჩხუთში კოლორიტული ოჯახის წარმომადგენელს, რომელიც მშობლების ტრადიციას აგრძელებს და უანგაროდ აკეთებს ბევრ კარგ საქმეს მუნიციპალიტეტის წარსულის გახსენებისა თუ პოპულარიზაციის საქმეში: „არასწორი გადაწყვეტილებაა!… ლელობურთი ტრადიციული და ისტორიულ მოვლენებზე დაფუძნებული დღესასწაულია და აქ პატრიარქის ყოფნა თუ არყოფნა, ან მისი გლოვა არაფერ შუაშია!…მთლად ყველაფრის ასე გადაფარვა, სულ ცოტა, უხერხულიც კია, თუ დავფიქრდებით!“
ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი წევრი მერაბ წილოსანიც იმავე მოსაზრებისაა: „ტრადიცია არ უნდა დაირღვეს, ლელო თამაში არაა მხოლოდ, სამშობლოს გმირების საპატივცემულო ღონისძიებაა. ცხონება პარიარქს, დიდება გმირებს”.
ვნახოთ, რას ამბობენ სხვა ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ლელობურთი უნდა ჩატარებულიყო.
ბადრი კვიჭიძე: „პირიქით, წელს უფრო უნდა ჩატარდეს და იგი პატრიარქის ხსოვნას უნდა მუეძღვნას! ეს არის სწორი!“
გიო ჟღენტი: „არაა აუცილებელი ტაშ-ფანდურის გამართვა, ჩატარდეს მხოლოდ ლელობურთ. ეს იქნება ტრადიციის გაგრძელება, ამით არც პატრიარქის გარდაცვალებას ვივიწყებთ და არც გლოვას“.
ბაჩო მელქაძე: „რა სისულელეა, კონცერტებს ატარებენ, რესტორნებს თავზე იმხობენ… ან ხელისუფლება როდის იყო ატარებდა (აქ ვერ დავეთანხმებით, ადგილობრივი ხელისუფლება ყოველთვის უკეთებდა ორგანიზებას, რადგან ლელობურთი მხოლოდ უშუალოდ თამაში არაა და ბევრი ხარჯი ახლავს _ რედ.), ლელოს თამაშობს გულანთებული გურული ხალხი“.
მარიამ პატარაია: „თავს იშტერებთ, ფული ენანებათ და მიაწერეს, პატრიარქის გამოო. პატრიარქის გარდაცვალების მერე თბილისშიც უამრავი რამე ჩატარდა“.
სერგი წილოსანი: „ლელოს ჩატარება აღდგომა დღეს მისი მაშტაბურობის გასაზრდელად ხდება. ამ დღეს თითქმის ყველა უბრუნდება თავის ფესვებს და პატივს მიაგებენ თავიანთ მიცვალებულს. შესაბამისად, აქვთ საშუალებაც გახდნენ ლელობურთის მონაწილეები. მაყურებელიც კი მონაწილეა, იმდენად დიდი მუხტის მატარებელია ეს პროცესი. ლელოს არჩატარება გლოვასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. პატივისცემა პატრიაქისადმი სხვა ფორმით უნდა გამოვხატოთ, მისი სიტყვები და ქადაგება უნდა გვახსოვდეს და ცხოვრებაში რეალობად ვაქციოთ. 9 აპრილის სიტუაცია სხვა რამე იყო, სხვა დროება იდგა მაშინ და ამ ორ მოვლენას შორის პარალელის გავლება არასწორია. ლელო უნდა ჩატარდეს! პატრიარქს პატივი ყველამ ჩვენი მოქმედებით მივაგოთ და პირველ რიგში ერთმანეთს ვცეთ მეტი პატივი,მეტი სიყვარული გამოვხატოთ და სიძულვილი უკუვაგდოთ“
ლალი ხუხუნაიშვილი: „უნდა ჩატარებულიყო და ბურთი პატრიარქის საფლავზე დადებულიყო!“
საინტერესოა, რას ფიქრობს ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი გია გოთუაც, რომელიც იქვე ახლოს ცხოვრობს და ამ კუთხით, ბევრის მნახველიცაა: „გარდაცვლილების საპატივცემულოდ და ხშირად მათი ოჯახის წევრების და ახლობლების მონაწილეობით იმართებოდა ლელო და ყველაფერი ბურთის სასაფლაოზე ატანის რიტუალით სრულდებოდა“.
აქედან, ამ კითხვასაც აქვს არსებობის უფლება: რატომ უნდა გაუქმდეს ლელობურთი პატრიარქის ხსოვნის მიზეზით, როცა თავად ტრადიცია მიცვალებულის პატივისცემას ემსახურება და ერთადერთი პრიზი/მიზანი გარდაცვლილის საფლავზე ატანილი ლელოს ბურთი და მისი შესანდობარია?
თუმცა, ფაქტია, წელს ლელობურთი არ გაიმართება და განსხვავებული პოზიციის არსებობის მიუხედავად, გაჟღერებული ინიციატივა თუ ნამდვილად შუხუთის მოსახლეობისგან მოდის, პატივისცემას იმსახურებს და ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებაც დასაფასებელია, ხალხის მოთხოვნას ყური რომ უგდო.
ასევე წაიკითხეთ: „გურია თუდეის“ ინფორმირებული წყარო: შუხუთში ტრადიციული სახალხო დღესასწაული _ ლელობურთი წელს არ ჩატარდება




