16 წელი შენდებოდა, 2 მილიონამდე დაჯდა… ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი 85 წლისაა! [+ ისტორიული ფოტო _ 1936 წლის თეატრალური დასი]

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ლანჩხუთის თეატრი დღეს და 80 წლის წინ, 1937 წლის დასი

1937 წლის 28 თებერვალი – თარიღი, რომელმაც ფუნდამენტალურად შეცვალა ლანჩხუთის თეატრისა და ზოგადად, კულტურის ისტორია.

85 წლის წინათ, სწორედ ამ დღეს, მრავალწლიანი შრომის შემდეგ დასრულდა ეგნატე ნინოშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მშენებლობა და თეატრის სეზონი გაიხსნა შ. დადიანის სპექტაკლით ნინოშვილის გურია, რომელმაც მაყურებელზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. მუზეუმის ექსპოზიციაში, ექსპონატებს შორის საპატიო ადგილს იკავებს ზარი (და არა მარტო), რომელმაც საზოგადოებას თეატრის სეზონის გახსნა აუწყა.

ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის შესახებ, უტყუარ ცნობებს გვაწვდის ივანე ასკურავა, „ლანჩხუთის თეატრის ისტორიის“ ავტორი:

_ თეატრის ახალი შენობა თავიდან სახალხო სახლისთვის იყო განზრახული. კულტურის კერათა კომბინატი უნდა ყოფილიყო, სადაც იქნებოდა: თეატრი, კინო, ბიბლიოთეკა-სამკითხველო, კრებების დარბაზი და სხვ.

1921-1923 წლებში თეატრის მშენებლობა მხოლოდ მიწის სამუშაოებით და საძირკველის ამოყვანით დამთავრდა. შემდეგ შეჩერდა. მშენებლობის ფონდის გასაძლიერებლად დროგამოშვებით იმართებოდა საღამო-წარმოდგენები და ალეგრები.

1932-1933 წლიდან განახლდა თეატრის მშენებლობაზე მუშაობა. ამ წლებში ლანჩხუთში შეიქმნა მოედნები, სკვერები, ბაზარი განაახლეს. დიდი მშენებლობა გაჩაღდა ლანჩხუთში. მიდიოდა დაბის რეკონსტრუქცია და სამი-ოთხი წლის მანძილზე ქალაქმა საერთო სახე იცვალა. გადაახალისეს სადგურისკენ მისასვლელი გზა, შენობები გარემონტდა, ახალიც აიგო. დაიწყო ჩაის ფაბრიკის მშენებლობა. თეატრის გვერდზე ხმოვანი კინო-თეატრის შენობა იქნება, თეატრის წინ გაკეთდა სკვერი და მოედანი. თეატრის მშენებლობაზე 2 მილიონამდეა დახარჯული. თეატრის პროექტი შედგენილი იყო ახალგაზრდა არქიტექტორების: კირილე გვასალიასა და შალვა თავაძის მიერ, რომლებიც მშენებლობასაც ხელმძღვანელობდნენ. მშენებლობის დამკვრელი მუშები იყვნენ: ტექნიკოსი კოწია ორაგველიძე, თედორე ფოცხვერაშვილი, დურგალთა ბრიგადირები: ალ. ორაგველიძე და ირ. ფირცხალაიშვილი, მხატვარ-მღებავი _ იოსებ ბროვჩიკი, მძერწავთა ბრიგადირი _ იულიუს გენიგი, მოქანდაკე _ ალ. ლოჩოშვილი და სხვ.

დიდი ღვაწლი მიუძღვით საქ.კ.პ.(ბ) ლანჩხუთის რაიკომის მდივანს ამხ. აკაკი მახათაძეს და რაიაღმასკომის თავმჯდომარეს, ამხ. ლავრენტი სოსელიას. საქ. სსრ ცენტრ. აღმასრ. კომიტეტმა საპატიო სიგელით დააჯილდოვა: ამხ. მახათაძე, სოსელია, გვასალია და გენიგი. თეატრს მიენიჭა ეგ. ნინოშვილის სახელწოდება. თეატრის დარბაზი 650-კაცს იტევს. სცენა სავსებით მექანიზირებულია. სცენის გვერდებზე ორი მსახიობთა ფოიეა, სარეპეტიციო დარბაზი და სხვ. რუსთაველის სახ. თეატრმა დირექტორის ამხ. გოგი გუგუნავას ინიციატივით ლანჩხუთის თეატრს გადასცა ტანისამოსი, პარიკები, განათების საშუალებები და სხვ. მოამზდა სცენის მემანქანე იპ. ებრალიძე, გამნათებელი იმნაიშვილი, ამავე დროს, თავისი კადრებით მოაწყო მბრუნავი სცენა და მთელი ელექტრო მოწყობილობა. მარჯანიშვილის თეატრმაც გამოაგზავნა ტანისამოსი, რითაც გაამდიდრა თეატრის გარდერობი. საქ. სახელმწიფო კონსერვატორიამ თეატრს როიალი უძღვნა.

ლანჩხუთის თეატრალური დასი (1936 წლის დეკემბერი)
I რიგი: შ. თურნავა, შ. იმნაძე, ა. ქერქაძე, ვ. წულაძე, თ. კირთაძე, ნ. იმნაძე, ლ. თურნავა, ა. ჯორბენაძე, ნ. აღლაძე, ნ. ბარამიძე.
II რიგი: ნ. ჭყონია, რ. რუსია, ც. ჟორდანია, ფ. დიდია, ვ. აბაშიძე (სამხატვრო ხელმძღვანელი), დ. გოგიჩაიშვილი (დირექტორი), ი. ებრალიძე (რეჟისორი), გ. იმნაძე, ვ. კვაჭაძე.
III რიგი: ა. იმნაძე, უ. იმნაძე, ვ. გვარჯალაძე, ე. ებრალიძე, კ. ებრალიძე, ვ. დარსალია, კ. ცინცაძე, უცნობი, ა. წილოსანი, შ. ცინცაძე, მ. ურუშაძე, გ. ბარამიძე.
IV რიგი: მ. ჩხაიძე, რ. კალანდარიშვილი, კ. პატარაია, უცნობი, თ. ჟორდანია, უცნობი, დ. ჩარკვიანი, უცნობი, გ. ებრალიძე, ხ. ბეგალოვი, ს. ცინცაძე.

1937 წლის 28 თებერვალს დიდი ზეიმით გაიხსნა თეატრი. საზეიმო სხდომა გახსნა ამხ. აკ. მახათაძემ. მისალმებებით გამოვიდნენ: საქ. მწერალთა კავშირის და დრამატურგთა სექციის სახელით, რესპ. სახალხო არტისტი შალვა დადიანი, მახარაძის რ-ნის მშრომელთა სახელით რაიკომის მდივანი ამხ. მამია კილაძე, ფოთის მშრომელთა სახელით ამხ. შ. გეთია, ლანჩხუთის ჩაის ფაბრიკის მშენებელთა სახელით ამხ. შლიახტერი, საქ. სახკომსაბჭოსთან არსებულ ხელოვნების საქმეთა სამმართველოს სახელით ორდენისნები: აკ. ვასაძე, აკ. ხორავა, მანუელ აფხაიძე; ლანჩხუთის რ-ის სოფ. მამათის მილიონერი კოლმეურნეობის თავმჯდომარე ამხ. პლატონ კილაძე, ამავე რ-ის სოფ. ხიდმაღალას კოლმეურნეობის თავმჯდომარე ამხ. ნ.გოგუაძე, პროექტის ავტორი და მშენებლობის უფროსი ინჟინერი, არქიტექტორი კირილე გვასალია, თეატრის პროექტის ავტორი და მშენებლობის კონსულტანტი ამხ. შ. თავაძე.

თეატრის დირექტორად, სამხატვრო ნაწილის გამგედ და ხელმძღვანელად მიიწვიეს რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი ივანე აბაშიძე. მსახიობთა დასის შემადგენლობა: იესე ებრალიძე (პრემიერი და რეჟისორი), ვალოდია წულაძე, მიხ. იმნაძე, აკ. ქერქაძე, იაკინთე კალანდარიშვილი, ალ. ჯორბენაძე, ნიკანდრე იმნაძე,ვალოდია კვაჭაძე, ლილი თურნავა, თამარ კირთაძე, შურა იმნაძე, ფატი დიდია, ნინო აღლაძე, რისიმე რუსია, ალ. წილოსანი, შოთა ვაშალომიძე, ჟორა ბარამიძე და სხვ.

დასთან არსებობს ახალგაზრდა დამხმარე ძალების სტუდია 30-კაცის შემადგენლობით. მოცეკვავეთა წრის ხელმძღვანელი _ ვ. წულაძე; მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელი _ ბ. ლორია; მეჩონგურეთა ანსამბლის ხელმძღვანელი _ ცუნუ ჟორდანია; მუსიკალური ნაწილის გამგე _ გ. იაკობიძე, სცენის მემანქანე _ იპ. ებრალიძე, განათებაძე მომუშავე _ მ. იმნაიშვილი, დეკორატორი _ ბ. ლორია. პიესების მხატვრულ გაფორმებაზე ლანჩხუთის თეატრს მომსახურეობას უწევს რუსთაველის სახ. თეატრის მხატვარი – დიმ. თავაძე.

თეატრის გახსნისას წარმოდგენილი იყო შ. დადიანის ,,ნინოშვილის გურია” _ მძივები 4 მოქ. და 17-სურათად. მიმდინარე წლის რეპერტუარშია: ს. კლდიაშვილის „შემოდგომის აზნაურები”, პ. სამსონაძის ,,სალტე”, გ. ბუხნიკაშვილის ,,ნაბიჭვარი”, კორნეიჩუკის -„პლატონ კრეჩეტი” და გ. მდივანის „ბრმა” და „ალკაზარი”.

„გურია თუდეის“ მასალა მოაწოდა ვალოდია წულაძის სახელობის თეატრის მუზეუმის გამგე მაია ჩხაიძემ