დღეს, „გურია“ სეზონის პირველ შეხვედრას თბილისში, „ლოკომოტივთან“ გამართავს. ფანკლუბ „ფირალების“ ფესიბუქ-გვერდმა დათა სიჭინავასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც გუნდის ახალწვეული და კაპიტანი წინასასეზონო შეკრებაზე, მოახლოებულ მატჩსა და „გურიას“ მიზნებზე საუბრობს.
_ პირველ რიგში, როგორ შეაფასებ შენს გადმოსვლას ლანჩხუთის „გურიაში“ და რა ფაქტორმა გადაგაწყვეტინა კლუბთან შეერთება?
_ როცა კლუბიდან დამიკავშირდნენ და შევხვდით, გამაცნეს გუნდის სამომავლო გეგმები და ამბიციები. ეს ყველაფერი ძალიან დამაინტერესა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე კარიერა „გურიაში“ გამეგრძელებინა. დიდი მოტივაციით და პასუხისმგებლობით მოვედი ამ გუნდში.
_ როგორ ჩაიარა წინასასეზონო შეკრებამ? რა მხრივ დაინახე გუნდის ძლიერი მხარეები და რაზე გაქვთ კიდევ სამუშაო?
_ შეკრება ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა. გვქონდა კარგი პირობები, ხარისხიანი სავარჯიშო მინდვრები და პროფესიონალური მომზადება. მთლიანობაში, ყველაფერს დადებითად შევაფასებდი. რაც შეეხება გუნდს, ვგრძნობ, დიდ ერთიანობას და მონდომებას, თუმცა ყოველთვის არის მიმართულებები, სადაც განვითარება შეგვიძლია და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ.
_ შენ ცნობილი ხარ, როგორც ჯარიმების უბადლო შემსრულებელი. გულშემატკივრები უნდა ველოდოთ სტანდარტულებიდან გოლებს უკვე პირველივე ტურში?
_ მე ყოველთვის მზად და მოტივირებული ვარ გოლის გასატანად. ღმერთის წყალობით, როცა მოვა დრო, გოლებიც აუცილებლად იქნება. მთავარია, გუნდმა მიაღწიოს სასურველ შედეგს.
_ რა მიზნებით იწყებს სეზონს „გურია“ და პირადად შენ რა ამოცანას ისახავ საკუთარ თავთან?
_ გუნდის მთავარი მიზანი ერთია — მეორე ლიგაში გადასვლა. რაც შეეხება ჩემს პირად მიზანს, მინდა გოლებითა და შედეგიანი თამაშით მაქსიმალურად დავეხმარო გუნდს წარმატების მიღწევაში.
_ გუნდი უკვე ემზადება 5 მარტის მატჩისთვის თბილისში, სადაც მეტოქე „ლოკომოტივი“ იქნება. რას ელოდები ამ შეხვედრისგან და რამდენად პრინციპული მატჩი იქნება ეს თქვენთვის?
_ პირველი თამაში ყოველთვის რთულია. თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის. ერთს აუცილებლად დავპირდები გულშემატკივრებს — ლანჩხუთის „გურია“ ყველა მატჩში მხოლოდ მოსაგებად იბრძოლებს!
_ რა სათქმელი გაქვს გულშემატკივრებისთვის, განსაკუთრებით თბილისში მცხოვრები ლანჩხუთელებისთვის, რომლებიც 5 მარტს სტადიონზე გეგმავენ მოსვლას?
_ ჩვენი დიდი თხოვნა იქნება, ვინც შეძლებთ, მობრძანდით თამაშზე და გვიგულშემატკივრეთ. თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია! გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სტადიონიდან გახარებულები დაბრუნდეთ.




