„გურია“ არამხოლოდ დღევანდელი მატჩის ფავორიტი იყო, არამედ ზედა ლიგაში დაწინაურების მთავარი პრეტენდენტია. გუნდმა გამოცდილი ფეხბურთელები დაიმატა, ნაყოფიერი მოსამზადებელი შეკრებაც გაიარა და როგორც მთავარი მწვრთნელი გოჩა ტყებუჩავა ამბობს, სრულ მზადყოფნაში არიან და არანაირი ხელისშემშლელი მიზეზი არ არსებობს, რომ დიდი ტრადიციების მქონე გუნდმა ქართულ ფეხბურთში თავისი ადგილი დაიბრუნოს.
რა თქმა უნდა, ერთი გამარჯვება არაფერს წყვეტს, მაგრამ სასტარტო თამაშმა გამოაჩინა, რომ „გურიასთან“ შებრძოლება რთული საქმე იქნება და ყველას გაუჭირდება.
4:1 ნამდვილად ჩინებული სტარტია ქვეყნის ერთ-ერთ ტიტულოვან გუნდთან, რომელიც, ლანჩხუთელთა დარად, მესამე ლიგაშია და ალბათ, „ლოკომოტივიც“ შეეცდება, დაწინაურებაზე იფიქროს.

I ტურის შემდეგ, სამეულში „გურია“ და ლანჩხუთელების გუნდები არიან
სხვათა შორის, ლანჩხუთის კლუბმა, გახსნის მატჩი დიდი ანგარიშით, სტუმრად პირველად მოიგო…
გურულებმა ანგარიში მე-13 წუთზე გახსნეს _ თავი თორნიკე კაპანაძემ გამოიჩინა. მალევე მისი იძულებითი შეცვლა მოუწიათ მწვრთნელებს. მის ნაცვლად მოედანზე გამოსულმა ლუკა ქოქოსაძემაც გაიტანა, როცა ტაიმის მიწურულს ანგარიშს სოლიდური სახე მისცა, 3:0.
მანამდე კი კახა კახაბრიშვილმა გაზარდა უპირატესობა. მან თავი 35-ე წუთზე გამოიჩინა.
მეორე ტაიმის დასაწყისში დათა სიჭინავამაც გაიტანა და 4:0-ზე სტუმრებმა ძალების დაზოგვა დაიწყეს.
თბილისელებმა ორი შანსიდან ერთი გამოიყენეს, იქამდე კი 11-მეტრიანი ნიშნულიდან ლევან ისიანის კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრეს.
„გურიამ“ 4:1 მოიგო და ჩემპიონატში დამაჯერებელი სტარტი აიღო.
სწორედ ბურთების სხვაობისა და მეტი გატანილი გოლის წყალობით არიან გურულები ცხრილის სათავეში. მათ გარდა კიდევ 4 გუნდს აქვს 3-3 ქულა. მეორეზე მყოფ „ორბისაც“ +3 აქვს ბურთების ბალანსი, მათ 3:0 მოიგეს. აქედან 2 გოლი „გურიას“ ექს-კაპიტანმა ბექა ბერიძემ გაიტანა: ჯერ საჯარიმო დარტყმა გამოიყენა, მეორედ კი ისეთი გაიტანა, ტოპ-ლიგებსაც რომ დაამშვენებდა _ ერთი შეხებით შორეულ კუთხეში „ჩააჭედა“.
შეგახსენებთ, რომ „ბერო“ ამპლუით მცველია და მსგავსი შედევრებით ცნობილია: 2023 წლის სეზონში მისი გოლი საუკეთესოდ დასახელდა _ მაშინ მშობლიურ კლუბში თამაშობდა და „მაჭახელას“ მეკარეს ლამის ცენტრიდან გადაუგდო თავზე ბურთი.

„გურია თუდეის“ ფეისბუქ-გვერდის ქარდი | ლანჩხუთის 5 მარტი: „გურიას“ _ 4:1, ბექა ბერიძის შედევრი + გოლი და ავთო ებრალიძის სადებიუტო + 2A
კიდევ ერთმა ლანჩხუთელმა გამოიჩინა თავი _ „გონიოში“ დებიუტი გოლით და 2 ასისტით აღნიშნა ავთო ებრალიძემ, რომელიც ბოლო წლებში უცხოურ კლუბებში გამოდიოდა და საქართველოს ნაკრებშიც აქვს ნათამაშები. მისმა გუნდმა 3:1 მოიგო და ახლა ცხრილში მესამე ადგილზეა.
აჭარულ გუნდში დებიუტი ჰქონდა „გურიას“ ყოფილ კაპიტან რატი იმერლიშვილსაც. დღევანდელ შეხვედრაში, სავარაუდოდ, ტრავმის გამო არ მიუღია მონაწილეობა კიდევ ერთ ლანჩხუთელს _ ლევან ინგოროყვას, რომელიც „გონიოს“ ლიდერად მიიჩნევა.
05.03.2026 | თბილისი, ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრი | ლოკომოტივი 1:4 გურია
0:1 კაპანაძე (13), 0:2 კახაბრიშვილი (35), 0:3 ქოქოსაძე (43), 0:4 სიჭინავა (51), 1:4 ვიბლიანი (74) | გამოუყენებელი პენალტი: შაშიაშვილი (66, ააცილა)
გურია: ისიანი, კაკუბავა, ნოზაძე, კახაბრიშვილი (77. ტაბატაძე), მაისაშვილი, კაპანაძე (23. ქოქოსაძე), სიჭინავა (59. შარვაძე), ჩოთალიშვილი (59. გამბაროვი), მელიავა, იაშვილი, ჩაგანავა (59. შარაშენიძე)




